იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შეძენაზე საუბარი ნაციონალების დროს წამოიწყეს. იმ პერიოდში ჯვრის მონასტრის საკითხით ბადრი პატარკაციშვილი იყო დაინტერესებული. სხვათა შორის, პატარკაციშვილამდე ამ თემაზე სხვა ბიზნესმენებიც მუშაობდნენ, მაგრამ ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა ამ საკითხში ოდესმე ჩართული ბიძინა ივანიშვილი. ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი საქართველოში არასდროს არ კარგავს აქტუალობას.
2012 წელს იერუსალიმში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გაემგზავრა, თუმცა პარალელურად, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც არ დაახანა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფის შესახებ ამცნო საზოგადოებას. თავის მხრივ, წმიდა მიწიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა თავმდაბლობისკენ მოუწოდა მრევლს და ბრძანა, რომ „შეჩვევა იცის წმინდა მიწამ. ამ დროს ადამიანს ავიწყდება, რომ ის წმინდა მიწაა და ხშირად იქ ჩვეულებრივად იქცევა. წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და მასთან ერთად დიდი ბრძოლებიც. კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის წმინდა მიწაზე“.
ამიტომ უწმინდესმა დავით გარეჯელის თავმდაბლობის მაგალითი შეახსენა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელიწადს ჩადიან წმინდა მიწაზე, რაც არასწორია და განმარტა, უღირსად უნდა მიგვაჩნდეს ჩვენი თავი, რომ ასე ახლოს შევეხოთ სიწმინდეებს. უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მამა დავით გარეჯელი, რომელიც ჩავიდა წმინდა მიწაზე და ღირსად არ ჩათვალა თავისი თავი, რომ ქალაქში შესულიყო.
გოლგოთა, ქრისტეს საფლავი, კლიტენი, ღვთისმშობლის საძვალე, ბეთლემის ღვთისმშობლის მონასტერი, ადამის საფლავი ქართველებს რომ ეკუთვნოდათ, ამას არაერთი უცხოური თუ ქართული წყარო ადასტურებს.
გადმოცემის თანახმად, ვახტანგ გორგასალსაც დაუდგამს ფეხი ქრისტეს მიწაზე, რაზეც ჯუანშერისეული „ვახტანგის ცხოვრება“ მოგვითხრობს.
არაერთი ტაძარი აგებულა წმიდა მიწაზე სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს და, თუ ჩვენმა წინაპრებმა არაბთა, მონღოლთა ბატონობის ჟამს, ანუ დაშლილი საქართველოს პირობებშიც შეინარჩუნეს იერუსალიმი, საქართველოს რუსეთთან შეერთებისას ვეღარ გადაიხადეს ოსმალთა ბეგარა და მიტოვებულ ეკლესიებს ბერძნები, ფრანცისკანელები და სხვები დაეპატრონენ.
თუმცა, მე-18 საუკუნეში იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, რომელიც სამჯერ სწვევია საქართველოს, ქართველებისგან წაუღია ჯვრის მონასტრის დასაბრუნებელი ვალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ ბერძნებს ტაძარი უნდა დაეცალათ, მაგრამ, მოგვიანებით, გასაბჭოებული საქართველოს მემკვიდრეები ვეღარ ჩავიდნენ იერუსალიმში და ქონებაც დაკარგეს. ისე, ქართველებზე მეტად, რუსებს გასჩენიათ საქართველოს იერუსალიმური ქონების ხელში ჩაგდების სურვილი, თუმცა მაინც ბერძნებს უმარჯვიათ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ისტორიულად იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ქართველებს ეკუთვნოდათ, მაგრამ რა მოხდა მე-18 საუკუნეში, კანონიერად დავკარგეთ ეს მონასტერი თუ უკანონოდ, ეს უკვე ისტორიკოსების გასარკვევია. მთავარია ის, რომ დღეს ისრაელის კანონითაც და ნებისმიერი სხვა კანონითაც ეს მონასტერი ბერძნების ხელშია. ამიტომ აქ შესაძლებელია, მხოლოდ ბერძნებთან მოლაპარაკება, კეთილი ნება, რადგან ეს მათთვისაც დიდი სიწმინდეა.
„მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართული ფრესკებია და ოდესღაც იგი ქართველებს ეკუთვნოდათ, ასე მარტივი არ არის მისი გადმოცემის საკითხი. ბერძნებმა კეთილი ნება უნდა გამოავლინონ, შეიძლება, თანხითაც დაინტერესდნენ. სხვათა შორის, ამერიკაში ბერძნებმა წმინდა ჯვრის სახელობის სემინარია სწორედ ჯვრის მონასტრის ანალოგიით გააკეთეს, ამიტომ ეს ბერძნებისთვისაც დიდი სიწმინდეა და აქ დელიკატური მიდგომაა საჭირო იმისთვის, რომ დათმონ ან გაყიდონ მონასტერი. მაგალითად, ახლა იტალიელები ამბობენ, რომ მონა ლიზა დაგვიბრუნეთო. არადა, მონა ლიზა ფრანგებს პატიოსნად აქვთ ნაყიდი და არავისთვის წაურთმევიათ“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი უპირველესად ჩვენი საპატრიარქოსა და იერუსალიმის საპატრიარქოს მოლაპარაკების საგანია და ჩვენთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ისეთ წმინდა ადგილზე, როგორიც წმინდა ქალაქი იერუსალიმია, ყველა კონფესიას აქვს თავისი ეკლესიები. ქართველებს კი, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე არათუ ეკლესია გვქონდა, არამედ იერუსალიმში ქრისტეს საფლავის ეკლესიის კლიტენიც გვეპყრა, ეს ყველაფერი დაკარგული გვაქვს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციებს“.