საქართველოში შესაძლოა, სულ მალე მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდეს, რომელიც დაუცველ მომხმარებელს დახმარებას გაუწევს მაღაზიებთან და გამყიდველებთან ურთიერთობაში. მანამდე მომხმარებელმა საკუთარ გულუბრყვილობას უნდა დააბრალოს, ენდოს თუ არა ე.წ. ფასდაკლების მაცნე სმს-ებს, შეიძინოს თუ არა ზოგჯერ დაბალხარისხიანი, უცხოეთში ჩამოწერილი პროდუქცია საწყისზე უფრო მაღალ ფასად.
ბევრს უკვე ასეთი „შეთავაზებების“ მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა და იცის, რომ სწორედ იმ დღეებში არ უნდა მივიდეს კონკრეტულ მაღაზიაში, როდესაც სარეკლამო სმს-ებითა და სატელევიზიო რეკლამებით ეპატიჟებიან. მით უმეტეს, არ უნდა მოტყუვდნენ მაშინ, თუკი მაღაზიებში რეალურად ბაზრობაზე დაბალი დონის საქონელს გაწვდიან.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მყიდველებთან პირად საუბარში გულახდილობას იჩენენ მაღაზიის კონსულტანტები. ისინი არ მალავენ, რომ მათი კომპანიის სარეკლამო განაცხადი ხშირად გადაჭარბებულია და ასეთ ხერხს რომ არ მიმართონ, მაშინ კლიენტი საერთოდ არ მივა მათთან. ამიტომ, თუკი ვინმე მოტყუვდება, ეს ისევ მათი პრობლემა იქნება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რედაქციაში გვეწვია პიროვნება, რომელმაც „ტექნო ბუმის“ მიმართ პრეტენზია გამოხატა. მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი ენდო „ტექნო ბუმის“ რეკლამას, რომელიც მიმზიდველად ჟღერდა: „შეიძინე განვადებით სმარტფონი და მიიღე ნაღდი ფული 200 ლარი!“ ამას სხვა შეთავაზებებიც მოჰყვებოდა - განვადება 0%, საკომისიო 0, წინასწარი შენატანი 0 და განვადებები 12/18/24 თვეზე ნაწილდებოდა. ამას ემატებოდა თავად „ტექნო ბუმის“ ვებ-გვერდზე დაბეჭდილი ფოტოები, რომლებიც იმ მომხმარებლების სიხარულს გადმოსცემდნენ, რომლებსაც ცალ ხელში სმარტფონი ეჭირათ, მეორეში კი-აფრიალებული ნაჩუქარი 200 ლარი.
თუმცა, რეალურად, მაღაზიაში მისვლისას ჩვენმა რესპონდენტმა აღმოაჩინა, რომ აქციით გათვალისწინებული 200-ლარიანი კუპიურის ჩუქების ნაცვლად, მისგან პირიქით ითხოვდნენ პირველადი შენატანის გადახდას.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი იმისთვის, რათა რომელიღაც ერთი პროდუქციის შესაძენად მიიზიდონ მომხმარებელი, სთავაზობენ მას ერთი ტიპის განვადებას, თანხის ჩუქებას, შემდეგ კი ეუბნებიან, რომ მარაგი თურმე ამოიწურა, ან კიდევ, მისმა მონაცემებმა ვერ დააკმაყოფილა ბანკის მოთხოვნები და იგი აქციით ვეღარ ისარგებლებს.
„ეს ყველაფერი მარტივ რამეზეა გათვლილი, რომ მომხმარებელი უკვე მაღაზიაში მაინც მისულია, განწყობილია საყიდლად და მაინც დასთანხმდება შემოთავაზებას, დასთანხმდება იმასაც, რომ 200-ლარიანი საჩუქრის ნაცვლად, იქით შეატანინებ პირველად შესატანს განვადების მიზნით. ამას ევროპაში „ბაი ედვერთაიზინგ“ ჰქვია, როცა ერთი პროდუქციით იზიდავ მყიდველს და, სინამდვილეში, მეორეს სთავაზობ. ასეთი ურთიერთობა აკრძალულია ევროპაში და ჩვენთანაც აიკრძალება 2018 წელს. მანამდე აჯობებს, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდეს, თორემ არასამთავრობოებს არ გვაქვს საშუალება, ადვოკატები ვიქირავოთ ყველა მომხმარებლისთვის“,-აღნიშნა ლია თოდუამ.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, როდესაც მომხმარებელი ნივთის საყიდლად მიდის და მას გარკვეული აქციის ფარგლებში რეკლამის სახით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება, ეს ინფორმაცია აუცილებლად დადასტურებული და შესრულებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლის მოტყუება დაუშვებელია.
