„ბაქოც უკმაყოფილო დარჩება ჩვენით და ერევანიც, რადგან ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენ „ნივიჟუ“-ს როლი დავიკავეთ“

„ბაქოც უკმაყოფილო დარჩება ჩვენით და ერევანიც, რადგან ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენ „ნივიჟუ“-ს როლი დავიკავეთ“

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თუკი სიტუაცია გამწვავდება და რუსეთში ჩათვლიან, რომ სჭირდებათ სამხედრო კორიდორი საქართველოს გავლით, იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ მოგვთხოვენ რუსეთის ავიაციისა და სამხედრო კონვოების საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას გიუმრის ბაზის გასამაგრებლად. პარალელურ რეჟიმში დახმარებას მოითხოვენ თურქებიც და ჩვენს ტერიტორიაზე თურქული ჯარების გატარებას მოიწადინებენ აზერბაიჯანის დასახმარებლად. გარდა ამისა, უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ შესაძლოა, ჩვენს ტერიტორიას უამრავი ლტოლვილი მოაწყდეს.

ბევრს საუბრობენ იმაზეც, გამოუვა თუ არა ამ კონფლიქტში მედიატორის როლის მორგება საქართველოს?! ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება საქართველოში მცხოვრებ სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორაზე და მათ ჩართვაზე ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში. ხოლო ილუზია იმის შესახებ, რომ თუკი აზერბაიჯანი ტერიტორიებს დაიბრუნებს, მაშინ შესაძლოა, საქართველომაც დაიბრუნოს წართმეული ტერიტორიები, მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჩანს.

ამავდროულად, მკაცრად ჟღერს ალიევის განცხადებაც - „თუ სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი არ სურს, მაშინ აზერბაიჯანის ტერიტორიას მოშორდეს“.

როგორ გამოუვა მედიატორის როლის მორგება თავად მოუგვარებელი კონფლიქტებით დახუნძლულ საქართველოს?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოსთვის ძალზე საშიშია, მით უმეტეს, როცა არ არსებობს ქართული დიპლომატია, რომელსაც შეუძლია კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ საკითხში. პოლიტოლოგის თქმით, კონფლიქტი ჩაცხრება, მაგრამ, სავარაუდოდ, ბაქოც უკმაყოფლო დარჩება ჩვენით და ერევანიც, რადგან ჩვენ ამ კონფლიქტში „ნივიჟუ“-ს როლი დავიკავეთ.

„ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიღაცამ ჩაილუღლუღა, შუამავლის როლის შესრულება შეგვიძლიაო და ყველაფერი ამით დამთავრდა. სამაგიეროდ, რუსეთმა აიღო ხელში ინიციატივა, ევროპაც და ამერიკაც დიდი სიამოვნებით გადაულოცავს რუსეთს ამ კონფლიქტში მედიატორის როლს. რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, ვინაიდან რუსეთი იქნება მათი ერთადერთი მომრიგებელი. ქართულმა დიპლომატიამ კი იმ მოკრძალებული როლის შესრულებაც ვერ შეძლო, რისი განხორციელებაც შეეძლო, ვინაიდან დღეს არ არსებობს ქართული დიპლომატია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში რუსეთ-თურქეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო დერეფნის შესაძლო გამოყენების საკითხს პოლიტოლოგი თითიდან გამოწოვილ საფრთხედ აღიქვამს, რადგან დიდ ომს არავინ დაუშვებს. უფრო მეტიც, დიდი ომი ყარაბაღში არც რუსეთს სურს, არც- თურქეთს. ომი თუ ვინმეს სურს ამ რეგიონში, ერთადერთი აზერბაიჯანია, რადგან ამხელა ტერიტორია აქვს დაკარგული.

„ყველა დანარჩენ ქვეყანას აწყობს სტატუს-კვო მდგომარეობაში კონფლიქტის გაყინვა. აზერბაიჯანი პერიოდულად ცდილობს მსოფლიოს შეახსენოს, რომ ეს კონფლიქტი არ დარეგულირებულა და აზერბაიჯანი არასოდეს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას. ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანს შვიდი პროვინცია აქვს დაკარგული და თითო პროვინცია ჩვენი სამაჩაბლოს ათმაგი ტერიტორიაა, მილიონ ლტოლვილზე მეტი ჰყავს აზერბაიჯანს. ამ დროს, საქართველოს არც ერთი მხარე არ ენდობა და არც - მეორე. სომხები ჩვენ თავიდანვე არ გვენდობოდნენ, ხოლო აზერბაიჯანთან მიმართებით ჩვენმა საცოდავმა დიპლომატიამ „მიაღწია“ იმას, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამო აზერბაიჯანიც უკვე ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არა მარტო აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და წამყვანი დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების პრიზმაში უნდა განვიხილოთ ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, რომელიც ე. წ. გაყინული კონფლიქტების რიცხვს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი ხანია, საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, ყარაბაღი უეჭველად იყო რეგიონული და გლობალური პოლიტიკის განმაპირობებელი ფაქტორი.

„მე ვფიქრობ, მხარეებს შესთავაზო თბილისში მოლაპარაკებების წარმოება კეთილშობილურია, მაგრამ არარეალულია, რამდენადაც არის კი საქართველო მზად ასეთი შეხვედრებისთვის?! რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარია სომხეთიც და აზერბაიჯანიც, მაგრამ ჩვენ მოვიაზრებით დასავლური პოლიტიკური გავლენის ნაწილად, ხოლო სომხეთი, ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილე, რუსული გეოპოლიტიკური სტრატეგიის ორგანული ნაწილია. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად რეალურია, რომ შეხვედრა გაიმართოს თბილისში და აქ იქნას განხილული ეს პრობლემები. თუმცა ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც ეს პრობლემა იხილებოდა მინსკში, რომელიც მაშინ რუსული პოლიტიკის მოკავშირე იყო, შემდეგ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარება დაიწყო საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ეს უფრო ფორმალურ ფორმატებად იქცა როგორც უკრაინასთან, ისე ყარაბაღის ფორმატთან მიმართებით და რეალური შედეგი არ მოიტანა. ასეთი სამსჯელო საფიხვნო შეკრებები ძირითადად კონფლიქტების ჩაქრობას და გაყინვას უფრო ემსახურება, ვიდრე საკმაოდ რთული საკითხების გადაწყვეტას. ამიტომ ეს კონფლიქტიც სერიოზული საფრთხეა ყველასთვის“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და განმარტა, რომ ეს კონფლიქტი საერთაშორისო არენაზე რუსეთის გააქტიურების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რამდენადაც რუსეთი ისევ დაბრუნდა მსოფლიო მოთამაშედ. ამ კონფლიქტის განახლების მცდელობამ რუსეთს შეახსენა, რომ ეს შესაძლოა, იმდენად დიდი პრობლემების წყება აღმოჩნდეს, რომ რუსეთს საერთაშორისო არენაზე ისევ გაუჭირდეს და ისევ აღმოჩნდეს სერიოზული სანქციებისა და იზოლაციის პირობებში.