შალვა რამიშვილმა პროკურატურას მიმართა. მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვით ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედიდან“ მსახიობ თათია სამხარაძესთან, იგივე ტასო ბარნოვასთან სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო გაათავისუფლეს. რამიშვილის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებენ „იმედის“ ხელმძღვანელები. როგორც ცნობილია, შალვა რამიშვილსა და ტელეკომპანია „იმედს“ შორის საქმიანი ურთიერთობა 5 აპრილს დასრულდა. თუმცა, წერილში მიზეზები განმარტებული არ არის. ტელეწამყვანი ტელეკომპანიისგან განმარტებებს ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.
რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ჩანაწერი, რამიშვილი უკვე პროკურატურისგან ითხოვს რეაგირებას. როგორც რამიშვილი აცხადებს, ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო „რუსთავი 2 ის“ ზოგიერთი თანამშრომელი და მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი. რამიშვილი მოითხოვს, რომ „თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი, ან იცის მისი შინაარსის შესახებ, საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე.
„დიახ, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს, თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი.
ჩემამდე მოვიდა ცნობა, რომ თათია სამხარაძეს გააჩნია უკანონოდ მოპოვებული რაღაც ფარული ჩანაწერი, რომელიც ახდენს ჩემს კომპრომეტაციას, ან შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მე, რა თქმა უნდა, ჩემს თავს დამნაშვედ არ ვგრძნობ. შევიტანე განცხადება პროკურატურაში, რომ გამოიძიონ ეს საქმე და დაადგინონ ჭეშმარიტება. წარმოდგენა არ მაქვს, რა კადრებზე შეიძლება იყოს საუბარი. ჩემამდე მოვიდა ასეთი ჭორი, რომელიც მეტ-ნაკლებად დასაბუთებულია, რომ ეს ჩანაწერი ნანახი აქვს ნანუკა ჟორჟლიანს და „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შალვა რამიშვილი.
გარდა ამისა, რამიშვილი მიმართავს ტელევიზიის დირექტორს, უთხრას პირადად მას და იმ 50 თანამშრომელს, რომლებსაც შეუწყვიტეს კოტრაქტი და ასევე საზოგადოებას, გაეცნო თუ არა ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი.
„მივმართავ ყველას: თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული, მაშინ თქვენი ვალია, აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს, განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს.
მე მარჩიელობას ვერ დავიწყებ. მე ვარ მართალი კაცი, ვაკეთებ საჯარო განცხადებებს, მივდივარ პროკურატურაში და არ ვიმალები. ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს ჩემთან, გააკეთოს განცხადება. თუ არსებობს ჩანაწერი, თქვან, მოიტანონ ეს ჩანაწერი. ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ეს ჩანაწერი არ უნდა გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. ეს უნდა იყოს პროკურატურის და კომპეტენტური ორგანოების გამოსაკვლევი, იმიტომ რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და თუ რაიმე დანაშაული, ქმედება იკვეთება ჩანაწერში, ამაზე რეაგირებს მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურა და არა პრესა და მედია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შალვა რამიშვილი.
კითხვაზე, უკავშრდება თუ არა „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მსახიობ თათია სამხარაძესთან, იგივე ტასო ბარნოვასთან სექსუალური ძალადობის მცდელობას, რამიშვილი აცხადებს, რომ იმედის ხელმძღვანელობამ ისე გაუშვა 50 ადამიანი სამსახურიდან და ისე შეწყვიტა 5 კოტრაქტი, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ოფიციალურად არ გაუკეთებია.
„მიუხედავად ჩემი არაერთგზის მიმართვისა, „იმედი“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და მოდით იქნებ „იმედს“ კითხოთ, რას უკავშირდება. ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი ამ თემის გარშემო, მაგრამ ყველაფერს ჩემს იურისტებთან შეთანხმებით ვიტყვი საჭირო დროს, ისეთ დროს, როდესაც ეს ყველაფერი სამართლებრივად იქნება გამყარებული და, რაც მთავარია - ეფექტური. მე ჩემს უფლებებს ბოლომდე დავიცავ. მე ვარ მართალი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შალვა რამიშვილი.
