გამოძიების პირველად შედეგი ცნობილია - კადრები საქართველოდან არ ატვირთულა

გამოძიების პირველად შედეგი ცნობილია - კადრები საქართველოდან არ ატვირთულა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები საქართველოში არიან და ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების ფარგლებში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევენ. FBI-ის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ პროკურატურა მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას.

FBI-ის წარმომადგენელმა ქეთლინ კენინგმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

„მსგავსი ტიპის საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, განსაკუთრებით რთულია გამოსაძიებლად - მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში, მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, წარადგენს მართლმსაჯულების წინაშე. ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა ქეთლინ კენინგმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის საქმეზე 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ტექნიკა, ასევე სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ ჩატარდა თუ არა ჩრხეკა ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილისა და ნუგზარ ფოფხაძის საცხოვრებელ სახლში.

გარდა ამისა, ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა. გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი.

გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

გამოძიებით დადგენილია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. თუმცა, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ, მამუკა ვასაძემ აღნიშნა, რთულია პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა კადრები და რაში მოხდება მათი გამოყენება.

„2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, შემიძლია ვთქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები საქართველოდან არ არის ატვირთული“, - აცხადებს მამუკა ვასაძე.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ კადრებს, მამუკა ვასაძის განცხადებით, ამ კადრებით შეუძლებელია იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს რომელიმე პირის პირადი ცხოვრება.

„გუშინ იყო ფარული ვიდეომასალის ატვირთვა და გავრცელების მცდელობა, მაგრამ ამ კადრებით იმის იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ვინ არის და არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრება, ამის გარკვევა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, რომელიც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს157-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, გამოძიების დასაჩქარებლად პროკურატურას „წამზომი ჩაურთო“ სახალხო დამცველმა. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ.

„დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ვიდეო კადრების გავრცელების და საჯარო ჩვენების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არა ეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას მიმდინარე წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია.

ფაქტია, რომ გამოძება დაწყებულია, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, როგორ მიმდინარეობს. ამიტომაც სწორედ ჩვენი კამპანიის მიზანი არის, რომ ყოველდღიურად შევახსენეთ ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოებს, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული და მისი გამოძიებისთვის უნდა იყოს მიმართული ყველა ის შესაძლებლობა რომელიც არსებობს საგამოძიებო ორგანოებში“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო დარღვევა 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფის დროს სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონი გაამკაცრებს პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო დარღვევას და ეს იქნება სსკ-ში ცალკე მუხლად დამატებული.

„სასჯელი არის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სხვა სანქციები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. მთლიანობაში დანაშაული გავა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. გავიარეთ კონსულტაციები არასამთავრობოებთან და სამართალდამცავებთან, ასე რომ, პრინციპების დონეზე შეთანხმება შედგა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საია-ს თავმჯდომარე კი თვლის, რომ ამ დანაშაულის გამოუძებლობა და მისი დაუსჯელობა არის წამახალისებელი ამ ტიპის ფარული ჩანაწერების გავრცელების და ასევე იმისა, რომ დღესაც არსებობს ეჭვები და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პირების განცხადებები, რომ კვლავ მათაც უსმენენ, უთვალთვალებენ და არიან შანტაჟის ქვეშ.

„გარდა იმისა, რომ ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს, სანამ გამოძიება მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურა გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას აწვდიდეს სრულ ინფორმაციას, რა პროგრესია სისტემური დანაშაულის გამოძიებაში.

ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიოდნენ, სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან სამართალდამცველ სისტემებში და მათი ამ თანამდებობზე მუშაობა არის სერიოზული საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ამ საზარელ დანაშაულში იყვნენ ჩართულნი, დღეს სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.