ჩეხოვი ამბობდა, არ არსებობს ეროვნული მეცნიერებაო, მაგრამ აკადემიკოს ეთერ ქემეტრელიძის ხანგრძლივი მოღვაწეობა ადასტურებს, რომ იგი სწორედ ეროვნულ მეცნიერებას ემსახურებოდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს ფარმაციის ფუძემდებლის, ლეგენდარული მედეას გზას.
23 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს ეთერ ქემეტრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჩრდილში ამჯობინებდა მოღვაწეობას, კოლეგებმა მაინც აღნიშნეს ეთერ ქემეტრელიძის ამაგის თაობაზე და მეცნიერი ქალბატონი დაახასიათეს, როგორც ქართული ფარმაკოქიმიური მეცნიერების ჭეშმარიტი ლიდერი და შავი მუშა.
არქიმანდრიტმა მამა ადამმა იმ ადამიანის სათქმელით მიულოცა ეთერ ქემერტელიძეს იუბილე, „რომელსაც სიყვარულში ვერავინ შეედრება“ და უწმინდესის მილოცვა გააცნო, როგორც „ჩვენი ქვეყნის დიდებულ პიროვნებას, გამორჩეულს სულიერებით, სიბრძნითა და ეროვნულობით“. მამა ადამის თქმით, ხშირად იუბილეებზე მისულ ეკლესიის წარმომადგენლებს დალოცვის გარდა სათქმელი არ აქვთ, დღეს კი ის განსაკუთრებული დღეა, როცა იმ ადამიანს მიულოცეს იუბილე, რომელმაც შეძლო, ბევრი გაეკეთებინა ერისა და ბერისთვის, ე. ი. მთლიანად საქართველოსთვის.
აკადემიკოსმა გუჩა კვარაცხელიამ ქართული ფლორის მესაიდუმლედ მოიხსენია ეთერ ქემერტელიძე და განმარტა, რომ მცენარეული მხარე საერთოდ მისტიკაა და, თუკი ვაჟა-ფშაველას ბუნების მესაიდუმლედ მოიხსენიებს ქართველი ხალხი, გასაკვირი არაა, რომ მედეას ქვეყანაში გაჩნდა ეთერ ქემერტელიძე.
აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეთერ ქემერტელიძის, როგორც მეგობრის შეფასებას, რომლის ძმის ცნობილ აფთიაქთანაც ძველი თბილისელი ბიჭები იყრიდნენ თავს და მათ შორის იყო გიგა ლორთქიფანიძეც.
ჯანსუღ ჩარკვიანმა კი გააგრძელა მარიკა ლორთქიფანიძის პათოსი და იუბილარს მიმართა, რომ იგი მთელი ცხოვრება სიყვარულის გზით მავალი ბრძანდებოდა და პირადად მას, როგორც ძველ ვერელს, კარგად ახსოვს, როგორ უყვარდათ ვერელებს ეთერ ქემერტელიძე, რომელსაც უამრავი სიკეთე დაეთესა ქვეყანაზე.
საიუბილეო საღამოზე აჩვენეს ფილმი, როემლიც ეთერ ქემერტელიძის ცხოვრების გზას მიეძღვნა - მშობლიური საჩხერე, ცნობილი ექიმის ოჯახში დაბადებული პატარა გოგონა და უკვე ასაკში შესული მეცნიერი, რომელმაც 3200 მცენარე შეისწავლა და ღირსეულად გააგრძელა თავისი წინამორბედის - იოველ ქუთათელაძის ღვაწლი ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეთერ ქემერტელიძის დირექტორობისას იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებად იქცა. აკი ამიტომაც გაუხსნეს დამსახურებულ მეცნიერ ქალბატონს მშობლიური ინსტიტუტის წინ ვარსკვლავი.
სხვათა შორის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის კაბინეტში მხატვარ ზურაბ მეძმარიაშვილის ფერწერული ტილო -ინსტიტუტის ემბლემა „მედეა-ფიტოთერაპიის დამაარსებული“ ჰკიდია. აქ კოლხეთის მეფის ასული მედეაა გამოსახული, ცალ ხელში მცენარის ყვავილის წნული უპყრია, მეორეში კი ფიალა სამკურნალო წვენით. რუსმა აკადემიკოსმა გიორგი სკრიაბინმა ინსტიტუტში სტუმრობისას თქვა, „რა დიდი გზა გაიარეთ თქვენ მედეადან ეთერამდეო“...
მართლაც, დიდი გზა განვლო ეთერ ქემერტელიძემ ფარმაკოქიმიურ მეცნიერებაში და, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ახლაც ენერგიულად მოღვაწობს საპატრიარქოს წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტში. როგორც ამბობენ, ეთერ ქემერტელიძე განსაკუთრებულად ზრუნავს მომავალ თაობაზე და არაერთი ხელმოკლე სტუდენტი საკუთარი თანხით დაუფინანსებია.
რეგალიები უამრავი აქვს. მათ შორის, აღსანიშნავია ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის ოქროს ფირფიტა, რომლითაც იგი დაჯილდოვეს, როგორც 1997 წლის გამორჩეული მეცნიერი მცენარეთა ქიმიის დარგში, თუმცა თავისი მოღვაწეობის აღნიშვნის უდიდეს მწვერვალად მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს ჯილდოს - წმინდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც გადაეცა ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. პატრიარქთან შეხვედრამ კი მეცნიერს დიდი იმპულსი მისცა.