გახდა თუ არა მსახიობი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ტელეწმაყვანისგან, ამის გარკვევას მსახიობისგან შევეცადეთ. თუმცა - უშედეგოდ. ქალბატონმა, რომელმაც მსახიობის ტელეფონზე გვიპასუხა, გვითხრა, რომ აღნიშნული ნომერი სამხარაძეს არ ეკუთვნის. ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული ნომერი სამხარაძეს, ეს ინფორმაცია შალვა რამიშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ნომერი ნამდვილად სამხარაძეს ეკუთვნოის.
for.ge ისევ დაუკავშირდა მსახიობს, თუმცაკვლავ - უშედეგოდ. საკითხის მნიშვნელობიდან გამოდმინარე, მოკლე ტესტური შეტყობინება გაუგზავნეთ, თუ რა საკითხზე გვენდოდა მასთან საუბარი. რამდენიმე წუთში იმავე ტელოფონიდან დაგვირეკეს.
-არ ვარ თათია. ნინო ვარ, მელაშვილი, ვინ გნებავთ, სად რეკავთ?
ეს ტელეფონი თათია სამხარაძეს, ანუ იგივე ტასო ბარნოვას არ ეკუთვნის?
-არა, ერთხელ უკვე გითხარით ქალბატონო და მეტი რა გავაკეთო!? სხვაგან მოხვდით.
და შალვა რამიშვილმა არასწორად მომცა ტელეფონის ნომერი?
-არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნინო ვარ მე და აქ მსგავსი არავინ არ არის.
გასაგებია. თქვენ არ იცნობთ თათიას?
-არა, ქალბატონო! გამაღვიძეთ! ნინო ვარ მელაშვილი გეუბნებით.
ამის შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ამბობს, რომ იყო თუ არა სექსუალური ძალადობის მცდელობა, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
„იმედი მაქვს, რომ გამოძიებული იქნება. თუ იყო ასეთი ფაქტი, ძალიან ცუდია, და თუ არ იყო, ესეც ცუდია. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა ითქვას, რა იყო შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობის შეჩერების რეალური მიზეზი. არსებობს კანონმდებლობა, სადაც წერია, რომ ადამიანი ერთი თვით ადრე უნდა ჩააყენო საქმის კურსში, რომ წყვეტ მასთან ხელშეკრულებას, და რატომ. შესაბამისად, შალვა ალბათ მოიგებს სასამართლოს. მთლიანობაში, არა მარტო შალვა, არამედ მაყურებელიც უნდა ვიყოთ იმის „ღირსი“ ვიცოდეთ რატომ შეწყდა ხელშეკრულება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიქოვანმა.
ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი თვლის, რომ ტელეკომპანია ვალდებულია გააკეთოს განმარტება, რა გახდა რამიშვილის გათავისუფლების მიზეზი. დაუსაბუთებელი სექსუალური ძალადობის მოტივით გათავისუფლება, არასერიოზულია.
„სს კოდექსით სექსუალური ძალადობა დასჯადია. თუ სექსუალური ძალადობა იყო, რა შუაშია „იმედიდან“ გათავისუფლება? ჯერ გამოიძიონ, დაამტკიცონ და შემდეგ გაათავისუფლონ სამსახურიდან. უკაცრავად და, დებილები ვართ, თუ რა ხდება? შალვა რომ ამ გოგოზე ძალადობდა, თვითონ იღებდა ვიდეოს, თუ ვინმე მესამე პირი ედგათ თავზე?
მაინტერესებს, როგორ იყო? შემდეგ, ეს გოგო დადიოდა და მასზე სექსუალური ძალადობის კადრებს სხვას აჩვენებდა, იმის მაგივრად, რომ პროკურატურაში წასულიყო? თქვენც ხომ ხვდებით, რაც ხდება? სიბრიყვის იქით არის ეს ყველაფერი. სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე? თქვას ტელეკომპანია „იმედმა“ გათავისუფლების მიზეზი. ქვეყანა ვართ თუ ჯაჯანაძის და ნანუკას შოუ? ვეღარ გავცდით ამ დონეს?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.