„რუსეთის პრეზიდენტის სისუსტე - ნაკლებადცნობილი მეგობრების ძვირადღირებული საჩუქრები“

„რუსეთის პრეზიდენტის სისუსტე - ნაკლებადცნობილი მეგობრების ძვირადღირებული საჩუქრები“

სანამ მედია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და რუპერტ მერდოკის ყოფილი მეუღლის ვენდი დენგის ურთიერთობებზე წერს, Reuters-მა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა კრემლის ლიდერთან დაკავშირებით. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტის მეგობარი ბიზნესმენები კრემლის ლიდერის ახლობელ ქალებს, უძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემდნენ.

„ნაკლებად ცნობილმა ბიზნესმენმა გრიგორი ბაევსკიმ, რომელიც მილიარდერ არკადი როტენბერგთან მუშაობს, ძვირადღირებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაუფორმა ვლადიმერ პუტინის ქალშვილს კატერინა ტიხონოვას, ყოფილ დეპუტატ ალინა კაბაევას ბებიას, დას და სტუდენტ ალისა ხარჩევას, რომლის სურათიც, სპეციალურად პუტინის დაბადების დღისთვის გამოცემულ კალენდარს ამშვენებს. ძვირადღირებული უძრავი ქონება მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბნებშია დარეგისტრირებული.

ალისა ხარჩევას განცხადებით, ბინა მან ერთ-ერთი სააგენტოს დახმარებით, იპოთეკით შეიძინა, ბიზნესმენ ბაევსკის კი, ის საერთოდ არ იცნობს. ინოპრაქტიკის ფონდის ხელმძღვანელმა ეკატერინა ტიხონოვამ რეგისტრაციისას მიუთითა ბინა, რომელიც ბიზნესმენ ბაევსკის კუთვნილებაშია.

გრიგორი ბაევსკიმ 2006 წელს ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრებთან, პეტერბურგელ ბიზნესმენ ძმებთან არკადი და ბორის როტენბერგებთან ერთად დააარსა სააგარაკო კოოპერატივი. 2011-14 წლებში ის არკადი როტენბერგის საინვესტიციო კომპანიის დირექტორია, 2014-15 წლებში კი საინვესტიციო კომპანიამ, რომელშიც შემავალი კომპანიები ნაწილობრივ ბაევსკის ეკუთვნის, სახელმწიფოსთან 6 მილიარდი რუბლის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა“.

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკვე გამოეხმაურა Reuters პუბლიკაციას და „საინფორმაციო ნარჩენები“ უწოდა. „ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ. პრეზიდენტი ბაევსკის არც იცნობს“, - განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტატიაში აღნიშნული ფაქტების გამოძიებას, პრეს-მდივანმა კატეგორიული უარი განაცხადა.

მცირე ინფორმაცია Reuters-ის მიერ ჩამოთვლილ მანდილოსნების შესახებ. რას წარმოადგენენ, რას საქმიანობენ და როგორ აღმოჩნდნენ ძვირადღირებული უძრავი ქონების მფლობელები?

კატერინა ტიხონოვა პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილია, 29 წლის. რუსული გამოცემების, კერძოდ კი РБК-ს ყურადღება გასული წლის აპრილში რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულმა კონგრესმა მიიპყრო. კონგრესის ორგანიზატორი - „ინოპრაქტიკის“ ხელმძღვანელი კატერინა ტიხონოვა აღმოჩნდა, რომლის სახელი და გვარიც არც ერთ სამეცნიერო თუ სტუდენტურ კონფერენციებში და არც ერთ აკადემიურ პუბლიკაციებსა და გამოცემებში არ ფიგურირებს. კონგრესში კი მონაწილეობა უმსხვილესმა რუსულმა კომპანიებმა „გაზპრომ ნეფტმა“, „ინტერ რაო“-მ, „აეროფლოტმა“, „როსატომმა“, „სიბურმა“ და სხვებმა მიიღეს.

კატერინა ტიხონოვანს სახელმა და გვარმა მედიაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა შვეიცარიაში გამართულ დაოსის ფორუმის მონაწილეთა სიაში. ტიხონოვა და მისი მეუღლე კირილ შამალოვი, რომელიც პუტინის პეტერბურგელი მეგობრის ბანკ „როსიას“ აქციონერის ნიკოლაი შამალოვის შვილი და კომპანია „სიბურის“ 21. 3 %-იანი აქციების მფლობელია, დაოსის ფირუმზე რუსული დელეგაციის წევრები გახლდნენ. როგორც Reuters აღნიშნავს, დღეისთვის, ტიხონოვას და შამალოვის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტაშკენტელი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, რუსეთის დუმის დეპუტატის ალინა კაბაევას და რუსეთის პრეზიდენტის ურთიერთობებზე დიდი ხანია საუბრობენ. 18 წლის ალინა კაბაევა პარტია „ედინაი როსიას“ წევრი ხდება, 22 წლის ასაკში რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელია, 24 -დან 30 წლამდე კი რუსეთის დუმის მე-5 და მე-6 მოწვევის დელეგატია. 2008 წლის 17 აპრილს გამოცემა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ პუტინის და კაბაევას მოსალოდნელი ქორწინების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იმავე საღამოს კი რედაქტორმა გამოცემის გაკოტრების და დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა. 2009 წელს კი მედიის ინფორმაციით, პუტინს და კაბაევას ვაჟიშვილი დიმიტრი შეეძინათ. მიუხედავად იმის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფაქტს უარყოფდა, LifeNews-მა სტოპ-კადრით დააფიქსირა ვლადიმერ პუტინის და ეგვიპტის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის აბდელფატახ ას-სისის შეხვედრის კადრი, სადაც პუტინის ახალი საქორწინო ბეჭედი კარგად ჩანს. ამჟამად კაბაევა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში და მონაწილეობას იღებს ფილმებში.

რაც შეეხება Reuters-ის მიერ აღნიშნულ პორეზიდენტის მესამე ფავორიტ მანდილოსანს, ალინა ხარჩევას, ის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტია და მხურვალედ უყვარს რუსეთის პრეზიდენტი. „ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის უკეთესი ხელმძღვანელის პოვნა რთულია. მომწონს მისი საქმიანობა, მისი იუმორი. ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა წეროების აქციამ. არ ვფიქრობ, რომ ეს პიარაქცია იყო -პრეზიდენტს ძალიან მოსწონს მსგავს აქციებში მონაწილეობის მიღება. ის ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ“, - აცხადებს ხარჩევა Sobesednik.ru-სთან ინტერვიუში.