კოალიცია ეთმობათ და არც ეთმობათ... რესპუბლიკელები მიდიან და ვერც მიდიან... აქამდე კოალიციიდან მათი სავარაუდო გასვლის შესახებ ნებისმიერ განცხადებას რესპუბლიკელები ყოველთვის ერთსა და იმავე ტონალობაში პასუხობდნენ - „ჩვენ გაერთიანებაში ვრჩებით და კოალიციას ყველაზე ბოლოს დავტოვებთ“.
თუმცა, დავით უსუფაშვილის განცხადების მიუხედავად, რომ რესპუბლიკელები კოალიციიდან გასვლასა და თანამდებობების დატოვებაზე არ მსჯელობენ, ქართულ მედიაში მაინც აქტუალურია აზრი, რომ „ოცნებაში“ დაპირისპირება იმდენად ძლიერია, კოალიცია შეიძლება კვირის ბოლომდე დაიშალოს.
შესაბამისად, თუკი რესპუბლიკელები თანამდებობას დატოვებენ, თავდაცვისა თუ გარემოს დაცვის მინისტრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც დატოვებენ პოსტებს.
კოალიციიდან რესპუბლიკელთა შესაძლო გასვლის შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
საინტერესოა, რამ დააჩქარა მოვლენები ისე, რომ რესპუბლიკელთა გასვლის შესახებ სულ უფრო დამაჯერებელ ტონში საუბრობენ? არჩევნებამდე ეს აზრი უკვე მომწიფებულია?
- ყოველ შემთხვევაში, დავით უსუფაშვილის ნახევარ ტონში საუბრისას მაინც არ ჩანს, რომ რესპუბლიკელები კოალიციიდან გასვლას აპირებდნენ. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე კოალიციიდან რესპუბლიკელების გასვლა შეცდომა იქნებოდა არა მარტო ამ პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, არამედ ზუსტადაც იმიტომ, რომ დღეს უმრავლესობაში დეპუტატების 87 თუ 88 რაოდენობაა. თუკი რესპუბლიკელები გავლენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უმრავლესობის შენარჩუნების საკითხიც. რესპუბლიკელებს ერთი-ორი დეპუტატიც რომ მიემატოთ ამ მიზეზების გამო (რაც საქართველოში მაინცდამაინც ძნელი წარმოსადგენი და გასათვლელი არ არის), აღმოჩნდება, რომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა უბრალოდ, არ ეყოფა. ეს საშუალებას მისცემს ოპოზიციაში არსებულ ძალებს, რომ რესპუბლიკელებთან და იმ ხალხთან ერთად, ვინც უმრავლესობას დატოვებს, დაიწყონ კონსტიტუციური პროცედურა მთავრობის გადაყენების შესახებ. დაიწყება უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მთავრობისადმი. მივა ეს ბოლომდე თუ არ მივა, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ეს ვადაში გაწერილი პროცესი საუცხოო საშუალებაა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საარჩევნო კამპანიისთვის. ამას ექნება, როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური დატვირთვა.
პრობლემა ისაა, რომ არათუ არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდეც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ მგონია, რესპუბლიკელებს ეყოფათ იმდენი გამოცდილება და საკითხისადმი სერიოზული მიდგომა, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან. ვფიქრობ, ისინი დარჩებიან კოალიციაში. წესით, უნდა დარჩნენ, რადგან აქ მათი პარტიის ინტერესები უკვე მეორე და მესამეხარისხოვანია. არა მგონია, ამ ანალიზის შემდეგ რესპუბლიკელებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინაშე საკითხი ასეთნაირად დააყენონ, კი, ვრჩებით კოალიციაში, მაგრამ მინისტრებს თუ არ შეგვინარჩუნებთ, მაშინ გავალთ კოალიციიდან არჩევნებამდეო. საკითხი ასე არ უნდა დასვან თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი მინისტრი და არც ერთი პარტიის ინტერესი არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ გარე და შიდა პრობლემების გათვალისწინებით, არასტაბილური ვითარება შექმნან ქვეყანაში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ განცხადებების შემდეგ უსუფაშვილი მაინც გადადგება, ვფიქრობ, რომ მაინც კოალიციაში უნდა დარჩეს „რესპუბლიკური პარტია“. ეს არის მათი ვალი ქვეყნის და არა რომელიმე პირის ან პარტიის წინაშე.
