„ცესკო-ს მინიმუმ, პოლიტიკური ალღო უნდა ეყოს, რომ ასეთ დროს მსჯელობა არ გამართოს“

„ცესკო-ს მინიმუმ, პოლიტიკური ალღო უნდა ეყოს, რომ ასეთ დროს მსჯელობა არ გამართოს“

წლების განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებას - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას ახსენებდა და რეალური ცვლილების განხორციელებას ითხოვდა. თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ საკითხის განხილვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაიდო. მანამდე კი, მთავრობამ ამომრჩეველს და არჩევნებში მონაწილე პარტიებს ახალი კანონპროექტი შესთავაზა - 2016 წლის არჩევნებისთვის ახლებურად განისაზღვრება ისე, რომ ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს. ცესკო-ში ახალი პროექტის დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თუმცა მას ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილი არ დასწრებია.

როგორც For.ge-სთან საუბარში „ახალი მემარჯვნეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ცესკო-ს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვას არ დასწრებია, რადგან თვლის, რომ საარჩევნო კომისიის მიერ შემოთავაზებული შეხვედრა ნაადრევი იყო და ის ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგებს უნდა დალოდებოდა - „მინიმუმ, პოლიტიკური ალღო და საარჩევნო პროცესებში ჩახედულება უნდა გამოეჩინა“.

„ორი დღის წინ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე საარჩევნო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გავმართეთ. გვინდა საარჩევნო კანონმდებლობა მთელი რიგი მიმართულებებით შევცვალოთ, მათ შორის შევცვალოთ თვითონ საარჩევნო სისტემა. ის, რომ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის რომელ უბანში ან რომელ ქუჩაზე გაივლის ოლქის საზღვარი, არის აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლებას ვესაუბრეთ. ჩვენ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ახალი საზღვრების განსაზღვრა ან სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც ასეთი სამუშაო პროცესი იწყება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ცესკო-ს მინიმუმ პოლიტიკური ალღო უნდა ეყოს, რომ ასეთ დროს თათბირი და მსჯელობა არ გამართოს, მით უმეტეს მას ამ საკითხის გადასაწყვეტად ვადა 1 ივნისამდე გააჩნია“,-გაანაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის და ხელისუფლების შეხედულებების შესაძლო თანხვედრას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ახალი მემარჯვნეების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკმაოდ საინტერესო ალტერნატიული წინადადებები შესთავაზა მთავრობას.

„მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლების გარდა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა გახლდათ, ჩვენ სხვა ალტერანტიული წინადადებებიც შევთავაზეთ მთავრობას. თუ შეხვედრის და მიმდინარე პროცესების ფონზე შევხედავთ ხელისუფლების და არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო შეთანხმებას მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება. ამის იმედს მაძლევს ის, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან კონსოლიდირებული და კონცენტრირებულია, ოპოზიციურ ძალებთან ერთად, სამოქალაქოს საზოგადოების აზრსაც ვგულისხმობ, იმედს მაძლევს ქვეყნის და სახელმწიფოს საჭიროება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, გამომდინარე ვენეციის კომისიის ცუდი რეკომენდაციებისა და მესამე, გარკვეულწლად იმედი მაქვს სახელისუფლო წრეებში არსებული პოზიციისა და უპირველეს ყოვლისა პრემიერმინისტრის გონიერებისა, ეს იმედი გონიერია, შემოსაზღვრულია, მაგრამ მაინც იმედია“, - აღნიშნა კაციტაძემ.

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ხელისუფლებისგან არასაპარლამენტო ოპოზცია საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს. ხელისუფლება კი იძულებული გახდა საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილება შემოეთავაზებინა, მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლება და არჩევნები ლეგიტიმურობის საფრთხი წინაშე დგას. „ქართული დასის“ ლიდერი ცესკო-ს მიერ გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ შიშობს, რომ გარკვეული ძალები არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის ემზადებიან და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

„ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკური, არა მარტო ქვეყნის შიგნით მყოფი სამოქალაქო ძალები, არამედ ქვეყნის გარეთ არსებული გარკვეული ძალებიც ემზადებიან მხოლოდ ერთისთვის - არჩევნების გაყალბებისთვის. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, არეულობისთვის ემზადებიან. ვიმეორებ, პოლიტიკური პარტიების, სამოქალქო სექტორის და ქვეყნის გარეთ არსებული გარკვეული ძალები ემზადებიან იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად და არალეგიტიმურად გამოაცხადონ, რაც, ბუნებრივია, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას უქმნის საფრთხეს. ძალიან ბევრი შეეცდება წყლის ამღვრევას და ამ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას“,-აღნიშნავს For.ge-სთან საუბარში ჯონდი ბაღათურია.

ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ დღევანდელი საარჩვენო სისტემა ხათუნა გოგორიშვილის და მიხეილ მაჭავარიანის მიერ შექმნილი საარჩვენო სისტემაა, რომელსაც ხელისუფლება წარმატებით იყენებეს.

„არსებული საარჩევნო კანონმდებლობა ნებისმიერ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უკანონოდ და უსამართლოდ, ხალხის ნდობის გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება. გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამას, პროგნოზირება ახალა რთულია, თუმცა ხელისუფლება, რომელიც არ მიდის გარკვეულ საარჩევნო დათმობებზე, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, აჩენს იმის წინაპირობას, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ არჩევნებისთვის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ეს არჩევნები არალეგიტიმურად ცნონ“, - ამბობს „ქართული დასის“ ლიდერი.