რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზიც შარანგიების ხელში აღმოჩნდება?

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზიც შარანგიების ხელში აღმოჩნდება?

“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში, პარლამენტმა ცვლილებები უკვე შეიტანა. ამ ცვლილების თანახმად, კანონპროექტს დაემატება ნორმა, რომლითაც, მაგალითად, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა მიმოსვლა დარეგულირდება. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთა შორის მანძილი 50 კილომეტრზე ნაკლებია, მგზავრთა გადაყვანის პროცესი თვითნებურად, “ხაზის პატრონისა” და მძღოლების დადგენილი წესებით მიმდინარეობს.

 

მოტივი გასაგებია, “მიზანი ერთია - დიადი, ნათელი”, მაგრამ ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებული ტენდერიც იგივე სცენარით არ გათამაშდება, როგორც ეს თბილისში მოხდა? რა მონოპოლიური და კორუფციული ელემენტები არსებობს ტრანსპორტის სფეროში და რას ნიშნავს ცვლილებების ეს კანონპროექტი? “ვერსია” თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელ წევრს, თინა ხიდაშელი კონკრეტულ სქემებზე საუბრობს.

 

- არის თუ არა ტრანსპორტის სფეროში ელიტარული კორუფცია, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება სინამდვილეში. ის, რაც თბილისში, სამარშრუტო ხაზების ტენდერში მოხდა, ცალსახად, ელიტური კორუფციის კლასიკაა, როდესაც ერთმა კომპანიამ ხელონურად ოთხი კომპანია დააფუძნა, ამ ოთხი კომპანიით მიმართა 5 ლოტზე, ხუთივე მოიგო და მერე ხელისუფლებამ გვითხრა, რომ კონკურენცია იყოო. სამართალში კარგი სიტყვა არსებობს - თვალთმაქცური გარიგება, რაც დასჯადია, მაგრამ არა ჩვენთან, რადგან GMC მათი მთავარი ფინანსური საყრდენია და ამიტომ აქვს ამ კომპანიას ამდენი პრივილეგია.

 

ამ შემთხვევაშიც, თავისთავად, ორი თემა იკვეთება, ერთი, რამდენად სწორია ამ ფორმით საკითხის დარეგულირება და მეორე, რატომ ხდება ახლა. უდავოა, აქაც გარკვეული გეგმა აქვთ და ზუსტად იციან, წინასწარ რას აპირებენ. ახლა, უბრალოდ, კანონი უშლიდათ ხელს და ამ ხარვეზს ასწორებენ. თუ ვამბობთ, რომ ტრანსპორტი რეგულირებადი სფეროა და ამას ავიღებთ მოცემულობად, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ერთი წუთით მოვხსნათ ინტერესები და მივხვდებით, რომ სქემატურად ყველაფერი წესრიგშია. თუ ეს არის რეგულირებადი სფერო, მაშინ თვითმმართველობა მართლაც ვერ არეგულირებს ორ ქალაქს შორის მგზავრთა მიმოსვლას და, ამ შემთხვევაში, კანონში ცვლილება საჭირო იყო. თუმცა, თუ ამოსავალია, რომ ტრანსპორტი ბიზნესია და არა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფერო, მაშინ ეს ყველაფერი აბსურდია და აზრს კარგავს, რადგან სახელმწიფომ ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს - ტენდერი უნდა გამოაცხადოს და მორჩა. მერე უკვე ბაზარი თვითონ განსაზღვრავს ფასს, სატრანსპორტო საშუალების ტევადობასაც და ასე შემდეგ. 

 

თბილისის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, ამ ადამიანებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, რომ ყველაფერი, რაც თბილისში ტრანსპორტის მოძრაობასთანაა დაკავშირებული, მათ ხელში გადავიდეს.

 

შესაბამისად, თბილისში შემომავალი ნაკადიც მათ ხელში უნდა იყოს და თუ ამ ვარაუდს გამოვთქვამთ, უკვე გასაგებია, რომ კორუფციული ინტერესიც იკვეთება. ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ სამწუხაროდ, ასეთ მოქმედებებს ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ და ვერც აკეთებს, ამ შემთხვევაში დავიჯერებ, რომ სწორედ ეს იყო მათი მოტივაცია.

