საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის ცენტრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანონ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ბენზინგასამართი სადგურების ადგილზე კუნძულებისა და შუქნიშნების მოწყობა იგეგმება.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, კვანძების მოწყობა ეხება სააკაძის მოედანს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, 26 მაისის მოედანს და, ასევე, რამდენიმე წერტილს დიღომში. პარალელურად, საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით მერია მიწის ზედა და ქვედა პარკინგების მოწყობასაც გეგმავს.
„ეკოტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საცობების პრობლემა თბილისში 2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო და, აქედან მოყოლებული, ადამიანთა უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებმა იმატა, რადგან გართულდა სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურების გადაადგილება.
თუ რატომ იმატა მაინცდამაინც 2014 წლიდან დედაქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობამ, ვასილ ურუშაძე ამას იმით ხსნის, რომ ჯერ კიდევ 2005 წლიდან ქვეყანაში, მათ შორის, თბილისში, ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 70-დან 90 ათას ერთეულამდე იზრდებოდა. 2012 წლის შემდეგ თბილისში ახალი შემოვლითი გზები, ხიდები, ესტაკადები არ აშენებულა და შედეგმაც არ დააყოვნა-ქუჩები გადაიტვირთა. დღეს უკვე მილიონ 200 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში, საგზაო ინფრასტრუქტურა კი იგივე დარჩა; ანუ დაირღვა ბალანსი ავტომობილების რაოდენობასა და საგზაო ინფრასტრუქტურას შორის.
„მუნიციპალური ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და მისი გაუმართაობა მოსახლეობას აიძულებს, გადაადგილდეს პირადი ავტომობილით, რაც ზრდის ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილების რაოდენობას. ამას ემატება პარკინგის პრობლემაც, დღეს თბილისში პარკირების ერთ ოფიციალურ ადგილზე მოდის 12 ავტომობილი. შესაბამისად, 11 მძღოლი ეძებს ალტერნატიულ ადგილს და ეს ადგილებია ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარი, სადარბაზოს შესასვლელი, გზის სავალი ნაწილი. რატომღაც ახლა საუბრობს თბილისის მერია ბენზინგასამართი სადგურების გადატანაზე. ამ დროს კი ზუსტად 2015 წელს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური გზის სავალ ნაწილზე სწორედ თბილისის მერის ნებართვით გახსნეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პირდაპირ ერთ ზოლზე იქმნება საცობი. შესაბამისად, დღეს თბილისის მერიის მიერ საუბარი იმაზე, რომ მოძრაობა განიტვირთება ბენზინსაგასამართების გადატანით, აბსურდია და ეს არ შეამსუბუქებს ვითარებას. თორემ ბენზინგასამართი ფეთქებადსაშიში სადგურები რომ არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი?!“ - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ.
რაც შეეხება ბენზინგასამართი სადგურების შუქნიშნებით ჩანაცვლებას, „ეკოტრანსპორტის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ თბილისის მერიამ ამ რამდენიმე თვის წინ დაიქირავა „გერმანული“ კომპანია, რომელიც მხოლოდ რუსულ ბაზარზე ოპერირებდა, მას რეკომენდაციებში გადაუხადა 40 ათასი ევრო და სწორედ მათ ურჩიეს, სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟება. არადა, ვინც საგზაო მოძრაობაში ოდნავ მაინც ერკვევა, ყველამ იცის, დამატებით შუქნიშანი და მოძრაობის შემაფერხებელი სხვა ფაქტორი საცობების წარმოქმნის პოტენციური მიზეზია. შესაბამისად, სააკაძის მოედნის განტვირთვის ერთადერთ საშუალებად რჩება ორდონიანი მოძრაობის მოწყობა, რაც შესაძლებელია ესტაკადებით, პანდუსებითა და გვირაბით, როგორც ეს გმირთა მოედანზე განხორციელდა. ამ მიდგომით შეიძლება განიტვირთოს მოძრაობა სააკაძის, 26 მაისის მოედნებზე, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბენზინგასამართი სადგურების გადატანამ შეიძლება დადებითი ეფექტი გამოიღოს, ოღონდ ეს პრობლემას არავითარ შემთხვევაში არ გადაწყვეტს. უბრალოდ, ეს პატარა შემსუბუქების წერტილები იქნება ისევე, როგორც დიდი სიმძლავრის ობიექტების ქალაქიდან გადატანა.
ზურაბ ბაქრაძის აზრით, დედაქალაქის განტვირთვა კომპლექსური სატრანსპორტო დაგეგმით შეიძლება და ამ დაგეგმის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ინდივიდუალური ავტოტრანსპორტის შემცირება.
„ესტაკადებით ქალაქის დახუნძვლა ძველი, 60-იანი წლების მიდგომაა. რატომღაც ამ მიდგომით შენდება ჩვენი დედაქალაქი დღესაც, რაც ინდივიდუალურ ტრანსპორტს კიდევ უფრო ამრავლებს. რაც უფრო მეტ გზას, ესტაკადას ავაშენებთ, უფრო მეტი მანქანა ივლის. ამის შესახებ მთელ მსოფლიოში იციან, ამიტომაც ქალაქებში არანაირ გზებს არ აშენებენ. სამაგიეროდ, უნდა გაიზარდოს და უკეთესი გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ ავტობუსით, ტრამვაით უფრო კომფორტულად მგზავრობენ, ვიდრე მანქანით; ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს სადგომები, ძალიან ძვირი უნდა ღირდეს ქალაქის ცენტრში მანქანის დგომა და ეს გადატანილი უნდა იყოს პერიფერიებში, სადაც ადამიანი მანქანას დატოვებს და ქალაქის ცენტრში სულ სხვა ტრანსპორტით შემოვა.
მნიშვნელოვანია, ასევე, ტაქსების შემცირებაც. ამასთან, ძველი მანქანების შემოყვანა, გადასახადების თვალსაზრისით, მომგებიანი არ უნდა იყოს, ეს უნდა მოიშალოს და რაც უფრო ძველია მანქანა, უფრო ძვირი უნდა ღირდეს მისი შემოყვანა; უნდა აიწიოს ბენზინის ფასმაც იმის ხარჯზე, რომ ბენზინი გახდეს ევროსტანდარტის. ამ კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ნაკლები ინდივიდუალური მანქანა გვექნება, მივიღებთ ბევრ საზოგადოებრივ სივრცეს, ხალხი ივლის ფეხით, ველოსიპედით, ტრამვაით და აღარ იქნება საცობები“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ და განმარტა, რომ ამას მიაღწია ბევრმა ქალაქმა და ყოველდღიურად პრესაში იბეჭდება ფოტოები, რომ ამერიკის რომელიღაც ქალაქმა ავტობანი გააუქმა, იმ ადგილას მწვანე სივრცე მოაწყო და ახლა იქ ხალხი ზის და ყავას სვამს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ უმახინჯეს ესტაკადებს ვაშენებთ. სხვათა შორის, ევროპამაც ააშენა ესტაკადები, დაიხრჩო იმ ესტაკადებში და მერე დაიწყო მათი დანგრევა. თანაც, იმ სიმაღლეზე „ადიან“ ეს ესტაკადები, რომ მეორე სართულამდე აღწევენ და ხალხს ფანჯრებიდან მოსვენებას უკარგავენ.