„ივანიშვილი შემოვიდა და ამაზე უფრო ძლიერი შემოსვლა წარმოუდგენელია“

„ივანიშვილი შემოვიდა და ამაზე უფრო ძლიერი შემოსვლა წარმოუდგენელია“

ვინ შეიძლება დარჩეს და ვინ არა „ქართული ოცნების“ რიგებში, ეს მთავარ ინტრიგად რჩება. თუმცა ცნობილია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. მანამდე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პრემიერ-მინისტრს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. გარდა ამისა, 14 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია განახლდება და, როგორც კულუარებში ამბობენ, განახლება მრავალნაირი იქნება. შესაძლოა, პარტიის განახლება მოხდეს იმ გუნდის საფუძველზე, რომელსაც „20-30“ ეწოდა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა პარტია  დიდი სიფრთხილით ეკიდება სიის პირველ ნომერს, მაგრამ კვირიკაშვილი საკმაოდ შედეგიანად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად მისი პირველობა საკმაოდ მნიშვნელოვანია პარტია „ქართული ოცნებისთვის“.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ცნობილია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. რას აძლევს კვირიკაშვილის პირველი ნომრობა დაშლილ კოალიციას?“

რამაზ საყვარელიძე: დაშლილი კოალიცია სხვა თემაა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პირველი ნომრობა ჭირდება პარტია „ქართულ ოცნებას“ და ასევე, ჭირდება შთამბეჭდავი საპარლამენტო სია, რადგან ბრძოლაში დამოუკიდებელი სახით შედის. შესაბამისად, არსებულ პოლიტიკურ პარტიას წინასაარჩევნოდ ესაჭიროება, რომ მაქსიმალურად მომგებიანი კომპონენტი ჰქონდეს. ასეთ ვარიანტში კვირიკაშვილის ფიგურის პირველ ნომრად წამოწევა მომგებიანი იქნება მითუმეტეს, რომ საზოგადოებას მის მიმართ არ აქვს ეჭვიანი კითხვები.

ამ ხნის განმავლობაში მცდარი და უტაქტო განცხადება არ გაუკეთებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის. ყოველთვის ძალიან მოზომილი და დროულია როგორც მისი განცხადება, ასევე პროცესებში ჩარევა. ამდენად, „ქართული ოცნებისთვის“ ამ ფიგურის წინ წამოწევა უდავოდ მომგებიანია.

„ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემები როგორც მართვის თვალსაზრისით, ასევე  სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. პრობლემების მთელი კასკადია დაგროვილი 4 წლის განმავლობაში. ერთი კვირიკაშვილი შეძლებს ამ პრობლემების გადაფარვას და იგივე შედეგის დადებას, რაც იყო 2012 წელს?

- 2012 წელი იმდენად უნიკალური მოვლენა იყო, რომ არა თუ ამ კონკრეტულ არჩევნების, არამედ მთელი ქართული საპარლამენტო ცხოვრების განმავლობაში, ასეთი არჩევნები არ ყოფილა. ეს ის არჩევნები იყო, სადაც მოსახლეობა დილიდან მიდიოდა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად და მოგეხსენებათ, როგორი რიგები იყო საარჩევნო უბნებზე. ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს სიაში, ანალოგიური შედეგის მიღება არარეალურია. რაც შეეხება მარტო კვირიკაშვილს, შეიძლება სხვაც იყოს.

არის საზოგადოებაში ის საკადრო რესურსი, რომლის შეყვანასაც „ქართული ოცნება“ მოახერხებს თავის გუნდში?

- მაგალითისთვის განვიხილოთ სალომე ზურაბიშვილი ევროპული ორიენტაციის მაღალი დიპლომატი. თუკი იგი შეიყვანა ოცნებამ საარჩევნო სიაში, აძლევს თუ არა მხარდაჭერას? მე მგონია - კი. ანალოგიურად, შეიძლება აღმოჩნდნენ პროფესიულ წრეებში ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით ადამიანების თვალში ნდობას იმსახურებენ. ასე რომ, შესაძლოა, კვირიკაშილი მარტო არ აღმოჩნდეს იმ რთულ საქმეში, რასაც ამომრჩევლის მიზიდვა ჰქვია. შესაძლოა, მის გვერდით სხვებიც აღმოჩნდნენ.

მოქმედი კანონმდებლობით, სიის პირველი ნომრობის შემთხვევაში პრემიერმა უნდა დატოვოს თანამდებობა, მაგრამ საარჩევნო კოდექსში იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება არ მოეთხოვება, თუკი ის  პარლამენტის წევრად იყრის კენჭს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი ცვლილების განხორციელება?  ეს ადასტურებს, რომ რეალურად არსებობს საკადრო რესურსის პრობლემა?

