რა შეიცვლება ბაღებში ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ

რა შეიცვლება ბაღებში ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ

პარლამენტის წევრების ,ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 15 კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. დეპუტატები ამ ფორმით სკოლამდელი განათლების კანონის დონეზე მოწესრიგებას და ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების როლის განსაზღვრას აპირებენ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისათვის, ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

“კანონპროექტით განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა. კანონპროექტით განმტკიცებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა სრული ჩართვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით ადრეული და სკოლამდებლი განათლების დაწესებულებებში იქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მშობელთა როლის გააქტიურების მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება, რომლის შვიდი წევრიდან ხუთი – მშობელი, ორი კი, დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი იქნება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროექტების მენეჯერი მაია ქურციკიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში როგორც კერძოში, ასევე საჯაროში, არსებობდეს კარგად გაწერილი სტანდარტები. ყველამ უნდა იცოდეს, რის მიხედვით უნდა ახორციელებდეს მომსახურების მიწოდებას. ამასთან, უნდა იყოს სრულყოფილი მექანიზმი, რომელიც ამ სატნდარეტების შეუსრულებლობისთვის მონიტორინგს განახორციელებს. “სწორედ ეს იყო პრობლემა საქართველოში რომ აქამდე არავინ არ ამოწმებდა როგორ სრულდებოდა ეს სტანდარტები”, - ამბობს ქურციკიძე.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა. ფონდის წარმომადგენლები კანონპროექტს პოზიტიურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნა აუცილებელია.

„ჩვენ საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ ამ კანონპრექტის მომზადებაში, ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მნიშვნელოვანი შენიშვნები გაითვალისწინა, თუმცა ორი საკითხია, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს არის მონიტორინგის ფუნქცია და აღმზრდელთა კვალიფიკაცია. მონიტორინგის ფუნქცია ექნებათ მუნიციპალიტეტებს, რიგ შემთხვევაში კი ცენტრალურ ხელისუფლებას. მაგალითად, ბაღებში საგანმანათლებლო სტანდარტების აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება განათლების სამინისტრო. ასევე მიგვაჩნია, რომ მასწავლებლების გადამზადების სქემა უნდა იყოს დახვეწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბავშვებმა ნორმალური განათლება მიიღონ”, - აღნიშნა ქურციკიძემ “კომერსანთთან” საუბრისას.

კანონპროექტი არ კრძალავს ალტერნატიული დაწესებულებების შექმნას, თუმცა არ ადგენს განსხვავებული სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობის შესაძლებლობას ალტერნატიული დაწესებულებებისათვის. პროექტის არსებული ფორმულირებით , „დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობაა 9 საათი“. სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს, რომელსაც კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს.

“ეს გავლენას მოახდენს ისეთ დაწესებულებებზე, რომლებიც სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან დარეგისტრირებულნი. კანონპროექტის არსებული ჩანაწერის დატოვება, ამავდროულად, უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება მაღალმთიანი სოფლებისთვის, სადაც არსებობს ნახევარდღიანი (3-4 საათი) მუნიციპალური სკოლამდელი პროგრამები, რომელთა განხორციელება ხდება სკოლის ან სხვა შენობაში, რადგან სოფლებში ფიზიკურად არ არსებობს ბაღი. შესაბამისად, ნახევარდღიანი მუნიციპალური სკოლამდელი პროგრამები დაიხურება და ისედაც მოწყვლად გარემოში მყოფ ბავშვებს, სკოლამდელი განათლების ეს მინიმალური შესაძლებლობაც წაერთმევათ, რადგან ასეთ ადგილებში 3, 5, 10 ბავშვის გამო ახალ ბაღის შენობას არავინ ააშენებს. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ინკლუზიურ საგანანმანათლებლო ხედვას”, - აღნიშნავენ IDFI-ში.