დღევანდელ წერილში სიტყვას კვლავ გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს გადავცემ, რომლებიც დიდ ფეხბურთში საკუთარ პირველ ნაბიჯებს გაიხსენებენ.
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეების გარკვეული დეფიციტი წარმოიშვა. ჩემი აზრით ეს იმ ფაქტორის დამსახურებაა რომ ქვეყნის რეგიონებში ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდის საკითხი თვითდინებაზეა მიგდებული. რამდენიმე დღის წინ, თბილისში ევროპის პირველობის 17-წლამდელთა საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშები გაიმართა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას მხოლოდ თბილისელი ფეხბურთელები იცავდნენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ინფორმაცია ნაცნობმა სპორტულმა ჟურნალისტმა მომაწოდა.
ეს დღეს, უწინ კი, თავად გაიხსენეთ. თბილისის „დინამო“ მართლაც რომ საქართველოს გუნდს წარმოადგენდა და მისი მაისურით ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელი ასპარეზობდა. უფრო მეტი. დიუსელდორფის ისტორიულ შეხვედრაში, ანგარიში ოსმა გუცაევმა გაათანაბრა, გამარჯვებისა კი აფხაზმა დარასელიამ გაიტანა. მართალია ეს ორი კუთხე ამჟამად დროებით დაკარგულია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, „დინამოში“ სრულიად საქართველოს საუკეთესო კრებული გახლდათ თავმოყრილი.
გამიგრძელდა შესავალი და ალბათ დროა სიტყვა თავად ფეხბურთელებს გადავცე.
დავით ყიფიანი
„დინამომდე" განსაკუთრებულად არ მივლია: ჯერ იყო ეზო, შემდეგ კი 35-ე საფეხბურთო სკოლა. 16 წლის ვიყავი, როცა „დინამოში" მოვხვდი, მაგრამ ფეხის მძიმე ტრავმა მივიღე და ერთი წლით თბილისის მეორე კლუბში, „ლოკომოტივში" წავედი. შემდეგ დავბრუნდი და კარიერაც „დინამოში" დავასრულე.
„დინამოს" დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი. 1968 წელს ჩვენმა გუნდმა სოჭში „იმედის" თასი მოიგო, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა... ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე საკავშირო იუნიორთა ნაკრებშიც მიმიწვიეს, პარალელურად კი „დინამოს" დუბლებშიც დავიმკვიდრე ადგილი.
ჩემი დებიუტი ტაშკენტის „ფახთაქორთან" შედგა. იმ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო... შეცვლაზე შევედი. მაინცდამაინც კარგად არ მითამაშია. 0:1 წავაგეთ“.
რამაზ შენგელია
„ქუთაისში თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა ქუჩების პირველობები, გამარჯვებულები კი ქალაქის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ. მართალი გითხრათ, გამორჩეული არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც დიდი ბიჭები თავიანთ გუნდებში მათამაშებდნენ. ერთხელ ჩვენი უბნის (ძველი ქუთაისის რკინიგზის სადგური) პირველობაზე გავიმარჯვეთ და ქალაქის ჩემპიონატზე ამოვყავი თავი. მაშინ პირველად ვითამაშე დიდ მოედანზე და ჩემდა გასაკვირად, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ შევეხე ბურთს! საშინლად იმედგაცრუებული ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა! სახლამდე ძლივს შევიკავე თავი, შინ მისულმა კი იცოცხლეთ, დავაღე პირი და ჩამომდის ცრემლი... გადაირია მამაჩემი, რა ხდება, ხო მშვიდობააო? ფეხბურთზე მინდა, ფეხბურთზე მინდა-მეთქი, სლუკუნით ვუთხარი. მანამ არ მოვისვენე, სანამ მამამ ხელი არ დამავლო და „ტორპედოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში თამაზ კენჭაძეს არ ჩამაბარა.
ამბობდნენ, კარლო ხურციძეს თუ ბავშვი თვალში მოუვიდა, ის აუცილებლად კარგი ფეხბურთელი დადგებაო. ღმერთის წყალობით, ბატონი კარლოს თვალსაწიერში მეც მოვხვდი და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა დიდი ფეხბურთისკენ. ისე, თუ ვინმეს ქუთაისიდან დიდი ფეხბურთი უთამაშია, ყველამ ბატონი კარლოს ხელში გაიარა.
