პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ისევ გავრცელდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ისევ გავრცელდა

ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და შესაძლებლობის ფარგლებში მუშაობენ პრევენციისთვის. თუმცა, როგორც ჩანს ინტენეტსივრცის სრულად კონტროლი რთულია და ამასვე ადასტურებს ინტერნეტ-სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელება. ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში დილიდან გავრცელდა.

რამდენიმე ჟურნალისტს ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით სოციალურ ქსელში ვიდეოს ინტერნეტბმულები მიაწოდეს. ამ დროისთვის ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ამ მორალურ ტერორზე რეაგირება უმკაცრესი იქნება. პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები ჟურნალისტებმა მაკა რაზმაძემ და ირაკლი ყურაშვილმა მიიღეს.

როგორც რაზმაძე აცხდებს, მან გამთენიისას მიიღო ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ასევე შეიცავდა მუქარას ერთ-ერთი ჟურნალისტისადმი, რომ მან დატოვოს მედიასაშუალება. „ინბოქსში“ დახვდა შეტყობინება ჟურნალისტ ირაკლი ყურაშვილსაც და როდესაც ნახა, რომ ეს იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, საპატრულო პოლიციაში დარეკა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები მიიღო მსახიობმა ბესო ზანგურმა, თუმცა თავად აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ მიუღია და არც ის იცის, რატომ დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არ დადასტურდა და უმეტეს შემთხვევაში ასეთი შეტყობინება ინტერნეტ „ვირუსს“ წარმოადგენდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და პრევენციის მიზნით ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე უმოკლეს დროში დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გამავრცელებლის დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 100%-იანი დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ფარული ჩანაწერები არ გავრცელდება. მისი თქმით, ასეთი საკითხები ურთულესი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, ჩართული გვყავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ისეთი, როგორიც არის ამერიკა, ბრიტანეთი. თამამად შემიძლია ვთქვა, ყველა ნაბიჯი, რაც გადაიდგა პირველივე დღიდან, მათი შეფასებით, იყო სწორად გადადგმული“, - განაცხადა ვახტნაგ გომელაურმა.

მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივით მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს. როგორც ქალდანი აცხადებს, მაკოორდინირებელი ჯგუფი პასუხისმგებელი უნდა იყოს კომპლექსური გეგმის მომზადებასა და მის განხორციელებაზე.

„დასაკარგი დრო არ არის. საქართველოს პრემიერსა და პარლამენტს ვთხოვ შექმნან მაკოორდინირებელი უწყება ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს კომპლექსური გეგმის შემუშავებაზე და მის სწრაფად განხორციელებაზე. ჩვენი მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ, პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

მგონია, რომ დროა ყველა რესურსის მობილიზება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. უნდა გაანალიზდეს მიმდინარე გამოძიებაში არსებული შესაძლო ნაკლოვანებები და მყისიერად მომზადდეს ასეთი ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული ნაბიჯები“, - აცხადებს თამარ ქალდანი.

პოლიტიკოსის პირდაი ცხოვრების გავრცელების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ უმრავლესობის წევრები. ერთადერთი ვინც მთავარობის მხრიდან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მინისტრი  დავით ბაქრაძეა. როგორც ბაქრაძე აცხადებს, სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ კვალს, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს საზღვრები არ აქვს.

„ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ამ დანაშაულის, ამ ამაზრზენი ფაქტების წინააღმდეგ სწორედ ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულებით მის მიმართ, რათა მათ, ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს სჩადის, შედეგს ვერ მიაღწიოს. დღესდღეობით აქტიურად მუშაობა მიდის საერთაშორისო დონეზე ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად ამ საკითხის დასადგენად მომავალი შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით.

თუ ბოლო ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ საზოგადოება ამ კუთხით არის გაზრდილი, საზოგადოებამ ვფიქრობ, რომ ადეკვატური პასუხი გასცა და ვფიქრობ, ამ კუთხით კონსოლიდირება სწორ გზავნილს გააგზავნის იმ დამნაშავეების მიმართ, ვინც თავს ამის უფლებას აძლევს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

კვლავ უცვლელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია და თვლიან, რომ ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს ხელისუფლება ავრცელებს. სკანდალური განცხადება გააკეთა „იბერიის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ. დეპუტატის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დავით ბაქრაძეს და გიგი უგულავასაც უღებდნენ.

„ნაძირლები რომელიც ამ ხელისუფლებამ არ დააპატიმრა და არა თუ არ დააპატიმრა, გადმოილოცა სისტემაში, იღებდნენ დავით ბაქრაძეს თავის მეუღლესთან ერთად, გიგი უგულავას თავის მეუღლესთან ერთად და კიდევ - ბევრ ჩვენთაგანს“,- განაცხადა გია ბარამიძემ, რომლიც არ აკონკრეტებს ვინ არიან ის „ნაძირლები“, რომლებიც მათივე გუნდის წევრებს იღებდნენ.