პირველად საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად, თბილისის ქუჩებში ე.წ. ინდიკატორული კვლევა ჩატარდა. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში გამოიყენა. შეირჩა ადგილები, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. მილები ორი კვირით დამონტაჟდა და შემდეგ ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევებმა აჩვენა, რომ თბილისის ზოგიერთი ქუჩა საშუალო და კრიტიკულ ზღვართან არის მიახლოებული.
ინდიკატორული კვლევა ჯერ მხოლოდ ორჯერ ჩატარდა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა ტაშკენტის ქუჩაზეა. აქაც, ისევე როგორც სხვა ადგილებში, აზოტის დიოქსიდის მოჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.
იმ 35 ადგილიდან, სადაც ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ერთ-ერთი მზიურის ცენტრალური შესასვლელია, რომლის მოპირდაპირე მხარესაც სკოლაა. რეკომენდებულია, რომ ამ ტერიტორიაზე ბავშვებმა ბევრი დრო არ გაატარონ. მსგავსი მდგომარეობაა ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთანაც. აქაც ტრანსპორტი აბინძურებს ტერიტორიას, სადაც ბავშვების თავშეყრის ადგილია. აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და რომელსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს.
2015 წლის ნოემბერში ინდიკატორული კვლევით ასევე დადგინდა, რომ დაბინძურების მაღალ ზღვართან არის ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობის უკმაყოფილებისა და ქალაქში მომატებული გამონაბოლქვის მიუხედავად, ეროვნული სააგენტოს უფროსი ირწმუნება, რომ ეს შედეგები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ამბობს, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდის საშუალო მაჩვენებელიც ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. ღვინერიას თქმით, ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს. გარემოს დამცველები გამოსავალს, პირველ რიგში, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში, მწვანე საფარის გაზრდასა და მშენებლობის ნორმების დაცვაში ხედავს. სხვანაირად ქალაქი ვერ განიავდება და შესაძლოა უარესი შედეგიც დადგეს. ვიდრე თბილისში ტრანსპორტი ბოლავს, მწვანე საფარი ნადგურდება და ჰაერში ცათამბჯენები იჭრება, ევროპის წინაშე აღებული ვალდებულება შეუსრულებელი მისიაა.
საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს აწარმოებს ხუთ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზესტაფონში. გარდა ამისა, დაწყებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვა, რაც გულისხმობს ინდიკატორების 9 ქალაქში, 58 წერტილში განთავსებას.
გარემოს დაცვის ექსპერტი, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ დედაქალაქში არ შემცირებულა გამონაბოლქვი, პირიქით, მომატებულია, რაც მანქანების მოძრაობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენთან საწვავში ტყვია არ არის, არის გოგირდის შემცველობა და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ნამდვილად ხვდება გამონაბოლქვში.
მისი თქმით, მეორე პრობლემა არის მწვანე ნარგავების შემცირება ქალაქში. მიუხედავად ყველანაირი პროტესტისა, სკვერების ადგილას იდგმება შენობები და არა გარეუბნებში, არამედ ცენტრში. მაქსიმალურად ცდილობენ სივრცეების ამოვსებას. მაგალითად, თუკი უნივერსიტეტის ქვემოთ იყო ბაღი, ახლა არის ორი რესტორანი. მცენარეები არის შთანმთქმელები. გზებს კი მწვანე ნარგავების ხარჯზე აფართოებენ.
მესამე პრობლემაა გზები. გაზაფხულიდან მოყოლებული ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ბევრ ადგილას სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, შევიწროებულია მოძრაობა და საცობებია იქ, სადაც არასდროს იყო. შესაბამისად, იმ ადგილებში მანქანების ჭარბი რაოდენობა იყრის თავს და გამონაბოლქვის კონცენტრაციაც მკვეთრად მატულობს.
“ეს ყველა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ატმოსფერული ჰაერი უფრო ცუდ მდგომარეობაშია. ამას ისიც ემატება, რომ ქუჩები ძველებურად ვეღარ ნიავდება. მაღალსართულიანი შენობები ფილტრაციას კეტავს”, - ამბობს ჩხობაძე და დასძენს, რომ უპირველესაად აუცილებელია ქალაქის გამწვანებას მიექცეს ყურაადღება და ავტომობილების რაოდენობის შემცირებაზე გაკეთდეს აქცენტი.