„თეფშების დამპატიმრებელი ხალხი რომ სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკოს, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სააკაშვილის მსგავსად რუსეთის ხელისუფლებას თეფშები არ დაუპატიმრებია და თუ პარალელებს გავავლებთ, სააკაშვილის ხელისუფლება უფრო მეტად წააგავს რუსულ მმართველობას, ვიდრე დღევანდელი.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
„პირველი, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა - შეზღუდა სიტყვის თავისუფლება“; „ხელისუფლება მოსახლეობის სულში ძვრება, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, რას უნდა უყუროს ეთერით და რას არა“, - ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად ისმენენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა სავიზიტო ბარათი იყო სიტყვის თავიუფლების შეზღუდვა, ძალადობა, შანტაჟი და ა.შ. ბატონო რამაზ, თქვენს სულში ძვრება ხელისუფლება?
რამაზ საყვარელიძე: ღიმილისა და თქვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშნად თავის დაქნევის მეტი არაფერი დამრჩენია. ყველაფერი შედეგებით ფასდება და მით უმეტეს წინა ხელისუფლების ფონზე, როდესაც არა მარტო პოლიტიკური თოქ-შოუები, არამედ პოლიტიკური მოტივით მთელი არხები აიკრძალა. სიტყვის თავისუფლების თემაში რამდენიმე პუნქტია, სადაც აკრძალვა დაშვებულია და მე მსოფლიო გამოცდილების მიხედვით ვამბობ - ეს არის მორალური და ეთკური კრიტერიუმი. ამ კრიტეიუმით ჩვენთან იმაზე უფრო თამამია ეკრანი, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც სხეულის გარკვეული ნაწლების ჩვენებაც კი აკრძალულია, სხვა უფრო სერიოზულ მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ.
თუმცა, შეზღუდვა არ გულისხმობს სრულ აკრძალვას...
- რასაკვირველია, მაგრამ ეს არ არის აკრძალვა ამ სტყვის კატეგორიული გაგებით. ჩვენთან, როგორ სახეს მიიღებს ეთიკური აკძალვები ვნახოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიტკური მოტივით აკძალვა, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ჭარბად იყო, დღეს ნამდვილად არ არის.
ყველას გვახსოვს რა ხდებოდა 2003-2012 წლებში ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის კვალდაკვალ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მიკროავტობუსებში რადიო გათიშა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობას განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. ეს არ იყო პოლიტიკური აკრძალვა?
- რასაკვირველია და ასევე, პოლიტიკური აკრძალვა იყო როდესაც თეფშების დაპატიმრება დაიწყეს. თეფშების დამპატიმრებელი ხალხი რომ სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკოს, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.
საინტერესოა, რას ემსახურება ამ გადაწყვეტილების ავტორების განცხადება, რომ ქვეყანაში იზღუდება სიტყვის თავისუფლება?
- ვფიქრობ, ეს განცხადებები საქართველოს მოსახლეობაზე არ არის გათვლილი. ეს გათვლილია უცხოეთზე. საქართველოს მოსახლეობიდან ვინც მიიღებს ამ განცხადებას, ეს ცალკე „ხეირია“, მაგრამ ძირითადად, ეს გათვლილია უცხოელებზე, რომლებმაც ეს დეტალები არ იციან და როდესაც გაიგებენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, უკვე აღშფოთდებიან და შეშფოთდებიან. ამ აღშფოთება-შეშფოთების გამოწვევა არის ამ ჯგუფების მოქმედებების მიზეზი.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ განცხადების დისტრიბუციას „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთში?
- როდესაც საუბრობენ, რომ, თურმე, სულში უძვრებიან მოქალაქეებს, დიახ, რომ სულში შეძვრომის ყველაზე მძაფრი ფორმაა ფარული გადაღებები, რომლის შესახებაც მსჯელობა დღეს აქტუალურია საქართველოში და რომელზედაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი. ფარული კადრების უზარმაზარი ბანკი აქვთ შექმნილი. საწოლში უძვრებოდნენ ადამიანებს და ვერ წარმომიდგენია ამაზე უფრო სულში ჩაძვრომა რა უნდა იყოს? ნაციონალებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ასეთი ბრალდებები ვინმეს წაუყენონ.
