„საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ზოგადად, მახინჯი პროცესია“

„საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ზოგადად, მახინჯი პროცესია“

წელიწადნახევრის წინ, 2014 წლის შემოდგომაზე კოალიცია „ქართული ოცნება“ პირველმა პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მას შემდეგ დატოვეს, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროატლანტიკურ სტურქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც მიჰყვნენ, პარტიის დანარჩენმა წევრებმა კი პარლამენტში დაკავებული თანამდებობებიც დატოვეს.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ დაკავებული თანამდებობი და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უძმიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“,- განაცხადეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“.

ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების და მრეწველები - „ქართული ოცნების“ რამდენიმეთვიანი უშეღავათო ბრძოლის და „ნატოელის და სტალინელის“ პოლემიკის შემდეგ, მარტის ბოლოს, რესპუბლიკელებმა ფაქტობრივად, კოალიციიდან გასვლაზე გააკეთეს განცხადება - ისინი 2016 წლის საპარალემნტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არჩევნებამდე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ადგილებს შეინარჩუნებენ.

„ჩვენი გასვლით რომ არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის საგარეო კურსზე ან ქვეყნის სტაბილურობაზე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავტოვოთ კოალიცია, იგულისხმება სამთავრობო პოზიციები და უმრავლესობა პარლამენტში და ეს გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, თუ თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, პარტიის წევრის, დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით კი, ისინი კოალიციაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გამო რჩებიან.

3 აპრილს კოალიციაში შემავალმა კიდევ ერთმა პარტიამ -„ეროვნულმა ფორუმმა“ საკუთრი პარტიის ყრილობაზე კოალიციდან გასვლის და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწეყვეტილება მიიღო.  

„პარტიის ყრილობამ მიიჩნია, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ თავისი თავი კოალიციის შემადგენლობაში ამოწურულად ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ პირნათლად შეასრულა კოალიციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება. „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ კახა შარტავამ, რომელიც პარტიის საარჩვენო სიას სათავეში ჩაუდგება.

ფორუმელებმა „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, საკანონმდებლო ხელისუფლებაში დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

2012 წელს შექმნილ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ჯერჯერობით რჩებიან პარტიები „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
„მრეწველები“ კოალიციიდან გასვლას არ აპირებენ, მეტიც, მათმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ პარტიების დაშლის შემდეგ, კოალიციის ძირითად ბირთვად, მათი პარტია რჩება.

„ყველას თავისი სუბიექტური აზრი აქვს. მე მიმაჩნია და ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ აქტივი ვართ კოალიციისთვის“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

როგორ შეაფასებს ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს, როგორ აისახება ეს გზავნილებში შიდა და გარე მომხმარებლის დამოკიდებულებაზე და რა შანსი აქვთ კოალიციდან გასულ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებზე?
For.ge საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

არჩილ გამზარდია: წინასაარჩევნო პროცესები საქართველოში, ერთი მხრივ, ჯანსაღად მიმდინარეობს. ის, რომ პარტიები კოალიციის დატოვების შემდეგ, დამოუკიდებლად აპირებენ პოზიციონირებას და ამომრჩევლის წინაშე დამოუკიდებლად წარდგომას, ეს ამომრჩეველს საშუალებას აძლევს არ იყოს დაბნეული, ბრმად არ მიჰყვეს რომელიმე პარტიას, იცოდეს ვის და რატომ აძლევს ხმას. აღარ იქნება ის სიტუაცია, როდესაც მოქალაქე დეზორიენტირებულია, იძულებელია რომელიმე პარტიას მისცეს ხმა, რათა სხვასაც შეუწყოს ხელი წინსვლაში. თუკი ყველა პარტია დამოუკიდებელად გამოვა არჩევნებში, ეს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუყრის საფუძვლებს.

რაც შეეხება ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს, ეს ზედმეტად მახინჯი პროცესია. პრაქტიკულად, ჩვენთან, პოლიტიკური კულტურა არ ვითარდება. პარტიები სხვისი დისკრედიტაციის ხარჯზე ცდილობენ პოზიციონირების მოხდენას. ზოგადი პროცესები უცვლელია, „სხვა ჩვენზე უარესია“-ს პრინციპით მოქმედებენ დღეს პარტიები, რათა ამომრჩეველს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ და მეტი დამაჯერებლობა შესძინონ საკუთრ თავს. ვიმეორებ, საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ზოგადად, მახინჯი პროცესია, რომელიც, სამწუხაროდ, არ ვითარდება და ერთსა და იმავე საარჩევნო პროცესების რეჟიმში ვრჩებით.

სახელისუფლო გუნდში მიმდინარე პროცესებიდან რა გზავნილს იღებს შიდა მომხმარებელი და რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას არჩევნების შედეგებზე?

