ქართულმა მხარემ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მიმართა, რათა დადგინდეს, რომელი ქვეყნის IP მისამართებიდან მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ატვირთვა. მთავარი პროკურორის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ატვირთულია „ფეისბუქზე“, „იუთუბიზე“ და ადგილი, სადაც ეს ინფორმაცია არის დაცული, მდებარეობს უცხოეთში. შესაბამისად, საქართველო ახლა ელოდება ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის IP მისამართიდან არის ატვირთული ეს ფაილები.
როგორც ირაკლი შოთაძე აცხადებს, პროკურატურაში გადმოგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა. მისი თქმით, საუბარია იმ ფაილებზე, რომელიც არ განადგურდა და პროკურატურაში გადაიგზავნა.
„პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები ამ ფაილებში არ შედიოდა. ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს გააზრებული არ ჰქონდათ საფრთხე, რომელიც ამ კადრებთან დაკავშირებით არსებობდა და არ იყო ამისთვის მზად. როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, დანაშაულის დაუსჯელად დატოვებამ, თუ არასწორმა რეაგირებამ წაახალისა ის დანაშაული, რომელიც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ.
„მეორე, რაც დავინახეთ, არის მითითება იმაზე, რომ ეს არის რთული დანაშაული, რთულად საბრძოლი დანაშაული, მაგრამ ვერ დავინახეთ მზაობა და ღიაობა, რომ ჩამოყვანილი იქნენ იმ ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებსაც უფრო მეტი გამოცდილება და შესაძლებლობები ექნებათ ასეთი ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის დაეხმარონ სახელმწიფოს. მიმაჩნია, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ხელს შეუწყობს, რომ დანაშაულის გამოძიება უფრო ეფექტურად წარიმართოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
for.ge-სთან საუბრისას უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია განმარტავს, რომ პირველ რიგში youtube-მ უნდა გასცეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან აიტვირთა ვიდეო-მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ იმ ქვეყვის სათანადო სამსახურებმა უნდა მოახდინონ IP-ს მოსარგებლის იდენტიფიცირება. ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, თუ ამის გამკეთებელი პროფესიონალია, მაშინ მისი მოძებნა გაძნელდება.
„ამისთვის საჭიროა ნებისმიერი „სუფთა“ ტექნიკა, რომლის მფლობელის დადგენა შესაძლებელია, მაგალითად - შავ ბაზარზე ნაყიდი ტელეფონი, პლანშეტი და ა. შ. მერე ვიდეოთვალისგან თავისუფალი, ასევე თავისუფალი WIFI ზონა და ეგაა“, - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
კითხვაზე, ვის ინტერესებშია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება, ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, თუმცა არ გამორიცხავს განაწყენებულ მეოცნებეებსაც.
„რამდენი ასლია გაკეთებული არავინ იცის. ამიტომ პორნოსერიალები ალბათ, გაგრძელდება. ამის მიზანი არის ის, რომ ყველაფერს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ატრიალებენ. გუშინდელი „რუსთავი 2“-ის არჩევანი მაგის დასტურია.
აქ ხაზგასმა ხდება ხელისუფლებიის უუნარობაზე, ხალხს დაუცველობის სინდრომს უძლიერებენ, ხელისუფლების უნიათობა კი სახეზეა და არჩევნების წინ რატომაც არ ისარგებლებენ ამით?! ბოკერიას გამოსვლამ კი უშუბლძარღვო გვარამიას გადააჭარბა. ლავრენტი ბერიაც კი სირცხვილით საფლავში ბრუნავს ამ უსინდისოების შემხედვარე, ასეთ რამეს ბერიას შინსახკომიც კი არ კადრულობდა“, - აცხადებს for.ge-სთან ვალერი ხაბურძანია.
გენერალ-მაიორი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მიმართულია ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. მისი თქმით, თუკი შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, არჩევნების მოახლოების პარალელურად, ამ სახის კომპრომატების გავრცელება მომრავლდება.
„ვერ გეტყვით რა ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ აღკვეთონ მსგავსი კადრების გავრცელება. ვფიქრობ, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო საწოლის შპიონაჟი. უშიშროება არასოდეს არ ყოფილა საწოლის შპიონაჟით დაკავებული, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა.
უშიშროების მოვალეობაა სახელმწიფო უშიშროების საქმეები და არა სხვის საწოლში ძრომიალი. როდესაც სახელმწიფოში მოდის ძალა, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება უნდა გადაიღოს, უთვალთვალოს რას აკეთებს, ასეთი ძალა ვალდებულად თვლის, რომ სპეცსამსახურებმა გააკეთონ ის, რაც მას კანონით არ ავალიათ, რაც სამწუხაროდ მოხდა საქართველოში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძემ.
ექსპეტრი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ამ „ნაწარმოების გმირებმა“ ყველაზე კარგად იციან, როდის და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული კადრების გადაღება.
„ეს ყველაფერი უკვე ეპიდემიის სახეს ატარებს. ყველაფრის ერთმანეთთან დროში თანხვედრა, ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ ეს ერთი დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქტიურ ფაზაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად შედის. ამ კადრების გავრცელების მიზანი იყო მიჭირხვნა. იმიტომ, რომ ეს მხოლოდ პრელუდიაა და გვარები, რომელიც სახელდება ყველამ ვიცით.
ნათელი ხდება, რომ ირაკლი ალასანიას განთავისუფლების მიზეზი იყო რუსული წყარო. ასევე, სახეზეა მოქმედი თავდაცვის მინისტრის მიუღებლობა, რომელსაც რუსეთის ელჩმა ეუთოში პირდაპირ უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ არ იქნება მინისტრი და არც პარლამენტარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.