ივანიშვილის მილიარდები და კალაძის ბუცები

ივანიშვილის მილიარდები და კალაძის ბუცები

Euronews-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვედეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების ხელისუფლებამ ჟურნალისტებს, ე.წ „პანამის დოსიეში“ შემავალი დოკუმენტაციის გადაცემა სთხოვა, რათა ქვეყნის შიგნით მოხდეს მაღალჩინოსანთა მიერ გადასახადებისგან თავის აცილების ფაქტების გამოძიება.

მსოფლიოს უმსხვილესი მედია- გამოცემებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის. ჟურნალისტური გამოძიება Panama Papers-მა სწორედ პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩაატარა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტებში ასახულია კომპანია Mossack Fonseca-ს საქმიანობა დაარსებიდან - 1977 წლიდან დღემდე. დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს, რომელმაც თავის მხრივ, ისინი მიაწოდა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს (ICJI) და 78 ქვეყნის 107 მედიასაშუალება.

ე.წ „პანამური დოსიე“ 11, 5 მილიონ დოკუმენტს მოიცავს, სადაც ნათალად ჩანს, სხვადასხვა ქვეყნის 140 პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებული ოფშორული ზონების საშუალებით, როგორ ცდილობდნენ გადასახადებისგან თავის არიდებას.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია მას შემდეგ დაარსა, რაც უკვე ქვეყნის პირველი პირი გახდა.  ჩინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ლი პენის ქალიშვილი და სიძე ლიხტენშტეინის ფონდის Fondation Silo-ს ერთპიროვნული აქციონერები გახლდნენ. სიაში ფიგურირებს არგენტინის მოქმედი პრეზიდენტის მაურისიო მაკრის, ისლანდიის მოქმედი პრემიერის სიგმიუნდიურ გიუნლეიგსონის სახელებიც.დოკუმენტაციის მიხედვით, ის პროცენტებს იღებდა იმ ბანკებისგან, რომლებსაც სახელმწიფო დახმარებას უწევდა. 

„პანამის დოსიეში“ მოხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის (რომელიც არაერთხელ გამოსულა ოფშორული ზონების გაუქმების მოთხოვნით), მულტიმილიონერი მამა, იენ კემერონი, რომელიც  ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფონდის Blairmore Holdings-ის მფლობელია. ამ სიაში მოხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაროკოს და საუდის არაბეთის მეფეები, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შვილები, მსახიობი ჯეკი ჩანი, ესპანეთის ყოფილი მეფის, ხუან კარლოს პირველის და, პოლარ დე ბურბონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმისშვილი, კლაივ ზუმა, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის შვილი ალაა მუბარაქი, სირიის პრეზიდენტის ბიძაშვილები - რამი და ჰაფიზ მახლიუფები, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

Mossack Fonseca-ს მომსახურებით სარგებლობდნენ ფიფას, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციების მაღალჩინოსნები, მათ შორის  „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც უარყო არსებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიმართავს და  უდანაშაულობას დაამტკიცებს. მესის გარდა ამ სიაში უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტის მიშელ პლატინის და ფიფას ეთიკის დამოუკიდებელი კომისიის წევრის, ურუგვაელი იურისტის ხუან პედრო დამიანის სახელებიც მოხვდა.

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსურციუმმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გამოქვეყნებულია მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილი, დანარჩენ დოკუმენტაციას ისინი ეტაპობრივად გამოაქვეყნებენ.

„ოფშორული სამყარო მუდამ სიახლეების ძიებაშია. როგორც კი მათი რომელიღაც მაქინაციური სისტემა გაიხსნება, მაღალკვალიფიციური იურისტები და ბუღალტერები მაშინვე ახალი ფოკუსების გამოგონებას იწყებენ, თუმცა დღეს, როდესაც ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ჟურნალისტური გამოძიება ახალ სიმაღლეებზე გადის, სულ უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის შემუშავებული მაქინაციური სისტემების გახსნა“, - განაცხადა Euronews-თან საუბარში ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორის მოადგილემ მარინა უოკერ გევარამ.

კრემლმა კატეგორიულად უარყო  Mossack Fonseca-სნ დოკუმენტაციაში ვლადიმერ პუტინის სახელის არსებობა და ეს ქვეყნის და პირადად პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

„ცხადია, რომ ამ შეტევის ძირითადი მიზანი მიმართულია ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში, პირადად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. „ინფორმაციის გაჟონვაც“ სწორედ პრეზიდენტის დისკრედატიცას ემსახურება“-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

საინტერესოა ისიც, რომ ინფორმაცია დასავლეთის მედიის კვალდაკვალ მხოლოდ „ნოვაია გაზეტამ“ გააშუქა, რომლის ჟურნალისტებიც გამოძიებაში მონაწილეობდნენ, რუსეთის ტელე და ბეჭდურმა მედიამ  მსოფლიო სკანდალზე მხოლოდ მეორე დღეს ისაუბრა. 