მოსალოდნელია, რომ კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „საქართველოს განვითარების ფონდთან“ ალიანსი შექმნას? ზოგიერთები ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში რესპუბლიკელთა მიმართ არაერთგვაროვანი განწყობის მიუხედავად, მათი ზეგავლენა მაინც არსებობს და შესაძლოა, ინსტიტუციურად განვითარებულ „რესპუბლიკურ პარტიას“ პარლამენტში მოხვედრის შანსიც ჰქონდეს. ამიტომ ღირს ბრძოლა და არა- თავის დაქნევის რეჟიმში ყოფნა კოალიციურ ერთობაში.
- ჯერჯერობით, მაინც უნდა დაველოდოთ, რა განცხადებას გააკეთებენ რესპუბლიკელები, რას აპირებენ და როგორ. დღემდე რესპუბლიკელები თვლიდნენ, რომ კოალიციასთან ერთად უნდა გამოსულიყვნენ, ეს ერთი რეალობაა. ხოლო, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არჩევნებზე ცალკე გავლენ, ეს მეორე რეალობაა. შანსი, რა თქმა უნდა, ისეც აქვთ და ასეც, მაგრამ 100%-იანი გარანტიები არ აქვთ. 2008-შიც მათ ჰქონდათ ამომრჩევლის დაახლოებით 4%-ის მხარდაჭერა. ეს პროცენტი იმის მიხედვით ითვლება, რა რაოდენობის ამომრჩეველი მივა არჩევნებზე. ასე რომ, ბევრი ფაქტორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაის-ივნისში უნდა ჩამოყალიბდნენ.
ძალიან დეტალურად და პუნქტობრივად უნდა იყოს სამოქმედო პროგრამა გაწერილი, რათა გავიგოთ, ეს ხალხი რას და როგორ აკეთებს. აქ ორი ვარიანტია. ერთი ვარიანტი, თუკი გადიან ოპოზიციაში და მეორე ვარიანტი, თუ რჩებიან კოალიციაში. ამიტომ ბევრი სამუშაო ელით რესპუბლიკელებსაც და სხვებსაც. ბუნებრივია, იქნება მათზე ზეწოლა. დავუშვათ, ორი სუბიექტი იქნება - რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“, შესაძლოა, დაემატოს მესამე სუბიექტიც. მე ვერაფერს გეტყვით „საქართველოს განვითარების ფონდზე“, მაგრამ ცალკე შანსი აქვთ რესპუბლიკელებსაც და თავისუფალ დემოკრატებსაც, თუმცა გარანტია არც ერთს აქვს და არც მეორეს. თუკი მაინც გაერთიანდებიან, მათ გარანტია ექნებათ იმიტომ, რომ მათი ამომრჩეველი, ზოგადად, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები აქეზებენ რესპუბლიკელებს, რომ მათ დატოვონ კოალიცია. მსგავსი განცხადებები კეთდება კახი კალაძის, ეკა ბესელიას მხრიდან, რომ „ცუდი არ იქნება, თუ არჩევნებში ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას“, ან კიდევ, „ზოგჯერ დგება ეტაპი, როცა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა, ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები“. ამას ემატება გია ვოლსკის დამაინტრიგებელი განცხადება, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ასე რომ, მხოლოდ თამაზ მეჭიაურს არ წამოსცდენია, ყველა პარტიამ არჩევნებში საკუთარი ძალები დამოუკიდებლად გამოსცადოსო, როგორც ეს ლევან ბერძენიშვილს ეგონა. რამ იმოქმედა რესპუბლიკელებზე, მომავალში მოსალოდნელმა ან უკვე გავრცელებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა კადრებმა? მკვეთრმა განცხადებებმა, რომ რესპუბლიკელები ცოტა მედიდურად უყურებენ საკუთარ კოლეგებს?
- კადრებთან დაკავშირებით აბსულუტურად გამოვრიცხავ, ასევე, გამოვრიცხავ მკვეთრ განცხადებებთან დაკავშირებითაც. როგორც ჩანს, აქ უფრო ძირეული პრობლემებია. თავდაპირველად არსებული კოალიცია შეიქმნა ერთი პლატფორმისგან, რომ ხელისუფლებას ჩამოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. დღესაც იმის მომხრე ვარ, რომ კოალიცია შენარჩუნდეს. უფრო მეტიც, ვფიქრობ იმასაც, რომ კოალიციას უნდა ემუშავა, რათა ალასანია და „თავისუფალი დემოკრატებიც“ უკან დაებრუნებინა, მაგრამ ეს ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული. თუ კოალიცია შენარჩუნდებოდა, როგორი კონფიგურაციისაც არ უნდა ყოფილიყო, მას უნდა ჰქონოდა ერთიანი ხედვა, ერთმანეთთან შეთანხმებული და ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა. სხვა შემთხვევაში, ამ კოალიციის არსებობას აზრი დაეკარგებოდა და ეს იქნებოდა მუდმივი თავის ტკივილი თვითონ კოალიციის შიგნით. თქვენ გახსოვთ, როდესაც სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაკეთდა განცხადება რესპუბლიკელებსა და „ქართული ოცნების“ პარტიას შორის, შემდეგ წავიდა ამ განცხადებებზე საუბარი. როგორც ჩანს, უფრო პრობლემატური საკითხებიც არსებობს, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის მომავალ განვითარებას. ალბათ, ეს იყო გაუგებრობის მთავარი მიზეზი.
რაც შეეხება „ოცნების“ წევრთა მხრიდან რესპუბლიკელების საწინააღმდეგო განცხადებებს, რესპუბლიკელები ამას შეჩვეულნი არიან და მაგაზე რეაქცია არ ექნებოდათ. უფრო მგონია, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას და, ალბათ, ამის შესახებ რესპუბლიკელები იტყვიან კიდეც. ეს სრულიად ბუნებრივია. ის, რომ არსებობს ორი პოლიტიკური ჯგუფი, სულაც არ არის აუცილებელი, ერთი ჯგუფი საშინელება იყოს და მეორე კარგი, ან პირიქით, უბრალოდ, შესაძლოა, მათ სხვადასხვა ხედვა ჰქონდეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე. თუ ამ სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან, მაშინ კოალიციასაც აზრი ეკარგება.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ უნდა დამთავრდეს ე.წ. „პარავოზის“ მოქმედების პრინციპი, როდესაც ერთ ძლიერ ფიგურას გაჰყავს დანარჩენები. მისი აზრით, პოლიტიკურ არენაზე სხვისი რეიტინგებით ბრძოლა ამახინჯებს პოლიტიკურ სპექტრს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, კვლავაც გრძელდება. დღემდე რამდენად აქტუალურია მესიანიზმის პრინციპი და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებლად რატომ არ გამოსდით არაფერი?
- ბატონ რამაზს ვეთანხმები, მეც ვფიქრობ, რომ „პარავოზის“ მოქმედების პრინციპი უნდა დამთავრდეს, ოღონდ არც მე ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს და ეჭვი მაქვს, არც რამაზმა იცის. ამიტომ ეს სურვილის დონეზეა. არის რაღაც ვერსიები, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ მესიანიზმი თუ „პარავოზის“ მოქმედების პრინციპი თუ სულ არ აღმოიფხვრება, უნდა შერბილდეს და შემცირდეს მაინც, მაგრამ ასეთ მიმართულებაზე დღეს პოლიტიკური სპექტრი არ მიდის. არც პოზიციას, არც ოპოზიციას, არც მთლიან პოლიტიკურ სპექტრს არ აწყობს ასეთი რამ. თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ოთხი წელია, სხვა ქვეყნის გუბერნატორი, ყოფილი პრეზიდენტი, სააკაშვილი ჰყავს ლიდერად. ამიტომ რაზეა ლაპარაკი? განა ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი იმაზე შეთანხმდება, რომ მესიანიზმი გამოირიცხოს? რა თქმა უნდა,- არა.
კოალიცია „ქართული ოცნებაც“ ივანიშვილის მხრებზე იდგა. დღესაც „ოცნებიდან“ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და სხვები რომ ლაპარაკობენ, ყველა ცალ-ცალკე გავიდეს და ძალები დამოუკიდებლად მოსინჯოსო, როგორ ხასიათზე დადგებიან, თუკი ივანიშვილი იტყვის, რომ საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში და „ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა, ის გააკეთოს?
იმის გარანტია აქვთ, რომ ივანიშვილი გვერდიდან არ შეხედავს მოვლენებს.
- გასაგებია, რომ ეს გარანტია აქვთ, მაგრამ ეს ხალხი განცხადებებს თავისი რეიტინგით კი არ აკეთებს, არამედ აკეთებს ივანიშვილის რეიტინგით. ასეთ ვითარებაში როგორ გინდათ ამ პრობლემის მოგვარება, რომელიც მავნე პოლიტიკურ სივრცეს ამახინჯებს? თორემ, თეორიულად, ეს სწორია, უბრალოდ, პრაქტიკულადაა შეუძლებელი, მაშინ საზოგადოება მთლიანობაში უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება პოლიტიკური ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა საქართველოში, მაგრამ ამ პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგებას სწორედ პოლიტიკური პარტიები ეწინააღმდეგებიან. ჯადოსნურ წრეში ვართ და არ ვიცით, რა ვქნათ.