„თუკი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს არ  შევინარჩუნებთ,  ამ ომში ყველაზე უფრო მეტად განადგურებული საქართველო იქნება“

„თუკი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს არ შევინარჩუნებთ, ამ ომში ყველაზე უფრო მეტად განადგურებული საქართველო იქნება“

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება, საქართველოს ხელისუფლებაში კი, რეგიონში არსებულ რისკებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე მსჯელობენ. ქართული მხარე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დაპირისპირებაში ჩარევას არცერთი ფორმით არ აპირებს და ნეიტრალური პოზიციის დაკავებას გეგმავს. 

მთიანი ყარაბაღი საერთართაშორისო თანამეგობრობისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს, საქართველოს პარლამენტში კი ფიქრობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა შუამავლის ფუნქციაც არ უნდა შეასრულოს, რადგან თუკი ქვეყანა ნეიტრალიტეტს არ  შეინარჩუნებს, ამ ომში ყველაზე უფრო მეტად განადგურებული საქართველო იქნება.

როგორც for.ge-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,   თედო ჯაფარიძემ განუცხადა, რეგიონში სიტუაცია გამწვავებულია და მთიან ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ძალიან ცუდია.

მისი თქმით, ორივე ქვეყანა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და მათ შორის საომარი მოქმედებების არსებობა, სამწუხაროა.

კანონმდებელის ცნობით, ყველა ვარიანტი გათვლილია, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულმა ვითარებამ.

„სამხრეთ კავკასიაში უამრავი პრობლემაა, რაც მთელ რეგიონზე გავლენას ახდენს.  ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს და მსხვერპლს ადგილი არ ჰქონდეს. რამდენიმე შეხვედრას ვესწრებოდი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა. ხელისუფლება სიტუაციას ფლობს, რაც უსაფრთხოებს ეხება.  ჩვენი როლი, აქტიური კომუნიკაციაა. ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ შუამავლის ფუნქციაზე ისაუბრა, რომელიც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ შეასრულოს, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ამგვარ ჩართულობას მოვერიდებოდი. ამ საკითხის მოგვარებაში შესული დიდი ქვეყნები არიან, თუმცა, საქართველო მზადაა, ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად საკუთარი რესურსები და დიპლომატიური არხები გამოიყენოს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

საკითხზე საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ყურადღებას საქართველოს ნეიტრალურ პოზიციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველომ განსაკუთრებული აქტიურობა არ უნდა გამოიჩინოს.

for.ge-სთან საუბარში კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ქართული მხარე განვითარებული მოვლენების სრულ ანალიზს აკეთებს და ამით მთავრობა დაკავებულია.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართოს, თუმცა, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და პრემიერი მიიღებენ.

„გაკოტრებული პოლიტიკოსები აბსურდულ კომენტარებს აკეთებენ. მთავრობა ამ თემაზე სერიოზულად მუშაობს. ჩვენ ნებისმიერი სცენარის შესაძლო განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ და ხელისუფლებაში რამდენიმე ასეთი სცენარი უკვე განხილულია. ჩვენი განსაკუთრებული აქტიურობა უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელდაკრეფილი ვიყოთ და რეაგირება არ მოვახდინოთ. თუკი პრეზიდენტი და პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევენ, ეს მათი უფლებაა და მასში მთავრობა მონაწილეობას მიიღებს. დაპირისპირებულ მხარეებს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ და მათ უნდა შთავაგონოთ, რომ ასეთ კონფლიქტებში სამშვიდობო ქმედებებს ალტერნატივა არ აქვთ“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიციის დაკავების მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთვის რამდენიმე ტიპის საფრთხე იკვეთება.

დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოს ნებართვის გარეშე, ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული არ უნდა იყოს რომელიმე მებრძოლი მხარისთვის დახმარების, ან სამხედრო ტიპის დახმარების მისაწოდებლად, რათა ამით ის ნეიტრალიტეტი არ დაირღვეს, რომელიც ქვეყანას ამ კონფლიქტში გამოცხადებული აქვს.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ვერცერთი მხარის გულშემატკივარი არ და ვერ იქნება, რადგან ორივე  ერი ქართველების მოძმე ხალხია და საქართველოს მათთან ისტორიულ-კულტურული კავშირი აკავშირებს.

„ერთი ისეთი პარტნიორია, რომ დილას, ფოთში რომ იღვიძებენ, უნდა იკითხონ, რა ამინდია ბაქოში. მეორე ისეთი პარტნიორია, რომ თბილისში რომ იღვიძებ, უნდა იკითხო, რა ამინდია ერევანში. გარდა ამისა, ორივე ხალხის წარმომადეგენელი ჩვენი უმცირესობაა. ვიღაცას ეჩვენება, ერთ მხარესთან კონფესიურად ახლოს ვართ, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკურად და გადაწყვეტილება ან იქეთ, ან აქეთ უნდა მივიღოთ. ვინც ამას ამბობს, მას საკითხი არ ესმის. ნეიტრალიტეტი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. თუკი პრაქტიკაში ნეიტრალიტეტს არ  შევინარჩუნებთ, ამ ომში ყველაზე უფრო მეტად განადგურებული საქართველო იქნება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

კანონმდებელის შეფასებით, ამ ომში მონაწილეების გარდა, ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონს ემუქრება.