რეიკიავიკში პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანი მოქმედი პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვს.  გუნლეიგსონის გვარი ერთ-ერთი პირველი ფიგურირებდა „პანამის სკანდალში“. დოკუმენტების მიხედვით, მისი მეუღლე ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია.

„მე არ გადავდგები, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი მეუღლე ყველანაირ გადასახადს იხდის. ის კი ისლანდიაში ნებისმიერ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ნებისმიერ კონფლიქტს გაურბის“, - განაცხადა პრემიერმა.  ნორვეგიის რამდენიმე პარტიამ, მათ შორის მემარჯვნე-ცენტრისტების კოალიციამ, მთავრობის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე კომენტარი უკვე გააკეთა.  

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ინფორმაციის გამოსვლისთანავე Twitter-ის საშუალებით, განცხადება გააკეთა: „როგორც კი პრეზიდენტი გავხდი, საქმიდან გავედი და აქტივები  მართვაში კონსალტინგურ და იურიდიულ ფირმებს გადავეცი“. მის მიერ დაქირავებული იურიდიული ფირმა Авеллум -ის იურისტები კი აცხადებენ, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, კომპანია ოფშორულ ზონაში იმიტომ დაარეგისტრირეს, ინტერესების შეუთავსებლობა რომ არ მომხდარიყო,. „საერთაშორისო სტანდარტების წესდების მიხედვით, პირს, რომელიც პოლიტიკაშია, მინდობილობით შეუძლია საკუთრების გადაცემა“,-ააცხადებს „Авеллум“-ი.

Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციის მიხედვით კი შოკოლადის ბიზნესი პოროშენკომ ვირჯინიის კუნძულებზე 2014 წელს გადაიტანა და დღემდე ვითომ უშედეგოდ ცდილობს ფირმა Roshen-ის გაყიდვას.

Transparency International-ის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის საქმე სკანდალურია. „თუ ქვეყნის პირველმა პირმა მოიტყუა და დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ქვეყნის იმიჯს ურტყამს. რადგან, არც ერთი ჩინოვნიკი არ ჩათვლის თავს ვალდებულად, მოთხოვნები შეასრულოს“, -აცხადებს ორგანიზაცია.

ნორვეგიის მსგავსად, უკრაინაშიც დაიწყო პოლიტიკური მოძრაობა პოროშენკოს გადასაყენებლად. უკრაინულმა მოძრაობამ „Самопомощь“-მა და რადიკალურმა პარტიამ პოროშენკოს ქმედების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, „პანამის დოსიეს“ თანახმად, Lynden Management Ltd ივანიშვილის კუთვნილი კომპანიაა, რომელიც რამდენიმე წელია ვირჯინიის კუნძულებზე აქვს დარეგისტრირებული და პრემიერობის დროს შევსებულ დეკლარაციაში მას არ მიუთითებია ამ კომპანიის არსებობა. 

როგორც ჩანს, საქართველოშიც არავინ აპირებს ამ საქმეების გამოძიებას, რადგან ივანიშვილი დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი აღარ გახლავთ, მისი ქონება და კომპანიების ჩამონათვალი კი არც მმართველი გუნდის და არც, აწ უკვე, ოპოზციური პარტიის წარმომადგენლებს არ უკვირთ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან  ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს ივანიშვილის ფული და ოფშორები არ უნდა გაუკვირდეთ ისევე, როგორც კახა კალაძის შენახული ბუცები.   

„ბიძინა ივანიშვილს რომ ოფშორი და ფული აქვს, თუ ეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგია, მაშინ იქნებ ისიც გავარკვიოთ, აქვს თუ არა კახი კალაძეს ბუცები. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო გაჟონვა, რომელიც არავის შეუმოწმებია. გაჟონა მილიონობით დოკუმენტმა, ერთ-ერთი პანამური ფირმიდან. რამდენად კანონიერია ახლა მაგას სწავლობენ. ბიძინა ივანიშვილს, რომ ოფშორი აქვს და ფული აქვს, ეს თუ არის ჟურნალისტური გამოძიების შედგი, როგორც იხუმრა ერთმა ძველმა გენერალმა, მაშინ იქნებ ისიც გავარკვიოთ, აქვს თუ არა კახი კალაძეს ბუცები შემონახული, ვის გაუკვირდა ახლა ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, ეს ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზულია“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა. 

არც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ დეკლარაციაში არ შეტანილი, ოფშორუილ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიის საქმის გამოძიებით, ვინმე უნდა დაინტერესდეს. 

„ერთი რამ შემიძლია დავადასტურო, რომ არც არაფერი დასამალი, არც არაფერი შესანახი, მით უმეტეს ქართული საზოგადოებისთვის დასამალი, ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვარ კომპეტენტური“, - განაცხადა ვოლსკიმ.