თბილისის „დინამომდე" ქუთაისის „ტორპედოში" ვთამაშობდი. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა: ჯემალ ხერხაძე, როლანდ ფესტვენიძე, მერაბ ჩახუნაშვილი, ჟორა აბზიანიძე, ბადრი ფარულავა, რეზო ბურკაძე, გიორგი გაბიჩვაძე, იური კვერნაძე, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე... გაბიჩვაძე უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, საოცარი მონაცემები ჰქონდა, 15-20 წუთში „დაალაგებდა" თამაშს... 1975 წელს, როცა ცხონებული გიგა ნორაკიძე იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
გიგა ნორაკიძემ თავიდანვე ძირითადში დამაყენა. 10 მატჩი ისე გაილია, გოლი ვერ შევაგდე, ასეთ რამეს კი ქუთაისელი გულშემატკივრები „ცხვირმოუხოცავ ბაღანას" კი არა, პელეს არ აპატიებდნენ! ჰოდა, ყოველი თამაშის მერე მესმის: „ვინაა ეს ბოვში?" „რა უნდა ამას „ტორპედოში"?... ცხადია, ბატონ გიგასაც უწუნებდნენ არჩევანს, ის კი ჯიუტად ძირითადში მათამაშებდა. მერე, როგორც იქნა, გავიტანე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ქომაგებიც დაწყნარდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, ნორაკიძეს მაშინ შემადგენლობიდან რომ ამოვეგდე, ჩემს კარიერას, ალბათ, წერტილი დაესმებოდა. ცხადია, ძალიან განვიცდიდი გოლი რომ ვერ გამქონდა, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მაგულიანებდა.
„დინამოში" ნოდარ ახალკაცმა 1977 წელს მიმიწვია. თბილისში ჩემთან ერთად წამოვიდა თამაზ კოსტავაც - ახალკაცი ქუთაისში გვესტუმრა და სანამ საბოლოოდ დაგველაპარაკებოდა, რამდენიმე დღე დაგვაკვირდა. იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი პირველი ლიგა კარგი ტურნირი იყო, უმაღლესისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა!“
ილია დათუნაშვილი
„ფეხბურთის თამაში ბათუმში დავიწყე. მაშინდელ პიონერთა პარკში პატარა სტადიონი იყო და ნიჭიერი ბიჭები იქ შეგვკრიბა ცნობილმა ფეხბურთელმა ბორის ფროლოვმა. იმ გუნდში ჩემთან ერთად ვარჯიშობდა ანზორ კავაზაშვილიც - წლების შემდეგ ის საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი მეკარე გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.
მე-9 კლასში ვიყავი ოჯახი ლანჩხუთში რომ გადავიდა. სკოლა სოფელ ჩიბათში დავამთავრე... ადგილობრივებმა თქვეს, არიქა, ქალაქელი ჩამოვიდაო და ეგრევე საფეხბურთო კლუბში ჩამრიცხეს. მალე ლანჩხუთის რაიონის საუკეთესო კლუბში მოვხვდი - გუნდს „კოლმეურნე" ერქვა. იცით ვინ ხელმძღვანელობდა „კოლმეურნეს"? ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი... ევგრაფი შევარდნაძე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი! წლების შემდეგ მან იმდენი ქნა, ლანჩხუთის „გურია" საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა!
50-იან წლებში ყოველი სეზონის ბოლოს ტრადიციულად იმართებოდა მატჩები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პერსპექტიულ ფეხბურთელებს შორის. ეს ერთგვარი შესარჩევი ეტაპი იყო. სწორედ ასეთ მატჩში მნახა ცხონებულმა ანდრო ჟორდანიამ და ქუთაისის „ტორპედოში" მიმიწვია. მერე ჟორდანია თბილისის „დინამოში" გადაიყვანეს და მეც თან წამიყვანა“.
გიორგი სიჭინავა
„ფეხბურთის თამაში 5 თუ 6 წლისამ დავიწყე. პირველი მწვრთნელი რეზო შარტავა გახლდათ. 15 წლისა უკვე გაგრის „ტორპედოში" ვთამაშობდი - ჩვენ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში გამოვდიოდით.
სკოლის პერიოდში ფარიკაობაშიც ვვარჯიშობდი. ფარიკაობაზე სიარული განსაკუთრებით ზამთარში მიყვარდა, რადგან სკოლიდან მათავისუფლებდნენ. ერთხელ აფხაზეთის ჩემპიონიც გავხდი. 1959 წელს რესპუბლიკის მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობაში საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დავიკავე! ძლიერი გუნდი გვყავდა: ძმები არჩილ და კოტე გოგელიები, მორის სახვაძე, ნუგზარ ასათიანი, ზურაბ ცქიტიშვილი.
ანდრო ჟორდანია ქართულ ფეხბურთში მოვლენა იყო! თურმე ჩემს შესახებ ყველაფერი სცოდნია და მალე 15 წლის ბიჭმა საქართველოს მეორე ლიგიდან საკავშირო უმაღლეს ლიგაში ამოვყავი თავი! ეს ის დროა, როცა „დინამოს" ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე კაპიტნობდა.
გუნდში სანამ ჩავირიცხებოდი, მანამდე იმდენი „მოვახერხე", რომ ფარიკაობაში სამუდამო დისკვალიფიკაცია მომისაჯეს. საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი გაიოცა, დასჯილს „დინამოში" რა უნდაო, მაგრამ ჟორდანიამ უთხრა, ჟორა ფარიკაობიდანაა მოკვეთილი, თორემ ფეხბურთში - არაო, და მეც გზა „გამიხსნეს".
