ობობას ქსელური თამაშები პაპავას დასასუსტებლად თსუ-ში

ობობას ქსელური თამაშები პაპავას დასასუსტებლად თსუ-ში

უნივერსიტეტში კლანურ მმართველობაზე სტუდენტები ხშირად საუბრობენ, მაგრამ კონკრეტული მაგალითები (თუნდაც არსებული ვითარების თვითმხილველთა ინფორმაციით) იმას მოწმობს, რომ თსუ-ს რექტორი, ლადო პაპავა, კლანური დაჯგუფებების ურყევ პოზიციათა აბლაბუდას ქსელებშია გახვეული და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, რადგან რექტორის ძალაუფლებას თავად თსუ-ს აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი ასუსტებს.

მაშინ, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები 14 მარტს საღამოს რექტორის მისაღებში შეჭრას შეეცადნენ და გარეთ _ „გადადგეს რექტორი! ვითხოვთ რექტორის იმპიჩმენტს!“ სკანდირებდნენ, სწორედ ამ დროს აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აკადემიური საბჭოს სხდომიდან გამოსულმა ერთ-ერთმა წევრმა დაადასტურა, აკადემიური საბჭო თავს არიდებდა პაპავას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას (შესაძლოა, ხმები არც ყოფნოდათ ამისთვის), მაგრამ რექტორს უბიძგებდნენ, რომ განცხადება გადადგომის თაობაზე თავისით დაეწერა, რადგან თვითმმართველობის პრეზიდენტს, შალვა საბაურს თურმე „დაბარებული“ ჰქონდა _ „დამახვედრეთ პასუხი! რომ შემოვალ, მითხარით, გადადგა თუ არა რექტორი“.

აკადემიური საბჭოს შეკრების ადგილის მიღმა თურმე რექტორის თანაშემწეებმა ,,იყოჩაღეს” და აკადემიური საბჭოს ოთახში შეღწეულმა ერთ-ერთმა მრჩეველმა პაპავას ჩასჩურჩულა, რომ უნივერსიტეტის პროფესორები რეკავენ და ითხოვენ _ „არ გადადგეს რექტორი! გვღუპავს? ვის ხელში გვტოვებს?!“. არ არის ცნობილი, ზეწოლის მიუხედავად, საოლოოდ როდის ჩამოყალიბდა პაპავა და როდის მიიღო გადაწყვეტილეა, რომ არ გადადგებოდა, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შეიძლეა, რომ განსაკუთრებით აქტიურობდა აკადემიური საბჭოს იურიდიული ფაკულტეტის ორი წარმომადგენელი - ნუგზარ სურგულაძე და მაია კოპალეიშვილი, რათა რექტორს მიეღო (რაიმე?!) გადაწყვეტილება. ბოლოს რექტორმა, რომელმაც სხდომა დატოვა, მედიისთვის გააკეთა განმარტება, რომ არ გადადგებოდა, რადგან უნივერსიტეტი უფრო დიდ ჩიხში შევიდოდა და ეს იმ პირობებში, როდესაც თსუ-ს კანცლერიც არ ჰყავს.

დღეისათვის მოცემულოიბა ასეთია: რექტორის პოზიციას, სავარაუდოდ მიზანმიმართულად ასუსტებს აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი. გამოჟონილი ინფორმაციით, საბჭოს ზოგიერთი წევრი გაგულისდა პაპავას ერთგულ მრჩევლებზე, რომლებმაც უზრუნველყვეს რექტორის ,,არგადადგომის” პრინციპულობა და მათ, თითქოსდა რაღაც წესები დაარღვიეს, თსუ-ის ეთიკის კომისიაში „დატესტავენ“.

