საჭესთან ფენოვანი ხაჭაპურის ჭამა აიკრძალება

საჭესთან ფენოვანი ხაჭაპურის ჭამა აიკრძალება

საქართველომ ვიზალიბერალიზაციისათვის აუცილებელი მოთხოვნები შეასრულა და ახლა ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებულ ინსინუაციებს კვლავ დაპყრობილი აქვს როგორც პრესა, ასევე - სოციალური ქსელები, რაც ერთხელ კიდევ დაადასტურა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის ბოლოდროინდელი განცხადებებმაც. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ნაწილი, ხოლო დანარჩენი ვალდებულებების შესრულება მხოლოდ დროის საქმეა და ეს უახლოეს თვეებში მოხდება. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა საგზაო მოძრაობის წესების სტანდარტიზაცია და მგზავრებისა და ფეხით მოსიარულეთა უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს.

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული მგზავრი - უსაფრთხო საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე, ვაჟა ერაძე.

- რატომღაც, არავინ საუბრობს იმ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვნ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება. სამწუხარო იქნება, თუ ვიღაცას საბაბი მიეცემა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს პრობლემები შეუქმნას, თუმცა ეს ისევ ჩვენი თავს უნდა დავაბრალოთ და ტყუილად სხვისკენ ხელს ნუ გავიშვერთ. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პრევენცია მოვახდინოთ.

კერძოდ, რა პრობლემებს გულისხმობთ?

- ზოგადად, პრობლემა ბევრია, მაგრამ, ნათქვამია, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს და ამიტომ მხოლოდ იმ პრობლემებზე ვისაუბრებ, რომელთა მოგვარებაზეც აქტიურად მუშაობს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის პროფესიონალთა გუნდი - იურისტები, ფსიქოლოგები, ინჟინრები და სოციოლოგები. ჩვენი მიზანია, რომ დაცული იქნას მგზავრთა და ფეხით მოსიარულეთა უფლებები და უსაფრთხოება. ამ მიზნით, ვატარებთ კვლევებს, ვახდენთ სხვადასხვა სიტუაციების მოდელირებას, რის შემდეგაც კეთდება ანალიზი, ხოლო შედეგები ეგზავნება მთავრობას, პარლამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

რამდენადაც ვიცი, ბოლო კვლევა და ანალიზი და მათზე დაფუძნებული რეკომენდაციები  მძღოლებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. მოდით, ამ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბროთ.

- დიახ, სწორად შენიშნეთ. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ უკვე ინიცირებულია დამატება კანონში. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა  სამინისტროებიდან უკვე მივიღეთ დასტური, რომ შესაბამისი ცვლილება მალე კანონის სახეს მიიღებს. საუბარია მძღოლების ქცევის წესებზე. მაგალითად, როგორც ვიცით, მძღოლებს მოძრაობის დროს ეკრძალებათ მობილური ტელეფონით საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება და გაგზავნა, რადგან ეს მათ ყურადღბას უფანტავს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც მგზავრებისა და ფეხით მოსიარულეთა, ასევე თავად მძღოლების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. უნდა ითქვას, რომ მობილური ტელეფონი არ არის ერთადერთი საფრთხე. საფრთხის შემცველია მოძრაობის დროს სიგარეტზე მოკიდება (განსაკუთრებით - ასანთით მოკიდება), მაგნიტოფონის ან სხვა აპარატურის პულტით სარგებლობა და ა.შ. ჩვენ გამოვითხოვეთ შესაბამისი სტატისტიკა, ჩავატარეთ კვლევა და კვლევის ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ განუზომლად ბევრად სახიფათოა მოძრაობის დროს მძღოლის მიერ ფენოვანი ცომისგან დამზადებული საკვების მიღება. მოგეხსენებათ, რომ ფენოვანი ცომისგან დამზადებული საკვები მირთმევის დროს იფხვნება, ნაფხვენები ადამიანს, ამ შემთხვევაში - მძღოლს, ეყრება გულისპირზე და ფეხებზე, იყრება სავარძლზე, რა დროსაც მძღოლი ცდილობს ნაფხვენების მოშორებას, ეფანტება ყურადღება და იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი...

მაგ ლოგიკით, მძღოლს საკვების მიღება საერთოდ უნდა აეკრძალოს. არავინ იცის, ვის რომელი საკვების მიღებისას უქვეითდება რეაქცია.

- გეთანხმებით. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ შევამციროთ რისკები. საერთოდ, მძღოლებს ვურჩევთ, გააჩერონ სატრანსპორტო საშუალება, დაიკმაყოფილონ შიმშილის გრძნობა და შემდეგ გააგრძელონ მოძრაობა, თუმცა ეს მხოლოდ რჩევაა, კანონში კი ამ ეტაპზე მხოლოდ ფენოვანი ცომისგან დამზადებული საკვების მიღების აკრძალვა ჩაიწერება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ავტობუსის ან სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც ფენოვან ხაჭაპურს მიირთმევს და თან, ამ დროს, სამოსის ესთეტიურ მხარეზეც ზრუნავს...

ანუ, პირველ ეტაპზე ეს აკრძალვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს შეეხებათ?

- აკრძალვა შეეხება ყველას. დაწესდება საჯარიმო სანქციები. უბრალოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან როგორც თავად მძღოლები, ასევე მათი დამქირავებლებიც. ამჟამად სწორედ ჯარიმის ოდენობის დადგენა ხდება. ალბათ, მზარდ ჯარიმაზე შევჯერდებით - მეორე დარღვევაზე ჯარიმა გაიზრდება და ა.შ.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მძღოლი გააპროტესტებს.

- ნებისმიერი აკრძალვა ბუნებრივად იწვევს პროტესტის გრძნობას, თუმცა, ყველა დამეთანხმება, რომ პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას ითხოვს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ევროკავშირის მოთხოვნებიც რომ არა, ეს საკითხი მაინც დადგებოდა.

მოკლედ, ნახევრად ხუმრობით (თუმცა, ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი) მძღოლებს ვურჩევ, მიირთვან იმერული ხაჭაპური, გურული ღვეზელი, ჰამბურგერი, სენდვიჩი და ა.შ. და თუ მაინცდამაინც ფენოვან ხაჭაპურს მოინდომებენ, გააჩერონ სატრანსპორტო საშუალება და ისე დატკბნენ ქართული კულინარიის ამ შედევრით.