გამოცხადებული შანტაჟის ქრონიკა, მუქარა პოლიტიკოსების მიმართ, რომ პოლიტიკას თავს თუ არ გაანებებენ, თავიანთი ცხოვრების შესახებ კიდევ მორიგ სერიალებს იხილავენ...
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები დროსა და სივრცეში ამოუწურავია და თბილისს გარდა, სავარაუდოდ, სოჭსა და ბრიუსელშიც ინახება.
მართალია, ეს ჩანაწერები ნაციონალების ცოდვის ნაყოფია, მაგრამ ნაციონალები მაინც ამაყობენ, რომ მათ დროს ამგვარი ტიპის მასალა არ გამოქვეყნებულა. ნაციონალებს არც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ჩამორჩებიან, ისინი თავიანთი „მდიდარი“ პირადი ცხოვრებით ამაყობენ.
სამაგიეროდ, უმწიკვლობის მომხრეა დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ისე იცხოვრონ, რომ მათი პირადი ცხოვრება კომპრომატად არ იქცეს. ამიტომ პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ წესიერი ადამიანები. თუმცა, სანამ ასეთი უტოპიური გეგმა განხორციელდება, საკითხავია, ვის ინტერესშია ამგვარი კადრების გავრცელება?
ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.
ვაჟა ბერიძე: არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ამ კადრების გავრცელებით რომელიმე კონკრეტული ჯგუფი ან ძალა იყოს დაინტერესებული. უნდა დავსვათ კითხვა, ვის აძლევს ხელს მსგავსი კადრების გამოქვეყნება, შექმნილი აჟიოტაჟით ვინ იღებს სარგებელს, მათ შორის, პოლიტიკურ სარგებელს? თუ ჩვენ ასე დავსვამთ კითხვას, ყველა იპოვის სათავისო პასუხს. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობის თაობაზე ძალიან მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ არც ის მგონია, ამ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ბრიყვები იყვნენ, რომ შურისგების განცდის სიამოვნება და პოლიტიკური სტაბილურობა სასწორზე შეაგდონ. არა მგონია, ამდენად სულელი იყოს ეს ხელისუფლება. სხვა ძალებს კი შეიძლება უფრო აწყობდეთ ასეთი აჟიოტაჟი. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ, ვინც ამას აპროტესტებს, სწორი და მართალი პოზიციისაა. დაუშვებელია ამ ჩანაწერების გავრცელება. უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი ბარიერები, რათა მსგავსი ჩანაწერები საჯარო სივრცეში არ ხვდებოდეს. აქ ხელისუფლებას დიდი ფუნქცია ენიჭება, თუმცა არც გულუბრყვილო მდგომარეობაში არ უნდა ჩავცვივდეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის არის შექმნილი ეს ფარული ჩანაწერები, რამდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ ყველაფერს. ამდენად, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ამის უკან მოიაზრება. ბუნებრივია, ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ ერთ კონკრეტულ მოქალაქეზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი და ულმობელი დამოკიდებულება იკვეთება ამ ერთი პიროვნების მიმართ, მაგრამ აქვე არანაკლები აღშფოთება უნდა გამოვთქვათ იმის გამოც, რომ რაღაც მომენტში ჩვენმა საზოგადოებამ დაუშვა, რომ სწორედ სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ასეთი ჩანაწერების შექმნასა და სისტემატიზირებაზე და ამით აშანტაჟებდა ადამიანებს. არ გავავლებდი პარალელს, მაგრამ გავიხსენებდი იმავე ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის ისტორიას და ამასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვაშენებთ ქართულ დემოკრატიას და ბევრ რამეს ვსწავლობთ დასავლური დემოკრატიებისგან, თუმცა მექანიკურად არაფრის გადმოღება არ არის პანაცეა. უპირველესად, უნდა ვიზრუნოთ ადამიანების დაცულობაზე. უნდა ვაღიარო, რომ ის ავადსახსენელი ჩანაწერი არ მინახავს, მაგრამ არაფრით შეიძლება, ასეთ სისასტიკეს იჩენდეს საზოგადოება ადამიანის, პიროვნების მიმართ.
ამ დღებში განსაკუთრებული აღშფოთება ნიკა გვარამიას ცინიკურმა სიტყვებმა დაიმსახურა: „რა მეგის ქარდავა, შენ ხარ ამ ქვეყნის ყველა დროის ყველაზე დიდი ურჩხული და ბოროტმოქმედი, ბიძინა ივანიშვილო!“ ზოგმა თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების განცხადებებიც ფსევდომორალიზმად, ფსევდოსოლიდარობად აღიქვა, რომლებმაც ამ კადრების გავრცელების გამო კონკრეტულ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
- გვარამიამ და სხვებმა ჯერ უნდა დაგმონ ის პრაქტიკა, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა. მართალი გითხრათ, არც ის მაგონდება, რომ ბატონ გვარამიას ან ბატონ პაპუაშვილს, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, ოდესმე რაიმე ამის საწინააღმდეგოდ გამოეთქვათ და ნაციონალების დროინდელი პრაქტიკა დაეგმოთ. აქ საქმე ეხება ბევრი უსამართლობის ჩამდენ გენერალურ პროკურორს, რომელიც ნაცების პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია დღესაც და, ასევე, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მხოლოდ ნაცმოძრაობის გადაწყვეტილებებს იღებს და არანაირი ადამიანის უფლების და საკუთრების უფლების დამცველი არ შეიძლება იყოს. მათი მოკავშირეები ზოგიერთ დიპლომატიურ კორპუსში და დასავლეთშიც გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ ისინი ფრთიან ანგელოზებად უნდა ვაღიაროთ. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინიც მოქალაქეები არიან და მათი დაშანტაჟება რაღაც ჩანაწერებით კატეგორიულად მიუღებელია.
