„ჩვენ გულმოდგინება არ გამოვიჩინეთ“, - ბელგიის მთავრობის მხრიდან პირველი აღიარება სწორედ იუსტიციის მინისტრის განცხადება გახდა, მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყნის მთავრობამ უსაფრთხოების კუთხით მარცხი განიცადა და ბელგიას თურქეთის მოთხოვნაზე რეაგირება უნდა მოეხდინა. მან ასევე დაადასტურა, რომ თურქეთის პოლიციამ გასული წლის ივნისში ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი დააკავა და მისი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელა.
როგორც ცნობილია, ოფიციალურმა ანკარამ ბრიუსელი გააფრთხილა, რომ იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი დაეკავებინათ. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. მეტიც, ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიები, რომლებიც ბრიუსელის ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები, ვაშინგტონს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ორივე ძმა ბელგიის პოლიციისთვისაც ცნობილი იყო. მათ კრიმინალური წარსული ჰქონდათ. ხალიდ ბაკრაუის ინტერპოლი ეძებდა ტერორიზმში შესაძლო კავშირის გამო. ტერორისტულ დაჯგუფებაში კავშირის ბრალდებით 2015 წლის ივნისში თურქმა სამართალდამცავება დააკავეს ბრაჰიმ ბაკრაუი და მისი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელეს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით ბელგიის პოლიციის მხრიდან დაშვებულია შეცდომა, რადგან თურქეთიდან დეპორტირებული ძმები პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. მაისაიას განცხადებით, ეს იყო შეცდომა, რადგან ძმებმა საკმაოდ მაღალი დონის მომზადება გაიარეს „ისლამური სახალიფოს“ ტერიტორიაზე.
„ისინი გადიან მაღალი დონის ფსიქოლოგიურ მომზადებას, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ სპეცსამსახურების მეთვალყურეობის არეალში არ მოხვდნენ. ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიები ბელგიის მოქალაქეები არიან. 2015 წელს თურქეთში დაკავებული იქნა იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი, რომელის დეპორტაცია განხორციელდა ბელგიაში. როგორც ჩანს, ბელგიას არ ჰქონდა მყარი საფუძველი, რომ ეს ძმები დაეპატიმრებინათ.
ჩათვალეს, რომ მხილებების გარეშე მათი მოქალაქეების დაკავება იქნებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ამიტომ, ბელგიის სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანები უნდა გაენთავისუფლებინათ და ჰყოლოდათ ოპერატიული კონტროლის ქვეშ. მართალია, იყვნენ ბელგიის სპეცსამსახურების კონტროლს ქვეშ, მაგრამ როგორც ჩანს, არც ისინი აღმოჩნდნენ არაპროფესიონალები. კონტროლის მიუხედავად შეძლეს ტერორისტული აქტის განხორციელება“, - აცხდებს ვახტანგ მაისაია.
ძმებმა ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიებმა, რომლებიც ბელგიის სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ბელგიის ატომური სადგურის დირექტორის სახლთან სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს, ამ ხერხით დირექტორის გადაადგილებას უთვალთვალებდნენ - ბელგიელმა გამომძიებლებმა 12 საათიანი ვიდეო ჩანაწერი მოიპოვეს, რომელიც ბელგიის ატომური სადგურის დირექტორის სახლთან არის გადაღებული. გამოძიებით ირკვევა, რომ ძმები ბაკრაუები აპირებდნენ დირექტორის მოტაცებას, რათა სადგურზე შეეღწიათ და ბირთვული ენერგოსადგური აეფეთქებინათ.
ის, რომ კონტროლის მიუხედავად ტერორისტებმა მოახერხეს სათვალთვალო კამერის დამონტაჟება და შემდეგ უკვე აეროპორტის აფეთქება, შს ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ეს არის უსაფრთხოების სამსახურების უდიდესი პრობლემა.
„თავისთავად უსაფრთხოების სამსახურის პრობლებაა. მით უმეტეს, რომ ინფორმირებული ხარ და სხვა ქვეყნები გაფრთხილებენ ამ ადამიანების შესახებ. რასაკვირველია დაშვებულია შეცდომა. ამიტომაც, ბელგიის შს მინისტრმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა პრემიერ-მინისტრმა არ დააკმაყოფილა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კობა ნარჩემაშვილი.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავარი პრობლემაა სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მოქმედება. მისივე თქმით, სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მოქმედება გამოჩნდა პარიზის ტერაქტის დროსაც, როდესაც ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი ბელგიიდან გადავიდა საფრანგეთში და უკანვე, ბელგიაში ისე დაბრუნდა, რომ მისი დაკავება ვერ შეძლეს.
„მხოლოდ რაღაცა პერიოდის შემდეგ მოხდა დაკავება, ეს არის არაკოორდინირებული მოქმედების ერთ-ერთი ნიშანი. რასაკვირველია, ბრიუსელში შიდა პრობლემებიც არის. სპეცსასამხურებისა და პოლიციის მუშაობა შეზღუდულია საღამოსა და დილის საათებში. დილის 12 საათიდან 5 საათამდე ეკრძალებათ ჩხრეკა-დაკავების ჩატარება. ანუ, მთელი ეს კომპლექსი პრობლემებისა ერთად იყრის თავს და სამწუხაროდ იღებს იმას, რასაც ჰქვია ტერაქტი“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
ევროკავშირის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ანტიტერორისტული ექსპერტების სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ევროპოლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შექმნილი ჯგუფი დაეხმარება ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებებს, გამოიკვლიონ არსებული ტერორისტული საფრთხეები. ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს უცხოელი მებრძოლების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს, ტერორისტების ფინანსების და არალეგალური იარაღის ნაკადს და ონლაინ პროპაგანდას.
შეთანხმების მიუხედავად, ბესიკ ალადაშვილი თვლის, რომ საფრთხეები კვლავ ძალაშია.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ და ვხედავთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურები ძალზედ ბიუროკრატიულნი გახდნენ. ტერორისტებთან ბრძოლა კი ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს. ძალიან მეეჭვება, რომ ამ შეთანხმებამ შედეგი გამოიღოს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურები გასაგები მიზეზების გამო ცივ დამოკიდებულებაში არიან აშშ-ის სპეცსამსახურებთან.
ამიტომ მეეჭვება, რომ ევროპაში მოხერხდეს ერთიანი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ამ კუთხით კოორდინაციას გაუწევს ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს. თუ ეს კოორდინაცია მოხერხდა, შეიძლება საკმაოდ ხანგრძივი პროცესი იყოს. ამ ეტაპზე კი, საფრთხები ისევ ძალაში რჩება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
ევროპის მასშტაბით 22 მარტის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავება გრძელდება. რეიდების შედეგად ევროპის სამ ქვეყანაში ბრიუსელში, პარიზსა და გერმანიაში 16 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვიმტანილნი.