მსოფლიო გლობალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

მსოფლიო გლობალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

ბრიუსელის აეროპორტში ნაპოვნია ტერორისტის გვამი, კალაშნიკოვის ავტომატი და შაჰიდის ქამარი. როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა კალაშნიკოვის ავტომატი პარიზის ტერაქტების დროსაც გამოიყენეს. ბელგიის დედაქალაქში თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ევროპას თავდასხმების სერიით ემუქრება. ტერორისტები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ახალი მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ დეტალურად არ საუბრობენ და არ ასახელებენ იმ ქვეყანას, რომელიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპოლის დირექტორმა ევროპა აქამდე არნახული ტერორისტული საფრთხეების შესაძლებლობაზე გააფრთხილა. რობ ვაინრაიტმა აღნიშნა, რომ ევროპის ნებისმიერ წერტილში მოსალოდნელია ისეთი ტერაქტები, რომლებიც მასიურ მსხვერპლზე იქნება გათვლილი.

ევროპოლის დირექტორის განცხადებით, 3000-დან 5000-მდე ევროპელი, რომელთაც, სავარაუდოდ, შესაბამის წვრთნები „ისლამურ სახელმწიფოში“ აქვთ გავლილი, ევროპაში დაბრუნდა. ეს პირები უკან არა ლტოლვილების ნაკადთან ერთად, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი გზით შევიდნენ.

„ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე ევროპის დედაქალაქი გახდა. შეგახსენებთ, 13 ნოემებრს „ისლამური სახელწმიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს ტერაქტები პარიზში, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარიზის თავდასხმები ბრიუსელში დაიგეგმა. 13 ნოემბრის ტერაქტების რამდენიმე ორგანიზატორი ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მცხოვრები იყო. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მოლენბეკში პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე სალეჰ აბდესლამი დააკავა.

პარიზის პარალელურად „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთი სეპარატისტების სამიზნე გახდა თურქეთი. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთში სამი ტერორისტული აქტი მოხდა. 21 მარტს სტამბოლის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, გარდაცვლილია 2, ხოლო 7 დაშავებულია. 37 ადამიანი ემსხვერპლა 13 მარტს აფეთქებას ანკარის ცენტრში. 11 ადამიანი ემსხვერპლა 17 მარტს ანკარის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას.

ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ მსოფლიომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მსოფლიო ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და აცხადებენ, რომ მსოფლიო დღეს გლობალური საფრთხის წინაშეა, რომელიც მთელს სამყაროს ემუქრება. ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ მომენტს უწოდებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. პრემიერის განცხადებით, ბელგიაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ხოლო საზღვრებზე დამატებითი სამხედრო ძალები განლაგდა.

ნატოს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ბრიუსელში მდებარე ნატო-ს შტაბბინაში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის ლაჩრული თავდასხმა, თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე. „ტერორიზმი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს და თავისუფლებას ვერ წაგვართმევს“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტს „უსასტიკეს დანაშაულს“ უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა.

„შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა - ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია.

„აბსოლუტურად შეძრული და შოკირებული ვარ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტებით. დღეს ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბოროტებას არ აქვს საზღვრები და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, საქართველომ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ქართული სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს მომხდარი ტერორისტული აქტები გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო.

„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო. დღეს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თუ რა მნიშვნელოვანია, გვქონდეს გამართული და ძლიერი სადაზვერვო სამსახურები იმისთვის, რომ მოვიპოვოთ დროულად ინფორმაცია და პრევენცია გავუკეთოთ ასეთ ტერორისტულ აქტებს. კიდევ ერთხელ, მე სამძიმარს ვუცხადებ ევროპელ მეგობრებს ასეთ მძიმე დღეს და მინდა ხაზი გავუსვა, საქართველომაც, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და პრევენცია გაუკეთონ ასეთ საფრთხეებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.