„რადგან ეს არის შიდა კვლევა, არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. თუ მოუნდებათ თვითონ გამოაქვეყნებენ და იტყვიან ამის შესახებ, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის განცხადებით, ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა აქვს შემდგომ პარტიას.
for.ge ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილს აირჩევენ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კვირიკაშვილს არ აქვს პოლიტური გამოცდილება და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პარტიის საქმიანობაზე და მით უმეტეს -წინასაარჩევნოდ. ბატონო ზურაბ, თქვენ იზიარებთ პოზიციას, რომ პოლიტიკური გამოუცდელობა შეიძლება კრახი აღმოჩნდეს პარტიისთვის?
ზურაბ ბიგვავა: არა, კრახი არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თუ, საპარლამენტო ცხოვრება პოლიტიკურ გამოცდილებას არ ნიშნავს, მაშინ რას ნიშნავს პოლიტიკური გამოცდილება? კვირიკაშვილმა ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდშიც. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის პიროვნული და საქმიანი თვისებები ძალიან დადებითად ფასდება საზოგადოებაში. იგი საზოგადოების ცნობიერებაში აღიქმება, როგორც წარმატებული. საზოგადოება იმედით უყურებს მომავალში მის პრემიერ-მინისტრობას.
და სად ჩანს, რომ საზოგადოება მომავალშიც იმედით უყურებს კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობას?
- ჩატარდა შიდა კვლევა, რომლის თანახმად გიორგი კვირიკაშვილის პროფილი ძალიან მომგებიანია. ეს არის ადამიანი, ვინც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებს და ვის მიმართაც დადებითი მოლოდინია სწორედ იმ პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებაში. ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლა, კრიმინოგენური ვითარების დალაგება და ახალი რეფორმების გატარება. კვირიკაშვილი გამოჩნდა, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, რომელმაც მიიღო საკმაოდ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები - რომელიც არ იყო პოპულისტური და რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის განვითარებასთან. ბიზნესის განვითრების გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის წინსვლა. მისი ფიგურის მიმართ საკმაოდ სერიოზული სიმპატიებია დასავლეთის მხრიდან. სერიოზული სახელმწიფო მოღვაწეა, რაც ჩანს მისი საუბრის სტილში, გამოზომილ ვორდინგში, რომლითაც ის ხასიათდება. ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახება მის რეიტინგზე. ასე რომ, ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარის რანგშიც საკმაოდ ეფექტური იქნება.
როგორც პიროვნება, კაცი, ოჯახისა და საზოგადოების წევრი, ნამდვილი ლიდერია და იცით როგორი ლიდერია? ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობია ასეთი ლიდერი, არ არის მყვირალა და არ მუშაობს საზოგადოებაზე, ცდილობს ძალიან მშვიდად წაიყვანოს ის პროცესი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე დალაგებულია. მისი ქმედებები, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტთან და სხვადასხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობასთან და მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის მიზანდასახულობასთან.
ის, რომ მყვირალა ლიდერი არ არის, ამას მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის?
- ძალიან დიდი მნიშველობა აქვს ამას. ქართული საზოგადოების მოთხოვნაა ლიდერი იყოს სპეციალისტი და კარგი ოჯახის პატრონი. სხვათა შორის მრავალშვილიანი მამაა და კარგი ოჯახის პატრონია. ამ კაცის წარსული და წინა გამოცდილება არ უკავშირდება სკანდალებს და ჭორებს.
სკანდალები არა, თუმცა, კვირიკაშვილის პოლიტიკურ გამოუცდელობას უკავშირებს გია ხუხაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ირგვლივ განვითარებულ მოვლენების პარალელურად პრემიერისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრას. არ თვლით, რომ ეს შეხვედრა იყო პოლიტიკური შეცდომა?