„დინამოში" ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები დამხვდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ილია დათუნაშვილი, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე, სიომა ბარქაია, ზაურ კალოევი, მიშა მესხი... მერე მათ მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველიც დაემატნენ... მართლა ზღაპრული „დინამო" იყო!
17 წლისა უკვე ძირითადში ვთამაშობდი! დასამალი რაა: ბასა ღოღობერიძე მედგა გვერდით და მეც ვუჯერებდი. თუმცა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, ანდრო ჟორდანიამ ითამაშა. და საერთოდ, 1964 წლის დაუვიწყარი გამარჯვებაც, ჩემი აზრით, სწორედ მან გამოჭედა - ყველა ფეხბურთელს მან მოუძებნა ის ამპლუა, სადაც მერე მთელი კარიერა გაატარეს“.
ვლადიმერ გუცაევი
„როგორც ჩემმა არაერთმა თანატოლმა, ფეხბურთის თამაში მეც ქუჩაში დავიწყე - ნაძალადევში ვაგორებდი ბურთს. 11 წლის რომ გავხდი, „ნორჩ დინამოელში" ჩავირიცხე გრიგოლ გაგუასთან, მერე კი ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა იყო. იქ უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა.
ჩემი კერპები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ. იმ დროს სხვას როგორ მივბაძავდი?! გაგუამ თავიდანვე მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამამწესა, ამიტომ, ნელ-ნელა უპირატესობა სლავას მივანიჭე.
1970 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოში" ჩავირიცხე და ამის გამო დღემდე მადლიერებით ვიხსენებ გავრილ კაჩალინს. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, ის კი ადგა და დუბლებიდან პირველ გუნდში გადამიყვანა. ეს უდიდესი ნდობა იყო! სხვათა შორის, კაჩალინის დამსახურებაა, რომ „დინამოში" ზედიზედ დავწინაურდით მე, დათო ყიფიანი, თემურ სტეფანია, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ რეხვიაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, ბესო მჭედლიშვილი... სწორედ კაჩალინის ამ გადაწყვეტილებით ამიხდა ოცნება - რამდენიმე მატჩში მოედანზე მეტრეველთან ერთად გავედი.
1971 წელს სლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, გამოსათხოვარ მატჩში კი თავის 9-ნომრიანი მაისური მე გადმომცა. ვერ წარმოიდგენთ ამას რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, თავი ზღაპარში მეგონა!“
ვლადიმერ ბარქაია
„გაგრაში, ზღვის პირას დავიბადე და ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. ახლაც მშვენივარდ მახსოვს 1945 წელი, როცა ინგლისმოვლილი მოსკოვის „დინამო" მოსამზადებლად ჩვენთან ჩამოვიდა. მაშინ პირველად ვნახე ლეგენდარული ფეხბურთელები კონსტანტი ბესკოვი, ალექსეი ხომიჩი, ტროფიმოვი, კარცევი... მათმა ვაჯიშმა და თამაშმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა ფეხბურთელობა, მათი ნახვის შემდეგ კი სხვა რამეზე აღარც ვფიქრობდი.
როცა გაგრაში ვცხოვრობდი და ვთამაშობდი, თბილისის „დინამო" ლესელიძეში ემზადებოდა. პატარა ბიჭები ჩვენი კერპების თითოეულ მოძრაობას აღტაცებით ვადევნებდით თვალს: ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, გრიგოლ გაგუა, გაიოზ ჯეჯელავა... რომელი ერთი ჩამოვთვალო? 14 წლისა, როცა უკვე გაგრის „დინამოს" მოზარდთა გუნდში ვთამაშობდი, მათ მხარდამხარ ასპარეზობაზე ვოცნებობდ
პირველად სკოლის საფეხბურთო სექციაში დავიწყე ვარჯიში. ჩვენი მწვრთნელი ცხონებული რევაზ შარტავა იყო. მერე სპორტსკოლაში გადავედი ალიოშა ბობოხიძესთან. სწორედ იქ გავიცანი გიორგი სიჭინავა და მას შემდეგ ვმეგობრობთ.
„დინამომდე" უამრავი მატჩი და არაერთი გუნდი იყო: გაგრის „დინამო", მერე აფხაზეთის ნაკრები, შემდეგ გაგრის „ბურევესნიკი"... ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ვითამაშე. იქ წარმატებით ვიასპარეზეთ, პირველ ჯგუფში მოსახვედრად კი ლანჩხუთის „გურიასთან" გველოდა გადამწყვეტი თამაში. ვიცოდით, რომ მატჩი ლანჩხუთში კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე გვიხმეს, კარგი შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ და 1:3 წავაგეთ.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის კლუბები ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთს სეზონისთვის მოსამზადებლად. მათთან ამხანაგურად ვთამაშობდით. მე-10 კლასში ვიყავი, როცა კიევის „დინამოს" და ერევნის „სპარტაკის" მწვრთნელებს მოვეწონე, სახლშიც გვესტუმრნენ, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, ჯერ პატარააო.
1956 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია იყო, გუნდის კაპიტანს კი ვერ გამოიცნობთ - ზურაბ სოტკილავა! ფინალში უკრაინის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ“.