„ტექნიკასთან დაკავშირებით ხშირად მხვდება საჩივრები, მაგრამ ძირითადად ეს ეხება ბაზრობაზე ნაყიდ საქონელს, რომლის ხარისხიც გაურკვეველია. ჩვენ ვცდილობთ, მედიატორის როლი შევასრულოთ, ან სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ, სხვა ბერკეტები არ გვაქვს. კონკრეტულად „ტექნო ბუმთან“ დაკავშირებით არ მქონია საჩივარი, მაგრამ მომხმარებელი ხშირად უკმაყოფილოა სხვა კომპანიების სერვის ცენტრის მომსახურებისა და საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის გამო“.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, რაღაც გაუგებრობა იყოს, რადგან მათ მაღაზიათა ქსელში არის აქციები, რომელზეც არათუ წინასწარ ითხოვენ შენატანს, არამედ ოთხი თვის შემდეგ იწყებენ შენატანის გადახდას. ანზორ ქოქოლაძე არ გამორიცხავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ცალკეულმა ბანკმა მოითხოვა პირველადი შენატანი, რადგან მათ მაღაზიებში არაერთი ბანკია წარმოდგენილი.
„ტექნო ბუმის“ ხელმძღვანელი ეთერ ქოქოლაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ტექნო ბუმში“ მოქმედებს რამდენიმე სახის განვადება.
ა) 24 თვიანი 0%-იანი განვადება, რომლის ფარგლებში მომხმარებელს არ უწევს არც წინასწარი შენატანის და არც საკომისიოს გადახდა. აქცია მოქმედებს კონკრეტულ პროდუქტებზე და კონკრეტულ ბანკებთან. ყველა პროდუქციას, რომელზეც ეს აქცია მოქმედებს, ფასის მაჩვენებელთან აქვს კონკრეტული აქციის გამომხატველი ფასის მინიშნება, რომელიც პირდაპირ იყოფა 24- ზე და გამოდის თვეში გადასახდელი თანხა.
ბ) 12-თვიანი განვადება, რომლის ფარგლებში მომხმარებელს არ უწევს არც წინასწარი შენატანის და არც საკომისიოს გადახდა. აქცია მოქმედებს კონკრეტულ პროდუქტებზე და კონკრეტულ ბანკებთან. ფასი პირდაპირ იყოფა 12- ზე და გამოდის თვეში გადასახდელი თანხა.
გ) ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტზე მოქმედებს სტანდარტული განვადება, რომელზეც ბანკი თავად წყვეტს, უნდა გადაახდევინოს თუ არა წინასწარი შენატანი, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალსა და საბანკო ისტორიაზე.
ეთერ ქოქოლაძის თქმით, „ტექნო ბუმი“ არ არის მწარმოებელი, ამდენად, მათ მაღაზიათა ქსელში იყიდება მსოფლიოში ცნობილი თითქმის ყველა ბრენდის ტექნიკა, რომელზეც მოქმედებს მწარმოებლის 1-დან 5 წლამდე გარანტია. შესაბამისად, ყველა ბრენდი აკონტროლებს ტექნიკის მაღალ ხარისხს და მის შემდგომ მომსახურებას.
რაც შეეხება აქციას „შეცვალე ძველი ახლით“, ეთერ ქოქოლაძის თქმით, მას ატარებენ მწარმოებლები. ეს აქცია უკვე დასრულდა მარაგების ამოწურვის გამო, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მწარმოებლებთან კვლავაც გრძელდება მოლაპარაკება. კერძოდ, აქციის პერიოდში მომხმარებელს „ტექნო ბუმში“ არ მიაქვს ძველი ტექნიკა, მიაქვს მხოლოდ ძველი ტელევიზორის ფოტოსურათის ელექტრონული ვარიანტი, რომელიც ეგზავნება მწარმოებელს, ასევე, ელექტრონულად, რის საფუძველზეც ხდება ტექნიკის შეცვლა მწარმოებლის მიერ.
„200-ლარიანის ჩუქების სენსაციური აქცია ძალზე აქტუალურია და მომხმარებელთა რიგები დგას მაღაზიათა ქსელში. ამ შემთხვევაშიც, მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ტიპის განვადება, როგორც 24-თვიანი, ასევე, 12-თვიანი და ამ ორი ტიპის განვადებაზე არ არის საჭირო წინასწარი შენატანი. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებლის შემოსავალი და საკრედიტო ისტორია თუ არ აკმაყოფილებს შესაბამისი ბანკის პირობებს და მას არ უმტკიცდება ეს განვადება, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ განვადებას. ამ შემთხვევაში, ბანკი კონკრეტულად სთავაზობს პირობებს და, თუ მომხმარებელი დაინტერესდება, გაუფორმებენ სტანდარტულ განვადებას. სხვა შემთხვევაში, არაა საჭირო არც წინასწარი შენატანი და არც საკომისიო, მომხმარებელს დაუმტკიცდება 0%-იანი განვადება და სახლში სმარტფონთან ერთად წაიღებს მწარმოებლის საჩუქარს- 200 ლარს“, - აღნიშნა ეთერ ქოქოლაძემ.