„შესაძლებელია, რუსეთის ეროვნული გვარდია საქართველოთიც დაინტერესდეს”

„შესაძლებელია, რუსეთის ეროვნული გვარდია საქართველოთიც დაინტერესდეს”

რუსეთი “ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად” ეროვნულ გვარდიას ქმნის. კრემლში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი ფედერალური ორგანო დაკავებული იქნება ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით.

„გადაწყვეტილება მიღებულია, შსს-ს ჯარების ბაზაზე ვქმნით აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ ფედერალურ ორგანოს – ეროვნულ გვარდიას, რომელიც ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით დაკავდება და, ამასთანავე, შსს-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გააგრძელებს იმ ფუნქციების შესრულებას, რომელსაც სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები ОМОН-ი, СОБР-ი და სხვები ახორციელებდნენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად პუტინმა არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი დანიშნა, რომელიც ბოლო წლებში შსს-ს შინაგანი ჯარის სარდალი გახლდათ, 2013 წლამდე კი – პრეზიდენტ პუტინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ პუტინთან ახლო ურთიერთობა ზოლოტოვს 1990-იანი წლებიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ეს უკანასკნელი სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის დაცვაში მუშაობდა.

პოლიტოლოგი, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლაი მირონოვი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ეროვნული გვარდიის შექმნა ორ ფაქტორს უკავშირდება: რუსეთის ელიტისადმი «ასაკობრივ» უნდობლობასა და არჩევნებს.

“ეს თავის ერთგვარი დაზღვევაა პუტინის მხრიდან. ვფიქრობ, ასაკის მატებასთან ერთად იგი სულ უფრო ნაკლებად ენდობა ყველას, გარდა უახლოესი გარემოცვისა. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქმე შს მინისტრ კოლოკოლცევისადმი განსაკუთრებულ უნდობლობაშია, უბრალოდ, ზოლოტოვს პუტინი უფრო მეტად ენდობა. ზოგადად, ასაკობრივად უნდობლობის ზრდა ბევრი მონარქის, პრეზიდენტის, ავტორიტარული მმართველის ლოგიკაში ჯდება“,-აცხადებს ნიკოლაი მირონოვი და მეორე ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო და 2018-ისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. შესაბამისად, მირონოვის აზრით, თუკი მასობრივი საპროტესტო აქციები 2011 წელს გაიმართა, რატომ არ უნდა გაიმართოს ასეთი საპროტესტო აქციები ახლა?! ასე რომ, პუტინი თადარიგს იჭერს და წინასწარ ემზადება არჩევნებისთვის.

მართლაც, მოგვიანებით პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ეროვნული გვარდია პასუხისმგებელი იქნება საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დაცვაზე.

ხომ არ გასცდება პუტინის მიერ შექმნილი ეროვნული გვარდია ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ჩარჩოს საკუთარ ქვეყანაში და ხომ არ გადაინაცვლებს ის სხვა ტერიტორიებზე?! რა საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობას, რომელსაც რუსული მხარე პერმანენტულად ვერ ივიწყებს? პანკისის თემა აქტუალურია სერგეი ლავროვის გამოსვლებშიც და სიტყვებში, რომ „ტერორისტული საფრთხეები პანკისის ხეობაში არ გამქრალა...” მოდის შეტყობინებები, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრები გამოიყენებენ რთულად მისადგომ რეგიონს იმისთვის, რომ გაიარონ წვრთნები, დაისვენონ და შეივსონ მარაგები“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და გამორიცხული არ არის, ტერორიზმთან ბრძოლის ფორმატში პუტინმა ახლად შექმნილი ეროვნული გვარდია გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის უახლოესი ტერიტორიის ფარგლებშიც. ასევე, ამ გვარდიას დაემორჩილება ჩეჩნური შენაერთებიც, რომლებიც ადრე იყვნენ შინაგანი ჯარის შემადგენლობაში, მათ შორის, „ზაპადი“ და „ვოსტოკი“ და ეს შეიძლება გასცდეს რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს. შესაბამისად, რუსული ეროვნული გვარდია, ეს სერიოზული შენაერთი, შესაძლოა, საქართველოსთვისაც საფრთხედ აღვიქვათ.

„ფაქტობრივად, ეს არის საკმაოდ დიდი ბრძოლისუნარიანი შენაერთი. აქ იგულისხმება სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების სამსახური, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში მონაწილეობს. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინმა ეროვნული გვარდიის მთავარსარდლად თავისი პირადი დაცვის უფროსი-გენერალი ზოლოტოვი დანიშნა. არც ის არის შემთხვევითი, რომ შინაგანი ჯარების ყველა ნაწილი  ამ ეროვნულ გვარდიას დაექვემდებარა; გარდა ამისა, ეროვნულ გვარდიას დაექვემდებარა ყველა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალა-ომონი, სპეციალური დანიშნულების რაზმები, ქვესაუწყებო დაცვის სტრუქტურები და სხვა“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, რუსეთის ეროვნული გვარდია საქართველოთიც დაინტერესდეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოში უფრო მოიკიდოს ფეხი.

„თქვენ გახსოვთ საუბრები, რომ რუსეთს სურდა, აქ შეექმნა ანტიტერორისტული ცენტრი და ზოგადად რუსები საუბრობდნენ იმაზეც, რომ პანკისიდან ემუქრებოდათ ტერორიზმის საფრთხე. ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ლოგიკურია, რომ პუტინმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელად თავისი ახლობელი დანიშნა, რადგან ვიქტორ ზოლოტოვს საკმაოდ დიდი ფუნქციები აქვს და პუტინს არ სურს, გარისკოს და პოტენციურად მისთვის ვინმე სახიფათო ადამიანს გადასცეს ეს პოსტი. თუკი დავიჯერებთ, რომ პუტინმა ტერორიზმთან ბრძოლის მანტია მოისხა, შესაძლოა, ეს იყოს დასავლეთისთვის ერთგვარი ნიშანი, რომ პუტინი ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ქვეყნის შიგნით ალაგმოს ეს პრობლემა. ეს მით უფრო აქტუალურია იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში უკრაინაში ჩადენილი საქციელის შემდეგ რუსეთი დასავლეთს აჩვენებს, თითქოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სანდო პარტნიორია“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ For.ge-სთან საუბარში.