საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, კომპანია პსპ-სა და ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის მანძილზე სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება. კომპანია „პსპ“ და „ზედაზენი“ ერთიანდებიან ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად სლოგანით „ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია“.
„ჩვენთვის მართლაც ისტორიული დღეა. კარგი მესიჯია ეს საკანონმდებლო ორგანოსთვის, იგივე მთავრობისთვის, რამეთუ, თუკი განხორციელდა ეს ნაბიჯები კომპანიებთან მიმართებაში, თუკი კანონმდებლობა იქნება დახვეწილი, ვფიქრობ, დიდი კონკურენცია იქნება და მით უფრო მეტი სპონსორი ეყოლება ფედერაციას“, - აღნიშნა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
„პსპ“ -ს ჯგუფის დირექტორის გოჩა გოგილაშვილის თქმით, ძიუდოს განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ ჩვენი ძიუდოისტები საერთაშორისო არენაზე და უფრო მეტი ახალგაზრდა მიჰყვება სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს“, - აცხადებს გოჩა გოგილაშვილი.
„პსპ“ ჯგუფის დირექტორს, კომპანია „ზედაზენის“ გენერალური დირექტორი, ვასილ სულხანიშვილიც უერთება და მხარდაჭერას უცხადებს ძიუდოისტებს - „გვინდა წარმატებულნი ვიყოთ. ჩვენს სპორცმენებს ვუსურვებთ, რომ ყოველთვის ასახელონ ქართული სპორტი“.