საარჩევნო განგაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ატეხილი, პრობლემის მასშტაბს აღემატება

საარჩევნო განგაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ატეხილი, პრობლემის მასშტაბს აღემატება

არასამთავრობო სექტორი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს პრეზიდენტის კონტრასიგნაციას არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე ხელი არ მოაწეროს და მოტივირებული შენიშვნებით უკან დააბრუნოს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს მისსავე განკარგულებას, მინიმუმ ორ არგუმენტზე დაფუძნებული მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს. 

„სამართლებრივად გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ მის მიერ გამოცემული განკარგულება უნდა ამოქმედდეს არა კონტრასიგნაციის შემდეგ, დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე, არამედ 8 აგვისტოს. „წინასაარჩევნო კამპანიის“ შესახებ მუხლში, რომელიც გვაქვს „საარჩევნო კოდექსში“, პირდაპირ წერია, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. შესაბამისად, რას ეფუძნება მისი ამოქმედების გადავადების სურვილი, არის სრულიად გაუგებარი“, - აცხადებს ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პარტიები უკვე აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ხელისუფლება ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ეს კი ქმნის გაურკვევლობას და ვფიქრობ, დააზარალებს საარჩევნო გარემოსაც.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტი, ცოტა გაურკვეველია.

„როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა და არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დაასახელა, ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. აქ საუბარია არა არჩევნების თარიღზე, არამედ განმარტებაზე, რომ საარჩევნო კამპანია 8 აგვისტოს დაიწყოს. ეს მთლად სწორი გადაწყვეტილება არ არის. კონსტიტუციაში არის ასეთი განმარტება-პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნებს და არჩევნების დანიშვნის დღიდან იწყება საარჩევნო კამპანია. ცოტა დეტალურად არის შესასწავლი ეს საკითხი. განმარტება, რომ საარჩევნო კამპანია 8 აგვისტოს დაიწყოს, სამართლებრივად გამართული არ არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სტან საუბარში.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ხელისუფლება 8 აგვისტომდე დარჩენილ დროში, ადმინისტრაციულ რესურს ამ დროის განმავლობაში გამოიყენებს, ეს ასეც იქნება, თუ სამართლებრივი აქტი უცვლელად დარჩება.

„გულწრფელად რომ გითხრათ, იმან, რასაც ადმინისტრაციული რესურსის - შენობების, მანქანების, ფულის გამოყენებას გულისხმობენ, არ მგონია დიდი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. არ მგონია, დღეს “ქართულ ოცნებას” ისე უჭირდეს მატერიალურად, რომ სახელმწიფო რესურსი გამოიყენოს. რაც შეეხება ადამიანური რესურსის გამოყენებას, თუ ხელისუფლება ამაზე წავა, მისი გამოყენება ცოტა მოგვიანებით, არჩევნების თარიღის მოახლოებისას მოხდება“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. „პრეზიდენტი თუ საჭიროდ ჩათვლიდა, კონსულტაციებს გამართავდა დაინტერესებულ მხარეებთან. პრეზიდენტის განცხადებაში პრობლემა არის მხოლოდ 8 აგვისტო - საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, დანარჩენ შემთხავევაში, ვიმეორებ, მას არჩევნების თარიღის დანიშვნის ექსკლუზიური უფლება გააჩნია“, - აცხადებს ძაბირაძე

სოციოლოგ ვაკა გორგილაძეს მიაჩნია, რომ არასამთავრობებს აქვთ იმის შიში, რომ ხელისუფლებაში არსებული პარტიები უკვე არაფორმალურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში და სახელისუფლო რესურსით, მაქსიმალურად ისარგებლებენ.

„არასამთავრობოები თვლიან, რომ ის პარტიები, ვინც არიან ხელისუფლებაში - „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“და ა.შ - ისარგებლებენ არსებული ადმინისტრაციული რესურსით, ჩაერთვებიან არაფორმალურ საარჩევნო კამპანიაში და ამა სამ თვეს თავისი პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად და ლობირებისთვის გამოიყენებენ. თუკი არჩევნების თარიღი გამოცხადდა, საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს - 8 აგვისტოს დაკონკრეტებას აზრი აღარ აქვს, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ყველა უნდა დაემშვიდობოს ადმინისტრაციულ რესურსს, კოალიციაში შემავალი ყველა პარტია“, - აღნიშნავს გორგილაძე.

ექსპერტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, კომენტარი უნდა გაკეთებინა ან წინასწარ კონსულტაციები გაემართა.

„პრეზიდენტს კომენტარი უნდა მოეყოლებინა. არ მოაყოლა იმიტომ, რომ კონსულტაციები არ გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, გიორგი კვერენჩხილაძემ დატოვა საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. პრეზიდენტს სხვა ექსპერტებიც ჰყავს, მაგრამ ეს ხარვეზი კომუნიკაციის პრობლემამ გამოიწვია. მას ამ ვითრებაში, ალბათ კონსულტაციები უნდა ჩაეტარებინა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეეთანხმებინა ეს საკითხი და მოესმინა გარკვეული მოსაზრებები მათი მხრიდან. კიდევ ერთი მომენტი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შეყვანილი მინისტრები, ავტომატურად ემშვიდობებიან თანამდებობებს, ეს არ ეხება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. მაგრამ სანამ სიის ფორმირების პროცესი მორჩება, მანამ მათ ადმინისტრაციული რესურსი გააჩნიათ და გამოდის ისე, რომ გარკვეულწილად, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო მმართველ გუნდს“, -აცხადებს გორგილაძე For.ge-სთან საუბარში.

თუმცა, ექსპერტს მიაჩნია, რომ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი პროგრესული და პოზიტიურია.

„ამ შინაარსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე თვით არჩევნების თარიღის გამოცხადება, არის პოზიტიური და პროგრესული. პარტიები არჩევნების თარიღს მხოლოდ 60 დღით ადრე არ იგებენ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, მისი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, აქ მასშტაბებზეა მხოლოდ საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს განგაში რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ატეხილი, პრობლემის მასშტაბს აღემატება. ბევრად მეტი ხმაურია, ვიდრე ეს იქცევს ყურადღებას“, - აცხადებს ექსპერტი.