„აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკელებმა ძალიან დიდი შრომა გაsწიეს, რომ კიბერუსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო. ამ საკითხზე თანამშრომლობა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ისე არ ხდება, რომ ვინმე ჩამოვა და ადგილზე ნახავს“, - აცხადებს საერთაშორიო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია, რომლის განცხადებით, IP მისამართის ნახვა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მთავარია არსებობს ქსელში ჩართული აპარატურა.
for.ge ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
პროკურატურამ დახმარებისთვის მიმართა აშშ-ს ფედერალურ ბიუროს, რომ დადგინდეს რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ატვირთვა. რამდენად შესაძლებელია ამ დანაშაულის გახსნა, თუნდაც ფედერალური ბიუროს დახმარებით?
ლია მუხაშავრია: ვინც შეძლო წაეშალა ეს ვიდეო კადრები, ან დაებლოკა, მას ძალიან კარგად შეუძლია გაარკვიოს IP მისამართი. როდესაც IP მისამართი არის გარკვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი იდენტიფიცირებულია. რა სერვერების გავლით მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა იუთუბიზე, ამის იდენტიფიცირება რამდენიმე დღის საქმეა. არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ვკითხე სპეციალისტებს და ამბობენ, ამის დადგენა სულაც არ არის რთული და არ სჭირდება ფედერალური ბიურო. დღეს ეს გლობალური ქსელი ძალიან კარგად არის განვითარებული და ყველას იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
თუ შესაძლებელია IP-ი მისამართის დადგენა, მაშინ რატომ ითხოვს აშშ-ის ფედერალური ბიუროსგან დახმარებას მთავარი პროკურატურა?
- ეს დრო მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ კარგად იფიქრონ რა გააკეთონ, რადგან არ მოელოდნენ საზოგადოების ასეთ რეაქციას, რომ თითს მათკენ გაიშვერდნენ და არ დაიწყებდნენ ჭორაობას. ახლა დაბნეულობისა და უსუსურობის განცდის გამო სჭირდებათ დრო, რომ მოიფიქრონ რა ქნან.
ვის ინტერესში შედიოდა და შედის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება? ვინ დგას რეალურად ამის უკან? ნაციონალები ხელისუფლებას ადებენ ხელს, ხოლო ხელისუფლების პოზიციაა, რომ გააკეთა იმან, ვინც იღებდა. ფაქტია, 14 მარტს გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ჩანს, რომ კადრები ჩაწერილია 2012 წლის მაისში, ანუ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო...
- როგორც მითხრეს 11 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო ახალი ხელისუფლების დროს იყო ჩაწერილი. 2 ოქტომბერს მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან, რომ გაეტანათ ქვეყნიდან ეს აპარატურა და ტექნიკა. გაეყიდათ, გაეჩუქებინათ, გაეცვალათ, რაც უნდოდათ ის ექნათ, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ მოხდა მისი დემონტაჟი და ქვეყნიდან გატანა. იგულისხმება ჩამწერი აპარატურა, რომელიც სადაც იყო დამონტაჟებული, იქვე დარჩა. მათი დემონტაჟი არ მომხდარა.
რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- ჩემს ვერსიას ამყარებს ის ფაქტები, რომ პირველად გაუშვეს ვიდეო, რომელიც დადგინდა, რომ გადაღებული იყო 2012 წლის შემდეგ, შემდეგ გაუშვეს ვიდეო, რომელიც დადგინდა, რომ გადაღებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვაბნიონ, თითქოს რაღაც უკონტროლობა და უბედურება ხდება.
ის ხალხი, ვინც ამ ტექნიკურ უზრნუველყოფაზე მუშაობდა, თანამდებობებზე დატოვეს. ზუსტად ვიცი, რომ ისინი არავის გაუნთავისუფლებია სამსახურიდან. ერთადერთი იყო გელა ხვედელიძე, მაგრამ მინისტრის მოადგილის შეცვლით არსებითად არ შეცვლილა ვითარება. ტექნიკური პერსონალი, ინჟინრები, აიტი-სპეციალისტები, ქსელის ადმინისტრატორები, ვინც ამაზე მუშაობდნენ, ისინი დარჩნენ და მათ იყენებს დღევანდელი ხელისუფლება.
თეა წულუკიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას თავს არიდებს. მის უწყებაში იყო დამონტაჟებული ეს ჩამწერი აპარატურა. წულუკიანმა თქვა, რომ სამინისტროდან გაიტანეს ეს აპარატურა და შეიტანეს მოდულის შენობაში. ამბობენ, რომ მოდულის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული აპარატურა და ვინც მაშინ მუშაობდა პირველ სართულზე, იგივე ხალხი მუშაობს დღესაც. ასე რომ, პასუხისმგებლობა არის ორივე ხელისუფლებაზე.
ამ კადრების გავრცელებით მიზანი იქნა მიღწეული?
- ის მიზანი ვერ იქნა მიღწეული, რაც სურდათ. თუმცა, ინდივიდის განადგურება ასე მართლაც შეიძლება. ვფიქრობ, რომ ამ კადრების გავრცელების მიზანი შედიოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ინტერესში იმიტომ, რომ ორივეს სჭირდება შეინარჩუნოს საკუათარი მდგომარეობა. „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ დიდი რაოდენობით ხმებს ვერ მიიღებს, მით უფრო ნაციონალებმა იციან, რომ ვერ მიიღებენ ხმებს და ამ შემადგენლობით ვერ იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში.
ემოციებს თუ მოვხსნით, არც ისე რთულია ამის გამოძიება. კიბერუსაფრთხოების დარგში ამერიკასთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომბლოთ. აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკელებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ კიბერუსაფრთხოება ყოფილიყო მაღალ დონეზე. ამერიკელებთან ამ საკითხზე თანამშრომლობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში და დღემდე გრძელდება. ისე არ ხდება, რომ ვინმე ჩამოვა და ადგილზე ნახავს. IP-ს ნახვა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მთავარია არსებობს ქსელში ჩართული აპარატურა.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება-გავრცელების კუთხით კანონის გამკაცრების მსჯელობას იწყებს საქართველოს პარლამენტი. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული ხომ არ არის ამ საკითხზე მსჯელობა დღეს?
- თუ უნდოდათ კანონის გამკაცრება, გაეკეთებინათ თავის დროზე, 2012 წელს, როდესაც ეს ამბები იყო, მაგრამ არც ახლა არის დაგვიანებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ფასადური ღონისძიება. ჩვენ გვაინტერესებს - ვინ არიან ამის ორგანიზატორები და განკარგულების გამცემები.