- საკადრო რესურსის პრობლემა ყველა პარტიას აქვს, მაგრამ რაც შეეხება ლიდერს, ყველა პარტია ეძებს ქმედით ლიდერს, რადგან ეს არაა რესურსი რაოდენობრივი თვალსაზრისით, საუბარია პირველ პირზე, ანუ სიის პირველ პირზე და ეს პრობლემა ყველა პარტიას აქვს. რომელი პარტია გეგულებათ სადაც პირველი პირი ადვილად მოძებნადია. გამონაკლისები შეიძლება აღმოჩნდნენ „რესპუბლიკელები“, რომლებსაც ყოველთვის ჰყავთ თანაბარი წონის რამოდენიმე ფიგურა. დანარჩენ პარტიებში ყველა პირამიდული სტრუქტურისაა. არის ერთი ფიგურა და მის გარშემო ხდება გუნდის შეკრება. ამ მხრივ ორიგინალური სიტუაციაა „ქართულ ოცნებაში“. გაიხსენეთ, რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღემდე მიშა სააკაშვილის სახელით ოპერირებს.

ის, რომ კვირიკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, იქნება სიის პირველი ნომერი და ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებში, ეს არანაირი დისკონფორტი არ არის, მაგრამ ეს რამდენად გამორიცხავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას?

- აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა, რომ უფრო დიდი საკადრო რესურსის გამოყენება ხომ არ დაბრალდება „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ მისი პირველი პირი, ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირია და, შესაბამისად, მთელი ხელისუფლების ვერტიკალი ორიენტირებული იქნება მის მხარდაჭერაზე. ესეც ადმინისტრაციული რეურსის ირიბად გამოყენებაა და ეს უფრო მეჩვენება პრობლემად, ვიდრე ის, რომ არსებობს კადრების დეფიციტი. ზოგადად, კადრების დეფიციტის პრობლემა ქრონიკული პრობლემაა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ყველას აქვს კადრების დეფიციტი და ამ მხრივ „ქართულ ოცნებაში“ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ კახი კალაძის განცხადებით, ოცნების სიის შედგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხო ენის ცოდნას და კანდიდატთა კავშირებს უცხოეთში. ჩვენ სალომე ზურაბიშვილი ვახსენეთ და როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის გუნდი იქნება სწორედ ის ჯგუფი, რომელიც პარლამენტში ჩაანაცვლეს „რესპუბლიკელებს“ როგორც პროდასავლურ ჯგუფს?

- არ გამოვრიცხავ. „ქართული ოცნების“ ამოცანაა პარტია პროდასავლური ორიენტაციის მქონე ფიგურებით გაძლიერდეს. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა სალომე ზურაბიშვილით  სცადონ. სავსებით დასაშვები ვარიანტია. მაგრამ რაც შეეხება უცხო ენის ცოდნას და უცხოელებთან ურთიერთობას, სასურველია პარტიამ მეტი ორიენტაცია აიღოს ქართველი ამომრჩეველზე, რომ მას ესაუბრონ გასაგებ ენაზე ამ ადამიანებმა, რასაც  გადამწყვეტი მნიშვვნელობა აქვს ყველა პარტიისთვის.

მომავალი საარჩევნო ბლოკი ამ შემადგენლობით აღარ იარსებებს. „რესპუბლიკელების“ და „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად გასვლით რას კარგავს პარტია „ქართულ ოცნება“?

- უდავოდ აკლდება „რესპუბლიკელების“ საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კულტურა, „ეროვნული ფორუმის“ შემართება ეროვნულ თემებთან დაკავშირებით და ა.შ. ეს დანაკლისია, მაგრამ ეს დანაკლისი არ შეესაბამება იმას, რასაც იგებენ. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი რეიტინგით უწევდა ამ პარტიების გაყვანა და მერე უკვე მათთვის ძალაუფლების განაწილებაა, რაც აღარ მოხდება.

ამ შემთხვევაში რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა სააარჩევნო პროცესში და რამდენად ექნება მის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩევლისთვის? ჯერ კიდევ იანვარში გააკეთა განცხადება, რომ იგი  საარჩევნო პროცესში ჩაერთვება...

- ივანიშვილი შემოვიდა, შემოვიდა!!! სწორედ რომ ივანიშვილის ფაქტორით უნდა აიხსნას კოალიციის ასეთი მშვიდობიანი დაშლა. ამაზე უფრო ძლიერი შემოსვლა წარმოუდგენელია. გეთანხმებით, რომ ივანიშვილი ღიად შემოსვლას აპირებდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი ავტორიტეტი დაჭირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს. ვფიქრობ, ღიად შემოსვლა ნაკლებად დაჭირდება, რადგან კვირიკაშვილის ფიგურა შეძლებს მიიზიდოს ამომრჩეველი. ალბათ ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს და თუ სოციოლოგიამ ანახა, რომ უჭირთ, მაშინ შეიძლება ივანიშვილი ჩაერთოს, მაგრამ, როგორც გითხარით მეეჭვება, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ ივანიშვილი ღიად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, თორემ ფარულად ისედაც ჩართულია.