მთიან ყარაბაღში დაწყებულ კონფლიქტს გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი გამოეხმაურა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა და დაპირისპირებულ მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები“, - ნათქვამია გავრელებულ განცხადებაში.
2 აპრილის ღამეს დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტს სომხური და აზერბაიჯანული მხარე ერთმანეთს აბრალებს და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების გარდაცვალების ფაქტებზე.
trend.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 130-ჯერ დაარღვიეს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხურმა მხარემ 60, 80 და 120 მმ-იანი მსხვილკალიბრიანი საბრძოლო იარაღი გამოიყენა.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, გამთენიისას, 06:00 საათიდან სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლი გახსნა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.
„მთიანი ყარაბაღის და სომხეთის რესპუბლიკის მხარე, ყველაფერს გააკეთებს მოწინააღმდეგის შემოტევების აღსაკვეთად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად იმის, რომ მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვლას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო პროცესებს, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდ ისქანდერიანი მიიჩნევს რომ კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდება და ფართომასშტაბიან ბრძოლებში არ გადაიზრდება.
რამ გამოიწვია ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია და რას ფიქრობენ ამის შესახებ ექსპერტები?
ალექსანდრ ისქანდერიანის ინფორმაციით, კონფლიქტის ხელახალი დაწყებას ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების სამიტმა შეუწყო ხელი, სადაც სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბარაქ ობამას მიწვევით იმყოფებოდნენ.
„სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ვაშინგტონში გამოსვლისას აზერბაიჯანის პოზიციას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში დესტრუქციული უწოდა, პრაქტიკულად, მაშინვე, აზერბაიჯანულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები განაახლა. სომხეთის მიმართ საბრძოლო მოქმედებების განახლების გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მას შემდეგ მიიღო, რაც თეთრ სახლში რაღაც პრობლემები შეექმნა“, - განუხადა ისქანდერიანმა kavkaz-uzel.ru-სთან საუბარში.
სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტის რუბენ მეღრაბიანის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი ნავთობზე ფასების დავარდნამ და ვაშინგტონში ალიევის ვიზიტის უარყოფითმა შედეგებმა გამოიწვია.
„ეს მორიგი ავანტურაა, რომელიც ქვეყნის შიგნით სიტუაციის დასაშოშმინებლად იქნა გამოყენებული“, - აღნიშნავს სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი.
kavkaz-uzel.ru-ს ბლოგერების ინფორმაციით, სტეფანაკერტში მოხალისეების ორგანიზაციული შეკრება მიმდინარეობს.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთი ამ სიტუაციას ლოკალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებს. ამის შესახებ Trend.az -ს აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორმა ფიკრეტ სადიხოვმა განუცხადა.
„როგორც ჩანს, ერევანში ფიქრობენ, რომ თუ მსოფლიოში სიტუაცია საკამარისად დაძაბულია და წამყვანი სახელმწიფოები ატომური უსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებულნი, კარგი იქნება თუ ამ სიტუაციით ისარგებლებენ და კონფლიქტის ზონაში სიტუაციას ლოკალურ დონეზე გაამწვავებენ“, - აღნიშნავს სადიხოვი.
რუსული მედია ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულ სიტუაციას უკავშირებს და ამ კონფლიქტში თურქეთის ფაქტორს ხედავს. Lenta.ru-ს ინფორმაციით, საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანული მხარის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქულმა საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ილჰამ ალიევი კი ორივე მხარის მორიგებას და მედიატორის როლის შესრულებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს.
ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პოზიცია მკვეთრად და გარკვევით გამოხატა. მან ალიევის ქმედებებს „სამართლიანი“ უწოდა.
„სამწუხაროდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების უმოქმედობამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხში იმ სურათის წინაშე დაგვაყენა, რომელსაც ახლა ვუყურებთ. ამ ჯგუფს სამართლიანობის და კონკრეტული შედეგების უზრუნველყოფის მიზნით რომ ემოქმედა, არსებული ვითარება არ გვექნებოდა“, - განაცხადა ერდოღანმა.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის დავით ბაბაიანის განცხადებით, თურქეთი მოკავშირეებს რუსეთის მოწინააღმდეგეებს შორის ეძებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აზერბაიჯანის ქმედებები, გამორიცხულია, ცალმხრივად მისი ინიციატივა იყოს“, - განახადა ბაბაიანმა და აღნიშნა, რომ 2 აპრილის კონფლიქტის გაღვივებაში აზერბაიჯანული მხარის ინციატივის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ეუთო-ს გადასცემს
„უკვე სირცხვილი იქნება, თუ ეუთო კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს აზერბაიჯანული მხარისთვის სანქციების დასაწესებლად“, - განაცხადა ბაბაინმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.