„ყოველი მეორე მცენარე საქართველოში სამკურნალოა და ეს უფლის საჩუქარია. შენი შექმნილი პრეპარატი ხალხს რომ გამოადგება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ეს იყო ჩემი ცხოვრების კრედო“, - ამბობს ეთერ ქემერტელიძე, რომლის კარიერაც მხოლოდ ფარმაცევტული მეცნიერებით არ შემოიფარგლება. მის წარსულს ამდიდრებს საზოგადოებრივი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი დეტალებიც - საბჭოთა კავშირის დროს უზენაესი საბჭოს დეპუტატობა, უცხოელ მეცნიერებთან თანამშრომლობა, მრავალ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა. გარდა ამისა, მონაწილეობის მიღება აშშ-ში ქალთა კომიტეტის დელეგაციაში, დევიზით - „მშვიდობის ხიდები მსოფლიოში“, სადაც მისმა გამოსვლებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ღირსეულმა მეცნიერმა არაერთი ორიგინალური პრეპარატი შექმნა და მრავალი პატენტისა და საავტორო უფლების მფლობელია. იგი 559 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, თანაავტორებთან ერთად. გარდა ამისა, ეთერ ქემერტელიძეს ეკუთვნის 12 მონოგრაფიული ნაშრომი.
პროფესორი ოთარ თოიძე For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, როცა გაიგო, რომ ქალბატონი ეთერი დღესაც აქტიურად მომუშავე ჩვეულებრივი ლაბორანტია და, ამავდროულად, არის 600-მდე შრომის ავტორი, რამდენიმე ჟურნალის რედაქტორი, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. იგი, როგორც ახალგაზრდა გოგონა, მოღვაწეობს ყველა დარგში და არ ივიწყებს საზოგადოებრივ საქმიანობასაც.
„დღევანდელ მეცნიერებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ მისით აღფრთოვანებული ვარ. ქალბატონმა ეთერმა არაჩვეულებრივი ღვაწლი დასდო საქართველოს მეცნიერებას, კულტურას, ქართულ საზოგადოებას და ის მისაბაძი მაგალითია. მცენარეებით მკურნალობა არა მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ, არამედ ეს კაცობრიობის ისტორიის თანმდევი პროცესი იყო, რადგან ქიმიურ ფარმაკოლოგიამდე არსებობდა ხალხური მედიცინა და საქართველო სწორედ ფიტოთერაპიის სამშობლოდ ითვლებოდა. როგორც ყურძენი და ღვინო გვაქვს სისხლში, ასევე, სისხლში გვაქვს მედეას მიერ გამოყენებული ფარმაკოლოგია და საკმაოდ განვითარებული კუთხური მედიცინა, რასაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ქართველები იყენებდნენ“.
აკადემიკოსი როინ მეტრეველი For.ge-სთან საუბრისას ეთერ ქემერტელიძეს ღირსეულ პიროვნებად, მოქალაქედ მოიხსენიებს, ყველა დადებითი ადამიანური თვისებით - სიკეთით, სითბოთი, სილამაზით. როინ მეტრეველის აზრით, ამ დიდმა მეცნიერმა ფასდაუდებელი ამაგი დასდო ფარმაკოლოგიას.
„ეთერ ქემერტელიძე მემკვიდრეობით ექიმია, მამამისი იყო ცნობილი ექიმი და ფარმაცევტი. მის ძმას, არაჩვეულებრივ ფარმაცევტს, მთელი თბილისი პატივს სცემდა. თავად ეთერ ქემერტელიძე ქალთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იჭერს და იმ დიდ ტრადიციებს, რაც ქართველ ქალებს გააჩნდათ, მაღალი ღირსებით აგრძელებს“.
ფარმაციის აკადემიური დოქტორი ლია წიკლაური ეთერ ქემერტელიძის ხელმძღვანელობის პერიოდს იხსენებს ქუთათელაძის სახელობის ინსტიტუტში. For.ge-სთან საუბარში ლია წიკლაური აცხადებს, რომ ქალბატონ ეთერთან არ ყოფილა უფროს-უმცროსობა და მან იცოდა, რა უჭირდა მის სტუდენტს, მაგისტრს, თუ დოქტორანტს.
„მისი დირექტორობის დროს მწვერვალს მიაღწია ფიტოთერაპიამ. საზღვარგარეთ როცა გვიწევდა გასვლა, როგორც კი ქალბატონი ეთერის სახელი გაიჟღერებდა, პატივისცემას გამოხატავდნენ და გვეხმარებოდნენ. ქალბატონი ეთერის ხელმძღვანელობით უამრავი სახეობა იქნა შესწავლი, რომლიდანაც უმეტეს მცენარეს აღმოაჩნდა ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. 25 პრეპარატი ორიგინალურია და მას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ქალბატონი ეთერი არის ამ პრეპარატების ავტორი, პირველ რიგში საუბარია კარიპაზინზე - პრეპარატზე, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ტერიტორიაზე გამოდის ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის სამკურნალოდ; აღნიშვნის ღირსია ტრიბუსპონინი, ამ მცენარეულ პრეპარატს ათეროსკლეროზული ცვლილებების დროს იყენებენ; ფლარონინი კი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული და მწვავე უკმარობის დროს. მცენარეული პრეპარატები იმიტომაც არის კარგი, რომ სინთეზურთან შედარებით მათ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ“.