რას ნიშნავს ყოველივე ეს? აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი ცდილობს, ისევ და ისევ სტუდენტური თვითმმართველობიდან წამოსული უცვლელი მოთხოვნების საფუძველზე (გადადგეს პაპავა!) რექტორს ჩაამოაშორონ ის თანამშრომლები, რომლებიც არ დაუშვებენ უნივერსიტეტის ნგრევას არც ნაციონალების და არც სხვათა ხელით. ამასვე ემსახურებოდა უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორისადმი გაჟღერებული გაფრთხილებაც (დაიდო მის გვერდზე), რომ აკადემიური საბჭოს მხრიდან კანცლერობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევაზე არსებული დასკვნის (განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაზეა საუბარი) გახმაურების უფლება არ ჰქონდა და მსგავსი მოქმედებების შემთხვევაში მის საკითხს განიხილავენ.

პაპავას 7-15 მარტის მოვლენების შემდეგ პრინციპული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები:

1. რექტორმა უნდა მოთხოვოს პასუხი იურიდიულ სამსახურს _ რის საფუძველზე მოამზადეს სამართლებრივი დასაბუთება, რომელსაც დაეყრდნო აკადემიური საბჭო, რადგან ითქვა, რომ აკადემიურმა საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება კანცლერის მეორედ, იმავე კონკურსის ფარგლებში შერჩევისა და რომელიც იურისტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ და აკადემიური საბჭოს წევრმა, მაია კოპალეიშვილმა არ გააპროტესტა (იქნებ გაამყარა კიდეც იურიდიული დასაბუთება?). საბჭოში იურიდიული ფაკულტეტის ორივე წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი და ნუგზარ სურგულაძე, შეგვიძლია განვიხილოთ ამავე ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის მხარდამჭერებად, რომელსაც, როგორც 10-14 მარტის აქციებზე ითქვა, სურს რექტორობა და რომელიც, როგორც ამბობენ, ნაციონალ-კუბლაშვილების პროექტია. ამ „ობობას ქსელში“ თსუ-ის იურიდიული სამსახურის უფროსის - არჩილ კუკულავას, სენატის აპარატის უფროსის - დიმიტრი გეგენავასა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის - დემეტრე ეგნატაშვილის ინტერესებიც იკვეთება. სწორედ მათ მოამზადეს იურიდიული დასაბუთება, მაგრამ „ერთმანეთის გატანა“ ახლა მათი მთავარი ამოცანაა.

2. რექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გიორგი გორაშვილის საკითხთან დაკავშირებითაც (მან ვერ უზრუნველყო რექტორის კაბინეტის დაცვა, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები 15 მარტს რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. სტუდენტები მას სხვა ბრალდებებსაც უყენებენ).

3. რექტორმა უნდა განიხილოს „ოდეერად” მიჩნეული კულტურის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ხარჯავანიძის თემა (ხარჯავანიძე სტუდენტური თვითმმართველობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ).

ამ საკითხების გარდა, რექტორს, ალბათ, სხვა გადაწყვეტილებებიც აქვს მისაღები, მაგრამ, იმ ფონზე, როცა მისი გადადგომის მოთხოვნის პირობებში აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი კვლავ „უსუსტებს“ რექტორს ხმის უფლებას (ასე ჩანს გარედან), მიიღებს კი პაპავა ადექვატურ გადაწყვეტილებებს? „ობობას ქსელური თამაშები“ რექტორს ერთგვარად აშანტაჟებს _ არ იყოს ურყევი თავის გადაწყვეტილებებში! და ეს თამაშები, როგორც ჩანს, უნივერსიტეტში უმართავი პროცესების (რაც ნაციონალების მიერ მართვის ტოლფასია) დაწყების მოწინაღმდეგეებს შეიწირავს.

კულუარული ინფორმაციით, პაპავას ხელისუფლების ზემო ეშელონებში არ ებრძვიან. მას ებრძვის კვლავ სტუდენტური თვითმმართველობა და კიდევ... იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრები და დეკანიც, ალბათ...

გაარღვევს თუ არა ამ ობობას ქსელს პაპავა _ ეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა ასეთი კლანური მმართველობის პრეცედენტები ჯავახიშვილის, მელიქიშვილის, შანიძის, ვეკუასა და კეცხოველის უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია.