„რუსებმა კრასნოდარის მხარეში აღმოჩენილ ზიკას ვირუსის გადამტან კოღოს მოუარონ“

„რუსებმა კრასნოდარის მხარეში აღმოჩენილ ზიკას ვირუსის გადამტან კოღოს მოუარონ“

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთის თავის ტკივილი არაერთხელ გამხდარა. ამჯერად რუსული მხარის არაპირდაპირი ბრალდება სწორედ ამ ლაბორატორიას შეეხო და რუსებმა უმალ დაასკვნეს, რომ „ზიკას“ ვირუსის შექმნა თუმე საქართველოშიც შესაძლებელია.

რუსული გამოცემა „Независимое военное обозрение“  საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ წერს და პარალელს ავლებს იმ ფაქტთან, რომ დაავადება „ზიკას“ ეპიდემიის გამავრცელებელი კოღო ბოლო წლების განმავლობაში პირველად სწორედ საქართველოს შავიზღვისპირეთში შენიშნეს.
გამოცემის ცნობითვე, „ზიკას“ ვირუსი ხელოვნურადაა გამოყვანილი. უფრო მეტიც, „დღეს ყველას პირზე აკერია „ზიკას ციებ-ცხელების“ ეპიდემია, რომლის ვირუსი ჯერ კიდევ 1947 წელს იქნა გამოყვანილი. 60 წლის განმავლობაში აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამ ავადმყოფობის მხოლოდ 15 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო ხანებში კი „ზიკას ეპიდემიამ“ სამხრეთ ამერიკაში იფეთქა“, - იუწყება „Независимое военное обозрение“.

ზიკას ვირუსთან დაკავშირებით ნიშნადობლივია რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმის, „როსპოტრებნადზორის“ ექს-ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს ინტერვიუ ბრიტანულ „ბი-ბი-სი“-სთან მიმდინარე წლის 15 თებერვალს, რომელშიც  ამბობს, რომ რუსმა ეპიდემიოლოგებმა ჯერ კიდევ 2012 წელს აფხაზეთის სანაპიროზე დააფიქსირეს ზიკას ციებ-ცხელების გამომწვევი ვირუსის გადამტანი კოღოს არსებობა. ონიშჩენკო ამას ისევ და ისევ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს და ამბობს, რომ აფხაზეთის სანაპიროდან 100 კმ-ის მოშორებით, სადაც დღეს ეს კოღო ბინადრობს, აშშ-ის არმიის სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მდებარეობს.

„საკვირველია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ამერიკელი სამხედრო მიკრობიოლოგები ჰუმანიტარებად გადაიქცნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან ქართველი ბავშვები წითელასაგან. პენტაგონს თავისი სამხედრო ბიოლოგიური ბაზა საქართველოში ამ მიზნით ნამდვილად არ შეუქმნია“, - მიიჩნევს მდიდარი ფანტაზიის მქონე გენადი ონიშჩენკო და ასკვნის, რომ ამერიკელები „ხელოვნურად ერევიან“ ნორმალურ ბუნებრივ ეპიდემიოლოგიურ პროცესებში.

ეს გენადი ონიშჩენკოს პირველი თავდასხმა არ არის აღნიშნულ ლაბორატორიაზე. For.ge ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინაც წერდა, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიამ რუსებს მოსვენება დაუკარგა და მათი მთავარი სანიტარი რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ღორის ჭირის გავრცელებას სწორედ საქართველოში არსებულ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებდა. იმ პერიოდში ქართული მხარე ეპატიჟებოდა რუს მეცნიერებსა და ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ისინი გასცნობოდნენ მასში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობას და, სურვილის შემთხვევაში, ჩართულიყვნენ კიდეც ერთობლივ პროექტებში, სადაც დაავადებებს, ინფექციებს იკვლევდნენ და ამ ლაბორატორიის მაღალი დონით კმაყოფილებას არც იქ მისული რუსი მეცნიერები მალავდნენ.

ამის საპირისპიროდ, აფხაზეთის ბუნებრივ მღვიმეში მოწყობილი ეშერის ლაბორატორია დღემდე ქართველებისთვის ბურუსით მოცულია. არადა, აქ მიწის ქვეშ რამდენიმე დონეა და მეორე დონემდე ჩასვლა მხოლოდ ერთეულ პირებს შეუძლიათ, ხოლო მესამე დონემდე ვისაც ჩაესვლება, ასეთი ხალხი იშვიათია და იქ მხოლოდ რუსი მეცნიერ-მუშაკები და სამხედროები მუშაობენ. ეჭვების მიუხედავად, ეშერის ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერები არასდროს შეუშვიათ. თავის დროზე ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი იქიდან ნახევარ ევროპას, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან „ზიკას“ ვირუსის დაკავშირების თეზა რუსების მხრიდან არახალია. მთავარი საფრთხეა ის, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთს თავის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში აქვს დაფიქსირებული, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების ყველაზე საშიში კერა. მართალია, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უშუალოდ ლუგარის ლაბორატორია არ არის მოხსენიებული, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არსებული ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელ ელემენეტებზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, ესაა მინიშნება საქართველოზე და უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიაზე, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვაგან არსად  ანალოგიური ტიპის ლაბორატორია არ არის დაფუძნებული.

„თავის დროზე ეს ინფორმაცია გაავრცელა ნიკოლაი პატრუშევმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ეს ელემენტარული პროვოკაციაა. რუსები ცდილობენ, თავიანთი კონცეფტუალური დოკუმენტების ერთგვარი რეალიზაცია მოახდინონ ცხოვრებაში. მათ რამდენჯერმე სცადეს ამ მიმართულებით ერთგვარი ცეცხლის გახსნა, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს არის ამ იერიშის მორიგი რაუნდი, რაც საგანგაშოა. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოს წინააღმდეგ განახორციელონ რაიმე კონკრეტული ტიპის ქმედება და ზეწოლის ფაქტები კიდევ უფრო გააძლიერონ. იგივე პატრუშევი ირწმუნებოდა, რომ თურმე პანკისის ხეობაში „აისისი“-ს მებრძოლები ემზადებოდნენ და ლამის ეს ხეობა უბედურების ზონად გამოაცხადეს. სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორიის ამოქმედების დროს რატომღაც რუსებს ხმა არ ამოუღიათ. პირიქით, ეს მათთვის მისაღები იყო და მხოლოდ ახლა გახდა მიუღებელი? რუსები ამას იყენებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად. ლუგარის ლაბორატორია კი შეიქმნა პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის ფორმატში. იმ დროს  ამან მშვიდობით გადაგვატანინა მაშინდელი ისლამისტების არსებობა და მათ დატოვეს პანკისის ხეობა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სწორედ სხვადასხვა ტიპის ვირუსების საწინააღმდეგო ელემენტების შექმნა მიმდინარეობს და ამის შესახებ რუსებმა ძალიან კარგად იციან. უბრალოდ, რუსები ახლა ამზადებენ საქართველოზე მორიგი ზეწოლის კარგად დაგეგმილ გეოპოლიტიკურ პროვოკაციას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობენ ნახევარი მსოფლიოს წარმომადგენლები და იქ სახიფათო არაფერი ხდება. ამიტომ ზიკას ვირუსის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირება მხოლოდ ამ ლაბორატორიის საწინააღმდეგო კამპანიაა რუსების მხრიდან, რომლის უკანაც ამერიკელის სახელი - რიჩარდ ლუგარია. სწორედ ამ სახელმა დააფრთხო რუსები ისე, რომ დაავიწყდათ არა მარტო კრასნოდარში, არამედ აფხაზეთშიც ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების არსებობა.   

„ჯერ ერთი, არ გვაქვს ჩვენ ისეთი პირობები, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ასეთი რამ გავაკეთოთ და მეორე, იქ იმდენი ხალხი მუშაობს იმდენი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომ ასეთი რამ გამორიცხულია. ჩვენ ვეპატიჟებით რუსებსაც, ჩამოვიდნენ და ნახონ, რას ვაკეთებთ. ის, რომ „ზიკას“ ეპიდემიის გამავრცელებელი კოღო ბოლო წლების განმავლობაში პირველად სწორედ საქართველოს შავიზღვისპირეთში შენიშნეს, ადასტურებს იმას, რომ ჩვენი სამსახურები კარგად მუშაობენ და ვიცით, სად რომელი კოღოა. ისე, რუსებმა თავიანთ კრასნოდარის მხარეში აღმოჩენილ კოღოს მოუარონ, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო იქაც ჰყავთ. ჯერ ერთი, თვითონ რუსებს ეგ კოღო აფხაზეთშიც ჰყავთ ნაპოვნი და, თუ ეს კოღო არის აფხაზეთში ან კრასნოდარის მხარეში, ცხადია, ჩვენთანაც იქნება, რადგან შავიზღვისპირეთი ერთია. ამიტომ ამ არასერიოზულ ლაპარაკს თავი დაანებონ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.