კამპანია „ეს შენ გეხება“ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვს, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების მიერ კანონდარღვევის ფაქტებს გამოიძიებს.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის სოფო ვერძეულის განცხადებით, უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, სამართალდამცავ უწყებებთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს და ხელისუფლების ნაწილი არ უნდა იყოს, ატარებდეს გამოძიებას და უნდა ჰქონდეს საპროკურორო, დევნის განხორციელების ფუნქცია, ანუ ბრალის წაყენების უფლება.
„ორგანო, რომლის შექმნასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის, კამპანია „ეს შენ გეხება“ ითხოვს, უნდა იყოს მუდმივმოქმედი ორგანო და არა კონკრეტულად გავრცელებული კადრების გამოსაძიებელი ორგანო, მისი მანდატი უფრო ფართო უნდა იყოს. მან უნდა გამოიძიოს ის მძიმე დანაშაულებები, რომელსაც სასამართლოს, პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სჩადიან. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი, ითვალისწინებს სხვა მძიმე დანაშაულებებსაც, რომელიც პრაქტიკაშია ჩადენილი და რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს სპეციალური ორგანოს მიერ და არა სამართალდამცავი უწყებების მიერ“, - აცხადებს სოფო ვერძეული For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ მუდმივმოქმედი ორგანოს დაკომპლექტება უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, ამ ორგანოს უნდა ჰყავდეს კომისარი-ხელმძღვანელი, რომელიც გარკვეული ვადით დაინიშნება და უნდა გააჩნდეს ხელშეუხებლობის გარანტია, რათა მასზე მანიპულირება არ მოხდეს. გარდა ამისა, ორგანოს უნდა ჰყავდეს გამოძიებლები, რომლებიც ასევე გამჭვირვალე წესით შეირჩევიან.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას სახელმწიფოს მიერ ფარული ჩანაწერების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების გაკონტროლებას და აღკვეთას, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ და რა ღონიძიებების გატარებაა საჭირო ამისთვის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, გამოძიება, დასჯა და თვალთვალის და მიყურადების კანონის დახვეწა ერთგავრი პრევენცია იქნება დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისა.
„დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა სისტემამ აღარ შექმნას ის ბინძური მასალა, რასაც ქმნიდა. რაც შეეხება ცალკეულ ფაქტებს, ეს გამოძიების და რეაგირების საკითხია. აქ საგამოძიებო ორგანოებზეა მთელი ტვირთი და პასუხისმგებლობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას გამოძიებამ ვინ შექმნა, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვის შეიძლება ჰქონდეს ეს მასალები ხელთ და ვის ინტერესებში შედის შანტაჟი იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღეს ხდება. გამოძიება და დასჯა ეს არის მომავალი დანაშაულებების აღკვეთის ერთგვარი პრევენცია. უნდა მოხდეს თვალთვალის და მიყურადების კანონის დახვეწა, რათა თვითნებური ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყოს გამორიცხული“,-აცხადებს სოფო ვერძეული.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიესალმება არასათავრობო ორგანიზაციების ინიციატივას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ორგანო საქართველოში ადრეც არსებობდა, რომელიც „მეექვსე განყოფილების“ სახელით იყო ცნობილი.
„მეექვსე განყოფილება“ არ გახლდათ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა და მინისტრი კურირებდა. მისი ფუნქციები გახლდათ განსაკუთრებულად რთული საქმეების გამოძიება და ოპერატიული ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ან არგანხორციელებულ ქმედებებზე. ეს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი გახლდათ, რომელიც შემდეგ შევარდნაძემ გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის, „მხედრიონთან“ და უშიშროების სამსახურთან მიმართებაში. ამ განყოფილების შეფი გახლდათ კახა თარგამაძე, რომელიც შს მინისტრი იყო და შევარდნაძის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. მაშინდელ საქართველოში სხვა პოლიტიკური სიტუაცია იყო, სამხედრო და ძალოვან სტრუქტურებს შორის მძაფრი კონკურენცია მიდიოდა და ისინი სხვადასხვა ძალის დასაყრდენს წარმოადგენდნენ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ შესაძლებელია, ფედერალური სამსახურის სახით იარსებოს.
„სხვათა შორის, ამ იდეას ავითარებდა აწგარდაცვლილი ზურაბ ჟვანიაც. გახსოვთ, მან შს სტრუქტურების რეფორმა წამოიწყო და სამინისტროში რეფორმების ბიუროც კი შექმნა, რომელიც სწორედ ასეთი ტიპის რეფორმების გატარებას გულისხმობდა, თუმცა, შემდგომ განვითარებული სიტუაციები ყველასთვის ცნობილია“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლების თუ ძალოვანი უწყებების დაქვემდებარების გარეშე შექმნილმა დამოუკიდებელმა საგამძიებო ორგანომ განახორციელოს თავისი ქმედებები და ვინ შეიძლება მის შემადგენლობაში შევიდეს? ამ კითხვაზე ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მას სპეციალური სამსახურის ფუნქცია უნდა მიენიჭოს, სადაც ყველა დონის სპეციალისტი გაერთიანდება.
„ამერიკაში მსგავსი ორგანო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის, რადგან მინისტრს გენერალური პროკურორის სტატუსი და ძალაუფლებაც გააჩნია და პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის უფლებამოსილებაც გააჩნია. ჩემი აზრით, პარლამენტმა უნდა დაამტკოს ასეთი ორგანო, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებას გამორიცხავს. ამ სამსახურს უნდა გადაეცეს ყველაზე სენსიტიური საქმეები. როდესაც საზოგადოება ითხოვს საპარლამენტო კომისიების შექმნას, რომელმაც განსაკუთრებული სახის დანაშაული უნდა გამოძიოს, ამის შექმნის დრო და ფუფუნება ჩვენ არ გაგვაჩანია და საქართველოში ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. გარდა ამისა, საპარლამენტო კომისიებს შეზღუდული უფლებამოსილები გააჩნია, არ ეყოლება სათანადო პროფესიონალები და შესაძლებელია, პოლიტიკური ნებაც არ გააჩნდეს. მე გახლდით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის წევრი, ვიცი მსგავსი კომისიების მუშაობა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით, ჩვენმა კომისიამ მეტი მასალების მოპოვება შეძლო, ვიდრე კონტრდაზვერვის საგამძიებო სამსახურმა. ის პროკურატურას გადავეცით, მაგრამ ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ასეთი ტიპის საქმეებს საპარლამენტო კომისია ვერ გამოიძიებს. ილუზიების დონეზე ამის იმედი ნურავის ექნება. ვიმეორებ, ძირითადად, ეს გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა როგორ მუშაობს დღევანდელი პორკურატურა, ვხედავთ. ამიტომ, დამოუკიდებელი საგამძიებო ორგანოს შექმნა დროულია და ნამდვილად მივესალმები, მან შეიძლება საქართველო მრავალი საფრთხეებისგან დაიცვას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.