„პატრიარქის განცხადება ეხებოდა არა სასჯელის გაუქმებას, არამედ - შანსის მიცემას“

„პატრიარქის განცხადება ეხებოდა არა სასჯელის გაუქმებას, არამედ - შანსის მიცემას“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, „უვადო არის მხოლოდ ღმერთი“.

„ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი.

ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა. მე მქონდა მათთან შეხვედრა, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ, ამიტომ ჩვენმა პარლამენტმა და ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს“, - ბრძანა ილია მეორემ.

ვიცე-სპიკერი თვლის, რომ პატრიარქის მიმართვა ძალიან ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. მანანა კობახიძის განმარტებით, უვადო პატიმრობის შეფარდება განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება და ამ სასჯელმა, ძალიან არაჰუმანური სასჯელი - სიკვდილით დასჯა ჩაანაცვლა, მას შემდეგ რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა.

„ჩემთვის უცნობია, რა იგულისხმა პატრიარქმა უვადო პატიმრობის გადახედვის მოწოდებაში. თუ ასეთი სასჯელის კანონით გაუქმებაზეა საუბარი, ეს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რადგან ეს ძალიან საფრთხილო საკითხია. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც, სამწუხაროდ, ადამიანები სჩადიან ძალიან მძიმე დანაშაულს, რისთვისაც თავის დროზე სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა.

თუ პატრიარქი გულისხმობდა იმას, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ მათი სასჯელის მოხდის საკითხის გადახედვის შესაძლებლობა, ეს კანონით არის გათვალისწინებული. თუ რაიმე ცვლილებაზეა საუბარი, მაგალითად, რა პერიოდულობით გადაიხედოს ან სხვა, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. საკითხი კომპლექსურია, ფრთხილ მიდგომებს საჭიროებს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე თვლის, რომ პატრიარქი საკმარისად არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რა ვითარებაა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით. როგორც ხმალაძე ამბობს, უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შარშან შევიდა.

„კანონის მიხედვით, თუ პირს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, 20 წლის პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, ის შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმროდან, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს მას; არ არღვევს შინაგანაწესს; მოინანია დანაშაული; აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის. თუ პატიმარი ამ ყველაფერს აკმაყოფილებს, მაშინ გადაისინჯება მისთვის დანიშნული სასჯელი და იგი შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან. ასევე, 15 წლის პატიმრობის მოხდის შემდეგ, თუ პირი დადებითად ხასიათდება, შესაძლოა, გადაისინჯოს მისი დანიშნული სასჯელის სახე და ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, სხვაგვარი შეზუდვა დაუწესდეს. ეს შეზღუდვა შეიძლება იყოს ქვეყნიდან გაუსვლელობა, საცხოვრებლიდან სხვა ადგილებში გადაადგილება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცოტაა ისეთი მუხლი, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაულის შემთხვევები. უვადო პატიმრობა პირს შეიძლება შეეფარდოს ძალიან მძიმე დანაშაულისათვის, ისიც იმ შემთხვევაში თუ საქმეში არის დამამძიმებელი გარემოებები. უვადო პატიმრობა ვისაც აქვს მისჯილი, თუ ის სათანადოდ იქცევა და გაცნობიერებული აქვს დანაშაულის სიმძიმე, აღარ წარმოადგენს საფრთხეს, იგი შეიძლება გამოვიდეს 15-20 წლის შემდეგ. ასეთ პირობებში, ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ უვადო პატიმრობა გაუქმდეს“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ პატრიარქის განცხადება ეხებოდა არა სასჯელის გაუქმებას, არამედ შანსის მიცემას. ალაფიშვილის განცხადებით, მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, საზოგადოებასთან დაბრუნების შანსი გამოიყენოს. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. შესაბამისად, თუკი პარლამენტი იმსჯელებს უვადო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებაზე, ამ შემთხვევაში კანონმდებელს მოუწევს ზრუნვა სანქციების გაზრდაზე.

„მსჯავრდებულს უნდა მისცე საშუალება საზოგადოებას და თავის თავს დაუმტკიცოს, რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენს და შეასაბამისად, განესაზღვროს სასჯელის მოხდის ახალი ვადა. პარტიარქმა ბრძანა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შანსი. შეწყალება არ ნიშნავს სასჯელისგან განთავისუფლებას, ან სასჯელის დამოკლებას.

შეიძლება პირობების შეცვლაც მოხდეს ამ შემთხვევაში, შეიძლება პატიმარს შეეცვალოს სასჯელის ზომა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული, ამ ინიციატივას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ვიმეორებ, სახელმწიოფომ პატიმარს გამოსწორების საშუალება უნდა მისცეს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

იურისტი ირმა ჭკადუა თვლის, რომ პარლამენტმა უნდა გამოასწოროს დაშვებული ხარვეზი, რადგან კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ყველა პატიმრას შეეხო, გარდა უვადო მსჯავრდებულებისა.

„დეპუტატები როგორც მინიმუმ თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ და მაქსიმუმ დამნაშავედ, რადგან მათ მიერ მიღებულმა კანონმა ეს ადამიანები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. ახლა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს და მიიღონ კანონი. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონი შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ამ ადამიანებთან მიმართებაში. მერწმუნეთ, უვადო პატიმრებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სასამართლოში რომ გაესაჩივრებინათ, მერწმუნეთ, გაიმარჯვებდნენ, რადგანაც კანონი მათთან მიმართებაში არათანაბარი იყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ პატრიარქის მოწოდება მისაღებია, მაგრამ ის უფრო კონკრეტული უნდა იყოს. დეპუტატის თქმით, უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰუმანური გადაწყვეტილება არ არის, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პატიმრობამ სიკვდილით დასჯა ჩაანაცვლა.

„თანამედროვე სამყარო სიკვდილის დასჯას სასჯელის მისაღებ ფორმად არ განიხილავს, თუმცა, უვადო თავისუფლების აღკვეთაც არ არის კარგი ფორმა. თუკი ამას შევამცირებთ, ეს სულიკვეთება ჩემთვის მისაღებია და საერთოდაც, თუკი მის გაუქმებაზე ვისაუბრებთ, უკეთესია. პატრიარქის საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ „ესა თუ ის პატიმარი, თუ გამოსწორების გზას დაადგა, შესაძლებელია, მას უვადო პატიმრობა შევუცვალოთ და გარკვეული ვადა დაუწესდეს“. ამ ფრაზით თუ ვიმჯელებთ, პატრიარქი გადახედვის შესაძლებლობით გამოდის. საქართველოს კანონმდელობა გადახედვის შესაძლებლობას იცნობს“, - აცხადებს კორძაია.

კანონმდებელი განმარტავს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება გადაიხედოს 20 წლის შემდეგ, ნაცვლად 25 წლისა.

„თუკი პატიმრობის პერიოდში უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირი დადებითად ხასიათდება, მას შეუძლია, საქმის გადახედვა მოითხოვოს და შესაძლოა, სასჯელი ვადიანით შეეცვალოს. 20 წელი სიტყვებით მარტივად ჩანს, მაგრამ პატიმრობაში ყოფნა მარტივად განსახილველი არ არის. ეს საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს და პირადად მე, მივესალმები, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა არ არსებობდეს. ეს პატრიარქის განცხადებაში არ იკითხება, მაგრამ ეს დამოკიდებულება მისასალმებელია“, - განაცხადა კორძაიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ყურადღებას უვადო პატიმრობის გადახედვის მექანიზმებზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის მოწოდება შეიძლება ითქვას, რომ გაზიარებულია, რადგან 2014 წელს, „სისხლის სამართლის კოდექსი“ შეიცვალა და 15 წლიანი სასჯელის მოხდის შემთხვევაში, წარმოშობილია უფლება, რომ პატიმარმა საქმის გადახედვა მოითხოვოს.

კანონმდებელი აცხადებს, რომ ის როგორც იურისტი ამ საკითხზე მსჯელობის ფართო დიაპაზონს ვერ ხედავს, რადგან მისი განმარტებით, უვადო მსჯავრდება ვადიანი სასჯელისგან იმით განსხვავდება, რომ რაღაც ვადის გასვლა არ ნიშნავს, რომ პატიმარი გათავისუფლდება და სახლში წავა.

„ის, რომ უვადო მსჯავრდებულებს შანსი არ დაეკარგოთ, კანონმდებლობა შევცვალეთ. ასევე ძალაშია ის, რომ პატიმარს შეუძლია, უზენაესს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შემდეგ, ნახევარი წლის მანძილზე, ეს განაჩენი გაასაჩივროს და თუკი სტრასბურგი უფლების დარღვევას ცნობს, ეს ახლადაღმოჩენილი გარემოებაა, რასაც პატიმარს საქმეების გადახედვის უფლებას წარმოუშობს. ასე რომ, ორი მექანიზმი არსებობს სტრასბურგის სასამართლოსა და საქმის გადახედვის“, - დასძინა ქუცნაშვილმა, რომლის მსგავსად, პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლიელებებზე აპელირებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

for.ge-სთან საუბარში კახიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არაერთი ცვლილება განხორციელა, რომელიც მიმართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციისკენ იყო.

კახიანს უვადო პატიმრობის საერთოდ გაუქმებაზე საბოლოო პოზიციის დაფიქსირება უჭირს, რადგან ფიქრობს, რომ ამ საკითხს მეტი ანალიზი სჭირდება.

„ალბათ, ამ საკითხზე უმრავლესობას მსჯელობა ექნება და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნება მიღებული. თუკი ლიბერალიზაციის კუთხით დამატებით რაღაცის გაკეთებაზე იქნება საუბარი, ამაზე მეტი ანალიზი გაკეთდება“, - აცხადებს კახიანი.

თანაგუნდელების მსგავსად, საკითხზე მსჯელობის დაწყებას მიესალმება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, ის ინიციატივას მხარს დაუჭერს, რომ უვადო პატიმრობა გადაიხედოს.

„უვადო პატიმრობა ადამიანს მორალურად ანადგურებს და არ უნდა ვეცადოთ, რომ ვინმე მორალურად გავანადგუროთ. ალბათ, უმრავლესობაში ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყება“, - აღნიშნავს ტყემალაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, for.ge-სთან საუბარში ნაციონალი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პატრიარქის სულისკვეთება აბსოლიტურად გასაგებია, რომ სასოწარკვეთილი ადამიანი არ უნდა იყოს.

„როგორც წესი, ეს სასჯელის ეს ფორმა განკუთვნილია მკვლელობისთვის, მძიმე დანაშაულისთვის. ამ ადამიანებს პრეზიდენტისგან შეწყალების უფლება აქვთ. თუკი ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ უფლებათა ნუსხას კიდევ სხვა უფლებები დაემატოს, ეს იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ამ პატიმრებს განცდა არ ჰქონდეთ, რომ ისინი ციხეში სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მსჯელობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი გახსნილი იქნება“, - დასძენს წიკლაური.