კომკავშირი და სტუდენტური თვითმმართველობა: „ჩვენ ზევითა ვართ, თქვენ ქვევით“.

კომკავშირი და სტუდენტური თვითმმართველობა: „ჩვენ ზევითა ვართ, თქვენ ქვევით“.

„თვითმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ავალიანმა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრესკონფერენცია გამართა და მთელი სტუდენტების სახელით გამოაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ „ნაციონალურ მოძრაობასო“. უნივერსიტეტის თვითმართველობა „ნაციონალური მოძრაობის“  ახალგაზრდული ფრთა იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თსუ-ს კურსდამთავრებული ხატია ჯანაშია,  რომელიც პროცესებს აშშ-დან აკვირდება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ძალიან გავს 2007 წლის მოვლენებს.

რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველოს წლებში უნივერსიტეტში? რაში იხარჯებოდა თვითმმართველობის თანხები და როგორ ხვდებობდნენ თვითმართველობის წევრები სახელმწიფო სტრუქტურებაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ხატია ჯანაშიას ესაუბრა.

ხატია, შენ სწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და როგორც სტუდენტმა, თუ შეგიძლია გაიხსენო, რა ხდებოდა უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო?

ხატია ჯანაშია: თსუ-ში ჩაბარებამდე არა მხოლოდ სასწავლო პროცესთან, არამედ, ზოგადად, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც, უფრო მაღალი მოლოდინები მქონდა, მაგრამ როგორც კი ჩავაბარე მივხდი, რომ სტუდენტები დაყოფილი იყვნენ.

რას ნიშნავს „დაყოფილი იყვნენ“?

- იყვნენ სტუდენტები, რომლებიც თავისუფლად აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს, მაგრამ იყვნენ სტუდენტები, რომლებსაც არ შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოხატვა. მაშინ პრობლემა იყო კრედიტების საკითხი იმიტომ, რომ ბონუსის პროცესი ახალი დაწყებული იყო, რაღაცეები შეიცვალა და თვითონ ადმინისტრაციაც ძალიან დაბნეული იყო,  ბოლომდე არ იყო გარკვეული ბევრი რამ. სტუდენტებს იმედი გვქონდა, რომ თვითმართველობა დაგვხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

შეგიძლია მითხრა, რატომ არ დაგეხმართ სტუდენტებს მაშინ სტუდენტური თითმართველობა, რა იყო ამის მიზეზი?

- უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან  მოდიოდა ეს პრობლემა, მათაც ბოლომდე არ ჰქონდათ გარკვეული, თუ რაში იყო საქმე. მახსოვს, ხელმოწერები გროვდებოდა, რომ კრედიტები მოემატებინათ სტუდენტებისთვის და  სტუდენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება, თუ თანხით ვერ შეძლებდა თვითმართველობა მათ დახმარებას, მორალურად მაინც დახმარებოდა.

თვითმართველობას შეეძლო ამ კატეგორიის სტუდენტების დახმარება?

- იცით, ვერ გეტყვით კანონმდებლობიდან გამომდინარე რისი შესაძლებლობა ჰქონდა თვითმართველობას, მაგრამ მე, როგორც სტუდენტს მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თუ თვითმმართველობას არ შეეძლო თანხით დახმარებოდა ასეთ ბავშვებს, შეეძლო მორალურად მაინც დადგომოდა გვერდით.

ეს მორალური მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?

- შეყოლოდნენ ადმინისტრაციასთან სტუდენტს და ეთხოვათ, რომ  გადაევადებინათ სწავლის საფასური, ან საქმე იქამდე არ მიეყვანათ, რომ მათთვის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეეწყვიტათ. ბევრ სტუდენტს შეავსებინეს რაღაც ბლანკები და თითქოს უმეტესობა გააწევრიანეს თვითმმართველობაში, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ არსებობდა უმაღლესი ეშელონები, სადაც იყვნენ თვითმმართველობის  პრეზიდენტი, მისი მოადგილეები და სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები და ჟარგონზე რომ ვთქვათ, იყო რაღაც  „სასტავი“, რომელიც აკონტროლებდა ბიუჯეტს. დადიოდნენ საზღვარგარეთ, რამდენჯერმე იყვნენ ამერიკაშიც.

