ბელგიის პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ვრცელდება ინფორმაცია ბრიუსელში ორი ადამიანის დაკავების შესახებ. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 38 ადამიანი, 230-ზე მეტი დაშავებულია. 11 ადამიანი დაიღუპა ბრიუსელის აეროპორტში, ხოლო 15 მაალბეეკის მეტროსადგურში. ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მობილიზებულია სამხედრო ქვედანაყოფები და პოლიცია, რადგან არსებობს საფრთხე მორიგი ტერორისტული აქტის განხორციელების.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ბელგიის დედაქალაქში მუშაობა შეაჩერა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გაუქმებულია ყველა რეისი. დაიხურა სკოლები, სამთავრობო დაწესებულებები, ევროკავშირის შტაბ-ბინა. გადაკეტილია ბრიუსელის ყველა შესასვლელი და ყველა გვირაბი.
ადგილობრივი დროით ბრიუსელის „ზავენტემის“ აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება დილის 8:00 საათზე მოხდა. აფეთქება ბრიუსელისა და „ამერიქან ეინრაილის“ სარეგისტრაციო პუნქტებთან მოხდა. ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებამდე აეროპორტში სროლის ხმა, ფრანგულ და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა.
დაახლოებით 1 საათში მორიგი აფეთქება მოხდა „მალბეკისა“ და „შუმანის“ მეტროსადგურებზე, სადაც ევროკავშირის შენობები მდებარეობს. ევროპული სტრუქტურების ყველა შენობასთან შეზღუდულია წვდომა. ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ნებადართული.
აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც ოთხი დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქებები აბდესლამის დაპატიმრებას. ბელგიის შს მინისტრის იან იამბონის განცხადებით, იყო საშიშროება სალაჰ აბდუსალამის დაკავების საპასუხოდ ტერორისტებს ბრიუსელში ტერაქტები მოეწყოთ. ბელგიის გენერალური პროკურორის განცხადებით, აბდესლამმა გამოძიებას უთხრა, რომ ბრიუსელიდან ახალი ტერტაქტების განხორცილებას აპირებდა. მისი თქმით, დაკავებულმა აღიარა, რომ მზად იყო ყველაფერი თავიდან დაეწყო ახლა უკვე ბრიუსელიდან.
ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ ბელგიის მთავრობამ საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ჩაიკეტა ბელგია-საფრანგეთის საზღვარი. საფრანგეთის მასშტაბით, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის სადგურებზე, აეროპორტებსა და საზღვრებზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ბელგიის საზღვართან დამატებით 1600 სამხედრო განათავსეს.
უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც. შვედეთის პოლიციამ სატრანსპორტო ობიექტების დაცვა გააძლიერა. გამკაცრდა კონტროლის რეჟიმი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთისა და ფინეთის აეროპორტებში. უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა რუსეთის რამდენიმე ქალაქის აეროპორტშიც.
ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ პარალელურად, საფრთხეები იზრდება კავკასიის მიმართულებით.
„ანალოგიური დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყანა და მათ შორის საქართველო. მით უმეტეს, რომ რუსეთში აღმოჩენილია ე.წ. ვითომ ჯგუფები, ეს არის კარგად გათვლილი ღონისძიება. საფრთხე ძალიან მაღალია. მოგეხსენებათ, რომ გუშინ ორი ტერაქტი მოხდა ანკარაში, დღეს უკვე ბრიუსელი.
როგორც ჩანს, ემიგრანტებთან ერთად კარგად ორგანიზებული საბრძოლო ჯგუფები არიან შეგზავნილნი, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოქმედება. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ეს არის ახალი ტიპის გამოწვევა მსოფლიოს წინაშე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავას განცხადებით, ტერორისტებისთვის საქართველო უფრო დერეფანია, ვიდრე სამიზნე. მისივე თქმით, ტერაქტების საფრთხე ნაკლებად გვემუქრება, თუმცა, ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე.
„პრობლემა ნელ-ნელა გლობალური და გაცილებით საშიში ხდება, რადგან შეუძლებელია გათვალო ტერორისტების ყველა ნაბიჯი და მიმართულება. შეუძლებელია ქაოტურ სიტუაციაში ყველა საფრთხის გათვლა და თავიდან აცილება. დღეს, ტერორიზმის საფრთხე თურქეთს გაცილებით მწვავედ უდგას, ვიდრე ევროპას, ან საქართველოს, რადგან თურქეთს ერთი მხრივ ებრძვის „ისლამური სახელმწიფო“ და მეორე მხრივ ქურთი სეპარატისტები“, - აცხადებს ვასილ პაპავა.
სამხედრო მიმომხილველი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმისგან დაზღვეული არავინ არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რომ შემცირდეს ამის ალბათობა.
„ის რაც ბრიუსელში ხდება, ეს არის ტეროროსტული შეტევა, როდესაც დროის ერთ მონაკვეთში ხდება აფეთქებები, ნიშნავს, რომ დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა და არსებობს განმეორების საფრთხე. ტერორისტული აქტის აღკვეთა თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს არ არის ფრონტის ხაზი, როდესაც პირდაპირ ხედავ მოწინააღმდეგეს. ქალაქების სრული კონტროლი, რომ აბსოლუტურად გამორიცხო ტერორისტული აქტი, შეუძლებელია.
როგორც წესი, აეროპორტში უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით შენობაში შესვლა ვერ შეძლოს. აეროპორტი ტერორისტებისთვის ითვლება „ტკბილ ლუკმად“ ამიტომაც სპეცსამსახურები ცდილობენ ასეთი ადგილები მეტად გააკონტროლონ. როგორც წესი, აეროპორტში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამით ტერორისტები ცდილობენ დარტყმა მიაყენონ ბევრ ქვეყანას“, - აცხდებს ირაკლი ალადაშვილი.