- ვფიქრობ, დღეს მიმდინარე პროცესები ქართველ ამომრჩეველზე დადებით შედეგებს მოახდენს. ამომრჩეველს კოალიციაში არსებული ურთიერთწინააღმდეგობრივი გარემოებები, სწორედაც რომ არ მოსწონდა. ამომრჩეველი, თუ ის, ვთქვათ, რესპუბლიკელების ამომრჩეველი იყო, იძულებული იყო ხმა მიეცა მრეწველებისთვის და პირიქით. ანუ კონკრეტული პარტიის ამომრჩეველი თავისი პარტია რომ გასულიყო არჩევნებში, იძულებული იყო სხვა პარტიისთვისაც მიეცა ხმა. ბევრი პარტია უხილავი იყო ქართველი ამომრჩევლისთვის, ზოგიერთი მათგანის არსებობა მან მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ აღმოაჩინა და გაკვირვებულიც დარჩა.

ეს პროცესები შიდა მოხმარებისთვის, სწორედაც, რომ დადებითი შედეგის მომტანი იქნება, რადგან პარტიები მიიღებენ ვალდებულებას, ზუსტად წარმოაჩინონ მათი შემადგენლობა, მიზნები, ფასეულობები, თვითონ პარტიებში მიმდინარე შიდა პროცესები კი ამომრჩევლისთვის ხილვადი გახდება. რადგან ყველა პარტიას საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს, მათ კი გაუადვილდებათ არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება.

როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?

- საქართველოში მიმდინარე პროცესები გარე მოხმარებისთვისაც გარკვეულ დადებით ეფექტს გამოიწვევს და აი, რატომ - დასავლეთში მსგავსი ხელოვნური გაერთიანებები, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, უპირატესობით არ სარგებლობს. დასავლური პარტიების ყველა სუბიექტი ამომრჩეველთან, პირადად პოზიციონირებს, კოალიციები კი დასავლეთში მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქმნება და არა არჩევნებამდე, ისიც თუ ამის საჭიროება შეიქმნება. შესაბამისად, კოალიციით შესვლა ხელისუფლებაში უფრო ცუდი ტონი იქნებოდა. ეს უარყოფითი დამოკიდებულება გაძლიერდებოდა იმ შემთხვევაშიც, თუკი კოლაცია იგივე სახით არჩევნების პროცესშიც დარჩებოდა, უმრავლეობის მოსვლის შემთხვევაში კი დაიშლებოდა. ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა მდგრადობის კუთხითაც და ხელისუფლების ლეგიტიმურობის კუთხითაც. ახლა კი, ეს პროცესი დაზღვეულია.

პარტიები, რომლებიც გამოეყვნენ ან გამოეყოფიან კოალიციას, არსებობის 20-25 წელს ითვლიან, თუმცა დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, არჩევნებში დიდი პროცენტი არასოდეს აუღიათ, ხშირ შემთხვევაში კი, პროცენტული ბარიერიც ვერ გადაულახავთ. როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის გადასალახად, ეს პარტიები კიდევ ხომ არ შექმნიან რაიმე გაერთიანებას?

- წინასაარჩევნოდ ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაერთიანებები, თუმცა მაინც ვერ შეძლეს გადაელახათ საარჩევნო ბარიერი, თუნდაც საპარლამენტო მანდატის დონეზე. ამგვარი გაერთიანებები შეიძლება ოპოზციურ სივრცეში მოხდეს, განსაკუთრებით იმ პარტიების კუთხით, რომლებიც დიდი ხანია არსებობენ, მაგრამ სოლიდური ამომრჩეველი არ ჰყავთ - რაოდენობრივად ვგულისხმობ. შეიძლება სცადონ ეს პროცესი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამომრჩევლის მიერ ნეგატიურად შეფასდება. ის იმედგაცრუებები, რაც ამომრჩეველს ჰქონდა გარკვეულ გაერთიანებებთან თუ კოალიციასთან მიმართებაში, ახლა საშუალებას მისცემს დამოუკიდებელი პარტიებისგან მოითხოვს ზუსტად წარადგინონ საარჩევნო პროგრამა, ნათლად აუხსნან ამომრჩეველს რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს, რა ფასეულობები გააჩნიათ, თუნდაც ეს გაერთიანება რომელიმე ავტორიტეტზე იყოს მიბმული, მაგალითად, როგორც ივანიშვილთან ასოცირდებოდა კონკრეტული პარტია ან კოალიცია და არა მაგალითად, დავით უსუფაშვილთან, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი გახლდათ. ოპოზიციურ ფონზე გაერთიანებები, ვფიქრობ, მაინც იქნება, სახელისუფლო მართვის კუთხით. მე, მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციას არ გავუწევდი რომელიმე კოალიციაში გაერთიანებას. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა ვლაპარაკობდი. „ქართული ოცნება“ უნდა დაიხვეწოს, როგორც პარტია, რადგან ძალიან უსახურია დღეს და არ ვურჩევ, კიდევ შექმნას რაიმე კოალიცია.