მახსოვს ჩემი მეგობრის ისტორია, რომელმაც კვლევის დაფინანსება მოიგო ძალიან კარგ უნივერსიტეტში, იქ სწავლას უფინანსებდნენ, უბრალოდ, ბილეთის თანხა ჭირდებოდა, რომელიც არ გააჩნდა და თვითმართველობამ ბილეთის ფული არ მისცა. სამაგიეროდ, ხარჯავდნენ ფულს ექსკურსიებზე. რაღაც უაზრო ღონისძიებებზე იხარჯებოდა ძალიან დიდი ფული. ატარებდნენ  სამეცნიერო კონფერენციებს, მაგრამ ეს იმდენად მცირე და ჩაკეტილი იყო, რომ ყველა სტუდენტს იქ მოხვედრა ნამდვილად არ შეეძლო.

თვითმართველობასთან დაახლოებული სტუდენტები პოლიტიკურად მოტივირებულები იყვენ?

- რა თქმა უნდა პოლიტიკურად მოტივირებულები იყვნენ. შემიძლია გავიხსენო ჩემი და ჩემი მეგობრების ემოცია, როდესაც სტუდენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ პოლიტიკურ პროცესში არ ჩავერევითო და ამ დროს თვითმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი ავალიანმა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრესკონფერენცია გამართა და მთელი სტუდენტების სახელით გამოაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ „ნაციონალურ მოძრაობასო“.

მეტსაც გეტყვით: როდესაც უნივერსიტეტის თვითმართველობის არჩევნები ტარდებოდა, უნდა შემოგეხაზა „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“. ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ახალგაზრდული ფრთა უნივერსიტეტში. როდესაც ეს სტუდენტები ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, ხელისუფლებაში საქმდებოდნენ. თუნდაც იგივე გიორგი ავალიანი ლადო ვარძელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც ვარძელაშვილი სპორტის მინისტრად გადაიყვანეს, ავალიანი მოადგილედ წაიყვანა. სწავლის პერიოდში თვითმმართველობის წევრებს შეეძლოთ ლექციები გაეცდინათ, ესარგებლათ სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხით და ეს არ იყო პატარა თანხა, რადგან უნივერსიტეტის ბიუჯეტი ძალიან დიდი იყო და თვითმმართველობაც საკმაოდ დიდი თანხას განკარგავდა.

ამის მიმართ როგორი იყო პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულება?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველა ლექტორი მხარს უჭერდა თვითმმართველობას. პირდაპირ არა, მაგრამ ყოველთვის მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ რაც ხდება, სწორი არ არის. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ლექტორები ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი თვითმმართველობის მიმართ. სტუდენტები, რომლებიც თვითმმართველობის რიგებში ეწერებოდნენ, სასწავლო პროცესში არც ერთვებოდნენ და გარედან გვიყურებდნენ დანარჩენებს. დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ აი „ჩვენ ზევითა ვართ და თქვენ ქვევით“.

თვითმმართველობის გარდა იყვნენ კიდევ სტუდენტები, რომლებიც აქტიურობდნენ და აპროტესტებდნენ ძალიან ბევრ რაღაცას. იყო ასეთი მოძრაობა „თარგმნე“ და თვითმმართველობისგან მოითხოვდნენ ექსკურსიების ნაცვლად სტუდენტების დაფინანსებას. თსუ-ს მეხუთე კორპუსში სტუდენტებმა პროტესტი გამოთქვეს თვითმმართველობის წევრების წინააღმდეგ და ეს სტუდენტები პირდაპირ სცემეს.

ვინ სცემა?

- თვითმმართველობის წევრებმა. სხვათა შორის, იქ იყო გიორგი გაფრინდაშვილიც, მაგრამ არ მახსოვს, მანაც დაარტყა თუ არა ხელი სტუდენტებს.

როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ გიორგი გაფრინდაშვილს რომელსაც კანცლერობის პრეტენზია ჰქონდა?

- კონკრეტულად გიორგი გაფრინდაშვილი იღებდა თუ არა მონაწილეობას თუნდაც იმ სტუდენტების ცემაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად არ გაუპროტესტებია სტუდენტების ცემა და, შესაბამისად, იზიარებდა გუნდის პოზიციას, რომელიც ამბობდა, რომ იქ არანაირი ცემა არ ყოფილა.

თვითმართველობის თანხა პარტიულ ინტერესებს ხმარდებოდა და  არა სტუდენტებს?

- კი ბატონო. ცდილობდნენ, რომ პირველ და მეორეკურსელები მიეყვანათ თვითმართველობაში და რაღაცა  გრძნობა გაეღვივებინათ მათში, რომ თვითმმართველობა ეს არის სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერი ორგანიზაცია და თქვენც ჩვენთან ერთად ხართ. შესაბამისად, დაყავდათ ექსკურსიებზე, პიკნიკებზე, რაღაცა კლუბებში და ამ ყველაფერში კოლოსალური თანხები იხარჯებოდა.

სტუდენტებს არ გქონდათ უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის განცდა?

- არანაირად. საშინლად ცივი დამოკიდებულება იყო. როდესაც თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, მოდიოდა ერთ-ერთი სტუდენტი თვითმართველობიდან და გეკითხებოდა შენ ვის აძლევ ხმას? თუ ეტყოდი, რომ თვითმართველობას არ აძლევდი ხმას, ან თავს შეიკავებდი პასუხისგან, უკვე საეჭვო ფიგურად ითვლებოდი.
ძალიან ბევრი სტუდენტი არ მიდიოდა თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა - როტაციის პრინციპით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ალბათ, ადევნებ თვალ-ყურს იმ პროცესებს რაც დღეს ხდება უნივერსიტეტში. ეს სურათი ნაცნობია შენთვის, იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული ინტერესები?  

- მინდა ვთქვა, რომ თვითმართველობა მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც მაშინ. აცხადებენ, რომ სტუდენტების წარმომადგენლები არიან და სტუდენტების სახელით საუბრობენ. დამერწმუნეთ, რომ მას უნივერსიტეტში არანაირი ლეგიტიმურობა არა აქვს, რადგან სტუდენტების მიერ არ არის აღიარებული როგორც მათი თვითმართველობა, ასევე - პრეზიდენტი.  ზუსტად იგივე მოვლენები მიმდინარეობს უნივერსიტეტში, რაც ხდებოდა 2007 წელს. თუკი ეს არ არის მართული პროცესი, როგორ შეიძლება, რომ 2016 წელსაც ისე მოიქცეს თვითმართველობა, როგორც იქცეოდა 2007 წელს? ანუ, იგივე საფეხურები გაიარონ და იგივენაირად დაგეგმონ ყველაფერი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანალოგიური პროცესები მეორდება.

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ მიხვდი, ყოველივე იმის შემდეგ, რაც წლების განმავლობაში გიორგი გაფრინდაშვილის ღია თუ ფარული მხარდაჭერით და თანხმობით ხდებოდა, რატომ გადაწყვიტა სენატმა გიორგი გაფრინდაშვილის მხარდაჭერა, ან თავად გაფრინდაშვილმა რატომ გადაწყვიტა თავისი კანდიდატურა შეეთავაზებინა სენატისთვის! არ ვიცი, შესაძლოა მას ჰყავდა მხარდამჭერები, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუნდაც იმ პროფესორ- მასწავლებელებიდან, ან სენატის წევრებიდან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. უბრალოდ,  ჩემთვის ცოტა გაურკვეველია, რატომ მაინცდამაინც გიორგი გაფრინდაშვილი და რატომ ასეთი გააფთრებული დაცვა მისი კანდიდატურის მიმართ. ალბათ, მაინც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ვის აწყობს დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით.