თარხან ბათირაშვილი ცოცხალია და ისლამისტები მისი გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებენ. მათი მტკიცებით, პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბათირაშვილის სიკვდილის შესახებ ტყუილია.
ამის დასტურად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ დღემდე უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კადრებში თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი ჩანს.
მასალა სირიაშია გადაღებული, სადაც ბათირაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, ერთ-ერთ ქალაქზე შეტევის გეგმას ამუშავებს. პარალელურად, აბუ ომარ ალ-შიშანი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცოცხალია. ეს იმის მიუხედავად, რომ პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის (ანუ ალ-შიშანის) შესაძლო ლიკვიდაციის ფაქტი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გაავრცელა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ეს „ფაქტი“ ოფიციალურადაც დაადასტურა.
ქართველ ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სწორედ ალ შიშანის დამსახურებაა, რომ ისლამისტებს საქართველოში არაფერი მოუწყვიათ.
როგორც იხსენებენ, თარხანი და მისი ძმა, ეს მებრძოლები, წარმომავლობით წოვა-თუშები არიან, დედა ჰყავთ ჩეჩენი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ თარხანმა ამერიკაში გაიარა წვრთნები, მაინც საქართველოში დაბრუნდა და ცხინვალის ომში არნახულად იომა, რისთვისაც ციხე „დაიმსახურა“. გაჭირვებულ ოჯახში გაზრდილ თარხანს ბოლო წლებში ხშირად პურის ფულიც არ ჰქონია, საბოლოოდ კი ისლამისტ მებრძოლებს დათანხმდა და წავიდა.
თარხან ბათირაშვილიგან განსხვავებით, ქართველებს კარგად ახსოვთ გასული წლის ნოემბერში გავრცელებული კადრები, სადაც ISIS-ის ქართულენოვანი ტერორისტები აჭარიდან თავად აჭარელ მუსლიმანებსა და საქართველოში მცხოვრებ „ქაფირებს“ (ანუ ურწმუნო) ქრისტიანებს ემუქრებოდნენ.
მსგავს მიდგომას ავლენენ ISIS-ის ძალებში გაერთიანებული რუსეთში მცხოვრები მუსლიმანებიც. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, „ისლამური სახელმწიფოდან“ რუსეთში დაბრუნებული მებრძოლები ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნიან.
რამდენად რეალურია ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრება, რომ სწორედ ალ შიშანის გავლენის გამო ისლამისტები საქართველოზე ზეწოლისგან თავს იკავებენ?
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ისლამურ სამყაროში ალ შიშანი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და მისი ფაქტორი გარკვეულ როლს თამაშობს, რომ ისლამისტებმა საქართველოში ცუდი განზრახვისგან თავი შეიკავონ. თუმცა, თუკი „ისლამურ სახელმწიფოს“ დასჭირდება, ისინი, ალ შიშანის ფაქტორის მიუხედავად, საქართველოსაც გამოიყენებენ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ამის საჭიროება ისლამურ სახალიფოს არ გააჩნია.
„ისლამურ სახელმწიფოში“ გარკვეულ როლს თამაშობენ ქართული წარმოშობის სხვა გავლენიანი საველე მეთაურებიც, მაგრამ შიშანის ფაქტორი უფრო მეტ როლს ასრულებს. ის ფუნქცია, რაც საქართველოს დღეს აკისრია, ისლამისტების გაგებით, გარკვეულ ეტაპზე სრულიად საკმარისია. ვგულისხმობ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას სხვა რეგიონში შესასვლელად. როგორც კი „ისლამურ სახელმწიფოს“ სხვა ინტერესი გაუჩნდება საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, გადამწყვეტ როლს ვერც თარხან ბათირაშვილი ვერ შეასრულებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
რაც შეეხება რუსეთს, სადაც „ისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნებული მებრძოლები დიდ საფრთხეს ქმნიან, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ბუნებრივიცაა, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი დატყმა სწორედ რუსეთის ფედერაციაა. ეს იმით აიხსნება, რომ რუსეთის ფედერაცია უშუალოდ არის ჩართული სირიის ომში. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა დააანონსა, რომ საკუთარი დაჯგუფების ნაწილი გამოჰყავს სირიიდან, ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს პიარაქციაა. უბრალოდ, პუტინი თავისი დაჯგუფების გარკვეულ ნაწილს გამოიყვანს, ძირითად ნაწილს კი ისევ სირიაში დატოვებს და ისინი გააგრძელებენ საბრძოლო ოპერაციებს.
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ ბევრად მეტი პანკისელი ქისტია გაერთიანებული, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებიდან წასული ახალგაზრდები, მათი მხრიდან საქართველოს მიმართ მუქარა მაინც არ ყოფილა და სწორედ თარხან ბათირაშვილის დამსახურებაა, რომ 60 ქვეყანას შორის, სადაც ტერაქტებია დაგეგმილი, საქართველო არ დასახელდა.
„სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ აჭარიდან წასულმა ახალგაზრდებმა მუქარა შემოუთვალეს საქართველოს. დარწმუნებული ვარ, პანკისელი ახალგაზრდებისგან მსგავსი მუქარა არასდროს იქნება. ისლამისტი მებრძოლების მხრიდან სამიზნედ დასახელდა ბევრი ქვეყანა, საუბარია 60 ქვეყანაზე, რომელთაც ბევრად უფრო დიდი სპეცსამსახურები ჰყავთ, ვიდრე საქართველოს. კარგია, რომ ამ სიაში არ შევიდა საქართველო. მიმაჩნია, ეს სწორედ ალ შიშანის დამსახურებაა, რადგან ნებისმიერი ვაინახი ყოველთვის დადებითად იყო საქართველოს მიმართ განწყობილი და მომავალშიც დაიცავს თავის ქვეყანას. თავისთავად, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების გადინებაში თარხან ბათირაშვილის ფაქტორი დიდია, მაგრამ ის მაინც საველე მეთურია და მისი დამსახურებაცაა, რომ საქართველოსკენ არ მოდიან“.