„მეჩეთის დახურვის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემა უფრო გამწვავდეს“

„მეჩეთის დახურვის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემა უფრო გამწვავდეს“

რადიკალური-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ქვეყანაში არსებული ყველა მეჩეთის დახურვის ინიციატივით გამოვიდნენ. ბავარიელმა პოლიტიკოსებმა პარტიის პროგრამისთვის სპეციალური პროექტი მოამზადეს, რომელიც გერმანიაში ისლამიზმის გავრცელებას ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისლამს გერმანიასთან არავითარი საერთო არ აქვს და მეტიც, დღეს მეჩეთები არა მხოლოდ ლოცვას, არამედ, რადიკალური ისლამიზმის გავრცელებას ემსახურებიან. როგორც ცნობილია, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ, ქვეყანაში რადიკალური ისლამის გავრცელების ბრალდებით, 3 მეჩეთი დაიხურა.

დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მეჩეთის დახურვა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროცესში ჩაერთოს ხელისუფლება და მოხდეს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს. ქამაშიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მეჩეთის საშუალებით ხდება რადიკალური ისლამის გავრცელება.

„სალოცავი ღვთის სახლია, იქ შედის როგორც ცუდი, ასევე კარგი ადამიანი. მეჩეთის დახურვის შემთხვევაში შეიძლება პრობლემა უფრო გამწვავდეს, ვიდრე მოგვარდეს. ვერ გეტყვით ახლა რა მოხდა, არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მეჩეთის საშუალებით გავრცელებილიყო რადიკალური ისლამი. შეიძლება ეს იყოს ისლამოფობიისკენ მიმართული ნაბიჯები.

მე შემიძლია საქართველოს შემთხვევაზე ვისაუბრო, ჩვენ სასულიერო პირებს ვაძლევთ პროგრამას და ამის მიხედვით ტარდება ქადაგება. ჩვენ ვქადაგებთ ღმერთისა და ქვეყნის სიყვარულს, ერის სიყვარულს, ტოლერანტობას ა.შ. ეს ყველაფერი კონტროლდება. საერთოდ ისლამი არაბული სიტყვაა და ნიშნავს მშვიდობას. ასე რომ, როგორ შეიძლება ისლამი რადიკალი იყოს?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბეგლარ ქამაშიძე.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ მეჩეთის დახურვის მოთხოვნაც კი არასწორია და თვლის, რომ არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ ეპატიება მსგავსი შეცდომა.

„იმიტომ, რომ მეჩეთი არის ღვთის სახლი. მაშინ ყველა ეკლესიაც უნდა აკრძალონ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პროვოკაცია. მეჩეთში არ ხდება რადიკალური ისლამის გავრცელება. ყველამ კარგად ვიცით როგორც ხდება რადიკალური ისლამის გავრცელება. არიან სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სპეცსამსახურების მიერ არიან დაკომპლექტებული, სწორედ, რომ მათ მიერ დამუშავებული ჯგუფები ცდილობენ შელახონ ისლამის იმიჯი. მეჩეთის დახურვა უფრო გაამძაფრებს არსებულ სიტუაციას, უფრო შეუწყობს ხელს ტერორიზმის გაძლიერებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მექა ხანგოშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში საერთო ჯამში 200-ზე მეტი მოქმედი მეჩეთია. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 90 მეჩეთი გადასცა მუსლიმ მრევლს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი პანკისის ხეობაში მდებარეობს, მეჩეთი მოქმედია, თუმცა, როგორც მექა ხანგოშვილი აცხადებს, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ არც ერთ მეჩეთში არ ხდება რადიკალური ისლამის გავრცელება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი რესან გოგიტიძე ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს რისკი იმისა, რომ მუსლიმი მოსახლეობა მოექცეს რადიკალური ისლამის გავლენის ქვეშ. როგორც გოგიტიძე აცხადებს, სასულიერო პირები რომლებიც მუშაობენ თითოეულ მეჩეთში, აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელსაც სასულიერო ლიდერები ადგენენ თუ რა უნდა იქადაგონ და ამის მიხედვით მიმდინარებს ქადაგება ყოველი პარასკევის ლოცვაზე.

„მნიშვნელოვანია არა მეჩეთის დახურვა, არამედ კონტროლი, რომ არ მოხდეს რადიკალური ისლამის გავრცელება. კონტროლში ვგულისხმობს ქადაგებას. ადგილობრივი სასულიერი პირები და სახელმწიფო უნდა აკონტროლებდნენ ვითარებას, რომ არ გავრცელდეს რადიკალური ისლამი. ჩვენთან, საქართველოში ყოველთვიურად იბეჭდება ქადაგებები, ეგზევნებათ სასულიერი პირებს თუ რა მიმართულებით უნდა იქადაგონ. ქადაგება ეხება ყველა საკითხს. შესაბამისად, იქ მყოფი მრევლის აზრს აკონტროლებს იმამი, ანუ სასულიერო პირი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რესან გოგიტიძე.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში ერთადერთი ადგილი სადაც ღიად ხდება რადიკალური იდეების დემონსტრირება, ეს არის პანკისის ხეობა.

„იქაც რადიკალიზმი არის თავშეკავებული, ანუ არსებულ მეჩეთში მიმდინარე ქადაგება არის ორიენტირებული სუფთა ისლამზე. არ ისმის ისეთი ტიპის მოწოდებები, როგორიც ევროპისა და აზიის ზოგიერთ მეჩეთებში. ლაპარაკია ისლამის აუცილებლობაზე და ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

მაგალითად, ფონიჭალაში სალაფიტური მეჩეთია, რომელიც დამთავრებული არ არის, ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფონიჭალის სალაფიტური მრევლი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რადიკალური ჯგუფია მთელს საქართველოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ბელგიისგან განსხვავებით ფრთებს ვერ შლიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მოქმედებენ. ისინი მოქმედებენ კულუარულად და მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამაინი მოიცვან. ამ თვასაზრისით მათი მუშაობა მეტნაკლებად ეფექტურია“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანის უფლებაა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, მეჩეთის დახურვით პრობლემა ვერ მოგვარდება და ამან შეიძლება უფრო გაართულოს პრობლემა და უმართავი პროცესები მივიღოთ ევროპაშიც.

„მეჩეთის გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ისლამისტები შეიძლება იატაკქვეშეთში აღმოჩნდნენ და უფრო გააძლიერონ საქმიანობა. პრობლემის მოგვარებას სჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, უპირველეს ყოვლისა დიალოგი იმ ფუნდამენტალიზმის ქვეყნებთან საიდანაც ვრცელდება ეს რადიკალური ისლამი. რაც შეეხება საქართველოს, საჭიროა ძალიან ფრთხილი პოლიტიკა.

ჩვენი ისტორიული გამოცდილება უნდა მოვიშველიოთ როგორ შეგვეძლო თანაცხოვრება განსხვავებული რელიგიის მიმდევრებთან და ამ შემთხვევაში, ისლამის მიმდევრებთან. ეს უნდა იყოს საგანგებოდ შესწავლილი და გააზრებული. ძალიან ფრთხილი პოლიტიკაა საჭირო, თუნდაც ჩემგან არამართლზომიერად ნათქვამიც შეიძლება ცეცხლზე ნავთის დასხმა იყოს. მე შევხვედრივარ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოეთის მაჰმადიანურ სასწავლებლებში სწავლობენ, მაგრამ მათში არანაირი ექსტრემიზმი არ იგრძნობა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სერგო ვარდოსანიძემ.