თბილისში ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებას დიდი ხმაური მოჰყვა. აღსაზრდელების მშობლებმა ბაღის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. მათ გუშინ თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილე, 83-ე ბაღის აღსაზრდელის მშობელმა ანი ინაშვილმა განაცხადა, ისინი ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
„ამჟამად რაც ხდება ბაღებში ეს უსამართლობაა. ჩვენ გუშინ შევხდვით თემურ თორდინავას, თუმცა ვერ მივიღეთ მისგან პასუხები, რატომ მოხდა ჩვენი დირექტორის გათავისუფლება. ვფიქრობთ, ეს არის სისტემური პრობლემა. მან გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურმა 13 ბაგა-ბაღი შეამოწმა და ცამეტივეში დარღვევა აღმოაჩინა და ამიტომ მოხდა დირექტორების გათავისუფლება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დირექტორი გვყავდა და ეს არ არის რეალური მიზეზი“, - განაცხადა ანი ინაშვილმა.
N6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობლის სოფო ხაჭაპურიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. „მშობლების აზრით, დირექტორების გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა. ჩვენ არ გვინდა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რადგან ეს არის მშობლების პროეტესტი“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მშობლები მერიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.
თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღი გუშინ პარალიზებული იყო. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და მხარეები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.
მშობლები თორდინავასგან ითხოვენ პასუხს - თუ რის გამო გაათავისუფლეს ბაღების დირექტორები. თავად თორდინავა გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და გათავისუფლებულ დირექტორებს სასამართლოში სარჩელის შეტანას ურჩევს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გათავისუფლებული დირექტორების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ. სააგენტოში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო პროცესისი ჩაშლის მცდელობისთვის ბაგა-ბაღების თანამშრომლები პასუხს აგებენ.
„თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი, გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში, ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით.
გვინდა მოგმართოთ, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის. მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოეკიდოთ თქვენს სამუშაოს, დაკისრებულ მოვალეობას და ნუ ჩაერთვებით პროცესების პოლიტიზების მცდელობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
დირექტორებისა და მშობლების პროტესტს გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია. როგორც მერმა აღნიშნა, თუ ყოფილ დირექტორებს მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვთ, ამისთვის სასამართლო და სამართლებრივი გზა არსებობს.
„ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. უმთავრესი საზრუნავი არის ბავშვები და იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ვაკეთებთ ყველაფერს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, მექანიზმები, სასამართლო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბაგა-ბაღების სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, რომელიმე დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაძლო შეფერხების შესახებ.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას“, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.