 

თბილისის ტენდერში ერთმა ჯგუფმა გაიმარჯვა და ლოგიკურია, რომ თუნდაც რუსთავი-თბილისის ხაზზე, ისინი სხვა ჯგუფის შემოსვლას ვერ აიტანენ - კონკურენტი იქნება და იმიტომ. რუსთავიდან სამარშრუტო ტაქსი თბილისის კართან ხომ არ შემოდის, არა? ის ქალაქში შემოდის, მოძრაობს და მგზავრები აქაც აჰყავს, ამიტომ იმ სეგმენტში, სადაც მოძრაობს, კონკურენტია.

 

ყოველ შემთხვევაში, რუსთავის სამარშრუტო ტაქსს, მგზავრი, მაგალითად, ფონიჭალიდან საბურთალომდე მოჰყვება ხოლმე. არა?

- დიახ და ამიტომაცაა კონკურენტი. თბილისის ტერიტორიაზე ეს სამარშრუტო ტაქსი ჩვეულებრივად მოძრაობს ზუსტად ისე, როგორც თბილისის სატრანსპორტო საშუალება, ამიტომ თბილისის ტენდერში გამარჯვებული ჯგუფის ინტერესებშია, საქალაქთაშორისო ურთიერთობა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე, გაჩერების გარეშე დაარეგულიროს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით წამოსული სამარშრუტო ტაქსი შემოვიდეს, მაგალითად, ორთაჭალის სადგურზე და მორჩა, აღარც ფონიჭალაში და თბილისის ტერიტორიაზე არსად არ გააჩეროს იმ ბოლო წერტილის გარდა, სადაც მიდის. შესაბამისად, მგზავრს მოუწევს გადაადგილება უკვე სხვა მარშრუტით. ესაა ამ ყველაფრის ლოგიკა და ამ სქემით განვითარდება მოვლენები.

 

ამას რუსთაველები გააპროტესტებენ, რადგან რუსთავიდან ტრანსპორტი რამდენიმე ადგილზე შემოდის - საბურთალოზე, დიდუბეში, ვაგზლის მოედანზე, ვარკეთილში, რეალურად, მოსახლეობას მგზავრობა გაუძვირდება, რადგან ერთის ნაცვლად, ორი ტრანსპორტი დასჭირდება და ამას სკანდალი არ მოჰყვება?

- დიახ, მაგრამ ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ. თუმცა, რატომ აინტერესებს ხელისუფლებას ტრანსპორტის სფერო და გახდა ეს თემა ასე აქტუალური, ამ კითხვების ლოგიკური პასუხია ეს სქემა - ერთი ჯგუფის

 

გამოდის, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზიც შარანგიების ხელში აღმოჩნდება?

- ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ ასე იქნება. ხომ გახსოვთ, თბილისის ტენდერის დროს, ბევრი რამ გვითხრეს, რაც ერთმანეთს გამორიცხავდა, მერე თვითონვე, საკუთარ ტყუილებში დაიკარგნენ და სრულ აბსურდამდეც მივიდნენ. სულ ბოლოს გაირკვა, რომ ერთი და იგივე, თან ერთი ფერის მანქანები შემოჰყავდათ და ამაზე დავცინოდით ჩვენ, რომ ყვითელი ფერის, “ფორდ ტრანზიტი” ყველამ რატომ აირჩია? გვითხრეს, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა, პირიქით - შეთანხმებაა, რადგან ტრანსპორტი უფრო იაფი დაგვიჯდება, თუ ერთიანი შესყიდვის ფარგლებში შევიძენთ. ლოგიკურია, მაგრამ მაშინ ამას სხვა გაგრძელებაც აქვს, იგივე ლოგიკით, უფრო იაფი დაჯდება რუსთავთან და მცხეთასთან შემაერთებელი სატრანსპორტო ხაზიც.  ამავე ლოგიკით, იაფი დაჯდება ბენზინის შესყიდვაც, რადგან თუ ტრანსპორტის სფეროში ერთი კომპანია ოპერირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავსაც  ერთიანად ის იძენს, რადგან ყველა მანქანა და მძღოლი მისია და ასე ბენზინი გაცილებით იაფი უჯდება, ამიტომ ბენზინი ძვირდება, მაგრამ ერთი კომპანიის პირობებში, რეალურად, შესასყიდი ფასი კლებულობს. აქედან გამომდინარე,

 

ლოგიკა ასეთია - თუ 2 000 მანქანისთვის იძენ ბენზინს - იაფია, მაგრამ 5 000 მანქანისთვის კიდევ უფრო იაფი დაგიჯდება. ლოგიკურ დასაბუთებას ყოველთვის იპოვი, რატომ უნდა იყოს ყველაფერი ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის ხელში, მაგრამ უფრო მეტს გეტყვით, ასეთი ქვეყანა უკვე არსებობდა და მას საბჭოთა კავშირი ერქვა, ყველაფერი ერთი იყო იმ ქვეყანაში, მაგრამ მერე დაინგრა, რადგან ზუსტად ამას ვერ გაუძლო. მონოპოლიზირებული, რეგულირებული, ხელოვნურად დადგენილი წესებით ბიზნესი ვერ თამაშობს.

 

შესაძლოა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც მიაერთო, მაგრამ პატარა სხვაობა მაინც გვაქვს - საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც რესურსებით უზრუნველყოფდა, მაგრამ საქართველოს ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია. შესაბამისად, ჩვენს ეკონომიკაში საბჭოთა კავშირს ვერ გააკეთებ, ჩამოგენგრევა, ჩამოგეშლება, როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე თქმა, მაგრამ ესენი ხომ გრძელ ვადაზე არ ფიქრობენ, ესენი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ვიდრე თვითონ არიან, მაქსიმალური მოგება ნახონ, მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

 

სამწუხარო სურათს ვიღებთ - რუსთაველებს გაუძვირდებათ მგზავრობა, უფრო მეტი დრო დაეხარჯებათ და ცხადია, ამას პროტესტი მოჰყვება. ნუთუ, ხელისუფლებაში არავის არ ეყო ჭკუა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო?

- ჭკუა როგორ არ ჰყოფნით, ძალიან კარგად ჰყოფნით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული, მოგებული და გამდიდრებული დარჩება ხელისუფლების ის პატარა ჯგუფი, რომელიც ამით ხეირობს.

 

ამ ბიზნესსა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში - გიგი უგულავა. მაგალითად, ბენზინის ბიზნესში - დავით კეზერაშვილი და შემდეგ მისი სახელისუფლებო გაგრძელება. როდესაც შენ გრძელვადიანი გეგმა არ გაქვს და სატრანსპორტო პოლიტიკაც არ გაქვს განსაზღვრული, მაშინ ყველაფერი ლოგიკურია.

 

რაზეც თქვენ საუბრობთ, მათ ეს არ აინტერესებთ, ისიც კი არ იციან, ორი წლის მერე იქნებიან, თუ არა. კარგად იციან, რომ 2007 წლის ზაფხულში მშვიდად იყვნენ, ყველას და ყველაფერს დასცინოდნენ, მთელ ქალაქში სახლებს ანგრევდნენ, ბულდოზერებით დასდევდნენ ხალხს და ბოლოს საცხოვრებელ კორპუსსაც მიადგნენ, მაგრამ ერთ თვეში, სააკაშვილს გადადგომა მოუწია.

ამ ქვეყანაში ასე ხდება, ხალხი მშვიდია, მაგრამ მოთმინების ფიალა რომ ეწურება, მერე რაღაც ხდება. შესაძლოა, ეს რაღაც კიდევ მოხდეს იმის მიუხედავად, რომ პოლიციური სახელმწიფოა, რომ ვანო ხერხემალია, ძალიან მაგარია. ამის გათვალისწინებით, ხელისუფლების შიშები და ამოცანები ბიზნესში კარგად ჩანს, რაც შეიძლება, მეტი მოვასწროთ, რომ ბევრი ვიშოვოთ. თუ დავრჩით, ხომ კარგი, მერე სხვა სქემას მოვიფიქრებთ და იმ სქემით ვიშოვით ფულს და თუ არა, მაშინ მაქსიმალური სარგებელი ახლავე უნდა მივიღოთ.