„ეს ნატოსთან დიალოგშიც  ჩვენს შანსებს ამცირებს, რადგან თუკი ასეთი რეგიონია, იქ მოსვლა ვის უნდა? ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით. ჩვენი ინიციატივები მშვიდობისკენ მიმართული იქნება და ჩვენი ტერიტორიები სამშვიდობო შეხვედრებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ სამხედრო ჯარები სადღაც გადაისროლოს. აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. თუკი ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცამ სომხების გენოციდი აღიაროს, ან ამ საქმეში ერთი მხარე დავიკავოთ, ის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს წინააღმდეგ თავისდაუნებურად მოქმედებს, რადგან ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ პარლამენტში მოხვედრაა საქმე, სინამდვილეში კი, მათი საუბარი ჩვენს საგარეო კურსს ეწინააღმდეგება. საქართველომ არცერთი ხელისუფლების დროს ამ საკითხში შეცდომა არ დაუშვა და რომელიმე მხარისკენ არ გადაიხარა. თუმცა, სიმპათიები სადღაც, სადღაც იხრებოდა. ნეიტრალური პოზიციის დაკავება მოვახერხეთ და ბოლომდე უნდა მოვახერხოთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

საკითხთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა შეხვედრები ჰქონდა. მათ შორის, დეპუტატებთან.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის საგანგებოდ გასათვალისწინებელია, რომ ამ თემით სპეკულირება შიგნით არ დაუშვან. მათ შორის, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩვენთან ერთად საუკუნეების მანძილზე იმ პირობებში და იმ ტრადიციით ცხოვრობს, რასაც ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია“, - დასძენს ვოლსკი.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მეზობელი სახელმწიფოების უბედურება საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავი არ უნდა იყოს. for.ge-სთან საუბარში დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ როცა სამეზობლოში არასტაბილურობაა და ომის ნიშნებია, ეს რეგიონზე ცუდად აისახება.

მისი მოსაზრებით, ზოგადად, წლების მანძილზე, რეგიონის ერთიანი განვითარების გზაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთი დაბრკოლებაა.

„ამას პოლიტიკური სპექტრი უნდა აცნობიერებდეს და მომზადებული მოქმედების გეგმაც უნდა ჰქონდეს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ და მათი განწყობები ხელისულებისთვის საყურადღებო უნდა იყოს და ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რომ კონფლიქტი ჩვენთან არ იღვრებოდეს“, - ამბობს დარჩიაშვილი.

დეპუტატი თვლის, რომ რეგიონში ამ ცხელი წერტილებით რუსეთი სარგებლობს.

„როგორც ბაქოში, ასევე ერევანში მსჯელობენ, რომ წაქეზება თუ ვინმეს ეტყობა, ეს რუსეთია. დასავლეთშიც საუბრობენ, რომ რუსეთი აქტიურობს და არა იმიტომ, რომ კონფლიქტი მოაგვაროს, არამედ იმიტომ, რომ კონფლიქტის გამწვავების სურვილი აქვს. თუკი ესკალაცია გაგრძელდა და შესაძლებლობები არ გამოინახა, რომ ეს კონფლიქტი რაღაცნაირად ჩაქრეს, შესაძლოა, მცდელობები იქნეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას ჩრდილოეთიდან იარაღის გადაადგილებისთვის. ეს ჩვენთვის პირდაპირი საფრთხეა. დაუშვებელია, ვინმემ მხარედ მიგვიჩნიოს და რუსეთის სამხედროებისთვის დერეფნად გადავიქცეთ, რადგან ეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის დარტყმა იქნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

დარჩიაშვილის მოსაზრებით, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ისე იქნება აღქმული როგორც კონფლიქტში ქვეყნის მიერ წვლილის შეტანა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხე იქნება.

„მკაფიო გეგმაა ჩამოსაყალიბებელი და უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს, ერევანთან და ბაქოსთან სიტუაციის დარეგულირების კუთხით, რა შეგვიძლია. თუკი ქვეყანას რაციონალური გეგმა არ აქვს, ის მხარედ არ უნდა ჩაითვალოს და იმას უნდა მიხედოს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს“, - დასძენს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში რამდენიმე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მსხვერპლია როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მხარეს. ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კარენ მირზოიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობა არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ თუკი აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, სომხეთმა შესაძლოა, მისი დამოუკიდებლობა აღიაროს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს მოუწოდებს, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაიცვას და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.