- არა. არ ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა, ან ჩაიჭრა. გია გაჩეჩილაძის მხრიდან უფრო იყო უხერხული მომენტი, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილის მხიდან. რაც შეეხება გია ხუხაშვილის კომენტარებს, ზედმეტად მომთხოვნია სხვა პოლიტიკოსების მიმართ. უმჯობესია ხუხაშვილმა საკუთარ გამოცდილებაზე ილაპარაკოს. არ ვიცი რამდენად წარმატებული იყო მისი იმ თანამდებობაზე ყოფნა, სადაც იყო და ღებულობდა გადაწყვეტილებას.
თქვენ როგორ ფიქრობთ არ იყო წარმატებული?
- არ ვიცი, ფაქტები სახეზეა, იქ არ არის, სადაც იყო. წარმატებული რომ ყოფილიყო, ისევ იქ იქნებოდა, სადაც იყო.
რაც შეეხება შიდა კვლევებს, რომელიც უკვე ჩატარდა. რეიტინგის თვალსაზრისით, რა სურათი მიიღეთ, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“?
- ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შიდა კვლევევებიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მის შემდგომ პარტიას ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა აქვს.
რომელია ეს პარტია?
- რადგან ეს არის შიდა კვლევა, არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. თუ მოუნდებათ თვითონ გამოაქვეყნებენ და იტყვიან ამის შესახებ, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, მას ხელისუფლებაში მოსვლის საკმაოდ სოლიდური შანსი აქვს, დღესდღეობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. დიდი სხვაობა არის სხვა შემდგომ პარტიებს შორის, რომლებიც მას მოჰყვებიან.
გიორგი კობახიძემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ ღარიბაშვილს მმართველობაში ჰქონდა შეცდომები, იგივე - ხისტი დამოკიდებულება პრეზიდენტთან, ხშირად იყო მისი კრიტიკის საფუძველი. რას იგებს „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით?
- ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ პოლიტიკაში. ქართულ საზოგადოებაში არის დიდი ჯგუფი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მომხრე და მხარდამჭერია. მას აქვს თავისი პოლიტიკური წონა და არც თუ პატარა. არ ვიცი რა კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ვხედავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი ნამდვილად არის ქართულ პოლიტიკაში. და, თუ მოვა, დიდი შანსი აქვს, რომ იყოს წარმატებული.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოცდილების დაკარგვა არ შეიძლება, თუმცა მიაჩნია, რომ მისი სიაში ჩასმა მომგებიანი არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
- არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიაში ყოფნა რამეს დააკლებს „ქართულ ოცნებას“, პირიქით, ვფიქრობ, რომ მოუმატებს და ეს იქნება აღიარება იმისა, რომ გასულ პერიოდში „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება წარმატებულ რეფორმებს ახორციელებდა. ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნება კარგი და არა - აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეულწილად უხერხული იქნება მისი მოსვლა, მაგრამ პოლიტიკაში და პარლამენტში მისი მოსვლა სრულიად გამართლებულია. არ ვიცი, სიაში იქნება, თუ მაჟორიტარად იყრის კენჭს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარად რომ იყაროს კენჭი, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში კახეთში მას კონკურენტი არ ეყოლება.
თქვენ ამბობთ, რომ შიდა კვლევების თანახმად „ქართული ოცნება“ არის ლიდერი და ბევრად ჩამოუვარდება მას მომდევნო პარტიები. შიდა კვლევებს და დაბალ რეიტინგს დაუკავშირა ირაკლი ალასანიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება. რა კავშირი აქვს შიდა კვლევებს კადრების გავრცელებასთან?
- გამორიცხულია, რომ ეს კადრები „ქართული ოცნების“ მიერ იყოს გამოქვეყნებული იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზეც იყო ეს კადრები. ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დაბალი რეიტინგი და გეთანხმებით, რომ ქართულ საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი პოლიტიკური პარტიების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა მომხრეების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის მიუხედად, მაინც პირველ ადგილზეა და საკმაოდ დიდი წარმატებით უსწრებს შემდეგ პარტიებს.