კარგად უნდა მოხდეს იმ ფაქტების დამუშავება, რასაც სჩადიოდნენ ეს ადამაინები და ცნობილი უნდა გახდეს დასავლეთისთვისაც, რომ ასეთ ბრალდებას აყენებს ის მხარე, რომლის ხელშიც ხდებოდა ის ყოველივე, რაც ხდებოდა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა დამაჯერებელი დოკუმენტაცია შეექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობაზე. ეს მოუმზადებლობა ძალიან ბევრ ზიანს აყენებს ხელისუფლების პოლიტიკას. თუკი ეს ფაქტები დოკუმენტალურად მომზადდება და გავრცელდება, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების დევალვირება მოხდება უცხოელების თვალში, ისევე როგორც ჩვენთან ხდება მისი დევალვაცია.
ამ შემთხვევაში რამდენად სწორია პარალელების გავლება რუსეთთან?
- ესეც გამიზნულია უცხოელი მსმენელისთვის, რომლისთვისაც ეს პარალელები მიუღებელა. სწორია, თუ - არა ამას უცხოელი ვერ ჩაწვდება, მაგრამ თუკი დაშუვებს, რომ ეს ბრალდება სწორია, მერე უკვე ეს ხელისუფლება მისთვის მიუღებელი იქნება. რა თქმა უნდა, პარალელი არასწორია. კი ბატონო, პოლიტიკური მოტივით რუსეთი ძალიან ბევრ რამეს აკონტროლებს, მაგრამ ამავე მოტივით უფრო მეტი კონტროლი ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას. რუსეთს არ ჰქონია იმ ხარისხის კონტროლი მედიაზე და ბიზნესზე, როგორიც სააკაშვლის ხელისუფლებას. სააკაშვილის მსგავსად რუსეთის ხელისუფლებას თეფშები არ დაუპატიმრებია. თუ პარალელებს გავავლებთ, სააკაშვილის ხელისუფლება უფრო წააგავს რუსულ მმართველობას, ვიდრე ეს ხელისუფლება, მაგრამ ასეთ დეტალებში გაუთვითცნობიერებელი ევროპელი ვერ გაერკვევა, თუ ეს დეტალები არ მიაწოდე ევროპელს და არ გამოიყენე ის ხერხი, რომელსაც ესენი იყენებენ.
სწორედ, რომ ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც საკმარისად ვერ ყიდის დასავლეთზე რეჟიმის შესახებ ინფორმაციას. რატომ ვერ აკეთებს ამას ხელისუფლება?
- სახეზეა ბრძოლა არა ხელისუფლებისთვის, არამედ თვითგადარჩენისთვის. ამ ბრძოლას „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ კოაბიტაციით გასცა პასუხი, ასე საქმე არ კეთდება. ვხედავთ, რომ კოაბიტაციით მოღონივრებული ნაციონალები შეტევაზე გადადიან. დანარჩენი დასკვნები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს. პიარი როგორ კეთდება და რა არის პიარ-ომები, ეს საკმაოდ დიდი და მრავალსაფეხურიანი სისტემაა, რომელიც სპეციალისტებმა იციან. ამ სისტემას საკმაოდ კარგად ფლობენ ნაციონალები იმიტომ, რომ სპეციალისტებთან გადიოდნენ შესაბამის კონსულტაციებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები გამიზნულია თვითგადარჩენისკენ და არა ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ?
- თუკი ეს გზა მათ ხელისუფლებამდე მიიყვანს, უარს არ იტყვიან.
მიიყვანს ეს გზა ხელისუფლებამდე „ნაციონალურ მოძრაობას“?
- მეეჭვება. თუ ლაპარაკია არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლაზე, მეეჭვება, გარდა სრული გარდაქმნისა, რომელიმე გზა არსებობდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელსუფლებამდე მისაყვანი. თუმცა, არის კიდევ გადატრიალების თეორიები და ეს უკვე სხვა საკითხია.