რაც შეეხება ე.წ. პრივილეგირებულ არასამთავრობოებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებულნი, რატომღაც ეს არასამთავრობოები არ მახსოვს იმ წლებში, როცა სისტემური იყო ასეთი ჩანაწერების გაკეთება. შესაძლოა, ამის შესახებ კადრები მაშინ არ არსებობდა, ისე ცენტრალიზებული იყო ხელისუფლება, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდა და მე არ მახსოვს ამ ორგანიზაციების არათუ ორგანიზებული, არამედ საერთოდ პროტესტიც კი. ზოგადად, ამ პროცესთან მიმართებით, ვინც შეცდომა დაუშვა, ყველამ პასუხი უნდა აგოს, გამოძიება ეფექტურად, მოკლე დროში უნდა წარიმართოს. თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფრის გარკვევა და დადგენა შეიძლება და იმ ჩანაწერების ასლები არ არსებობს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გარდა თბილისისა, კიდევ ორ ქალაქს-ბრიუსელსა და სოჭს ასახელებს, სადაც აღნიშნული კადრები ინახება და, საიდანაც წინა ხელისუფლების ჩინოსნები ამ ხელისუფლებასთან ვაჭრობას ცდილობდნენ. ი: ებიყველაქვეყანაშიაგროვებენრაღაცმასალებს
- ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ ამისგან დაზღვეულნი. ამის გამკეთებლები მარტივი ხალხი არ არის, მათ კარგად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, გარანტიებიც სჭირდებოდათ თავიანთი უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობისთვის და ამაზე იზრუნებდნენ. არ ვიცი, მამუკას რა კონკრეტული ინფორმაცია აქვს, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი მასალები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და სად ამოყოფს თავს, არავინ იცის. აქ რაღაც ისტერიის ატეხვა რომელიმე ძალების მიერ პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით შედეგს არ მოიტანს, რადგან ჩვენი საზოგადოება არც ისეთი პრიმიტიული ცნობიერებისაა, რომ ასეთ დემაგოგიას წამოეგოს. თუმცა „ინტერპრესნიუსის“ მიმართ ყველა ზედმეტად მკაცრი იყო, რამდენადაც ეს არის ერთ-ერთი იმ სააგენტოებიდან, რომელზეც მე, როგორც მოქალაქე და ინფორმაციის მომხმარებელი, ვამოწმებ ხოლმე ამა თუ იმ ინფორმაციის ნამდვილობას, იმდენად დაბალანსებულად მუშაობს ეს სააგენტო. თუმცა ეს მათ დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს და ეს თვითონ ამ მედიასახლის მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ გვავიწყდება, რომ მედია ბიზნესიცაა და ეს ეს ბიზნესიც გარკვეულ ნორმებს უნდა ექვემდებარებოდეს.
თქვენ ახსენეთ ბილ კლინტინი და მონიკა ლევინსკი, მათი სკანდალური ინტრიგა დაახლოებით რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა ერაყის ომზე ნაკლები ხმაური არ გამოუწვევია. საბოლოოდ, ისტორია კლინტონისთვისაც და მონიკა ლევინსკისთვისაც პოზიტიურად დასრულდა. იმპიჩმენტის მიუხედავად, კლინტონმა ხელისუფლებაც შეინარჩუნა, ქორწინებაც, სექსსიმბოლოს რეპუტაციაც მიიღო, ხოლო მონიკა ლევინსკის სახელიც პოპულარული გახდა და მან ამ სკანდალით მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. ამისგან განსხვავებით, საქართველოსნაირი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ამ კადრების ჩვენება რა შედეგს გამოიღებს და რატომ ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილის სახელს მიაბან ამ კადრების გამომზიურება?
- არ მინდა პირდაპირი პარალელის გავლება კლინტონისა და ლევინსკის ისტორიასა და მოცემულ ფაქტს შორის. ეს სხვა ქვეყანაა, სხვა მენტალობაა და მოცემული სიტუაციის დრამატიზებასაც არ მოვახდენდი ჩვენი ტრადიციების მოშველიებით. ჩვენი სამოქალაქო ცნობიერება მაინც სხვა დონეზეა საქართველოში, განსხვავებით, ჩვენი სამეზობლოსგან. ჩვენი სამეზობლოს პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროკავშირის წევრობის პრეტენზია გვაქვს, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის პრეტენზია გვაქვს. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ისტორიას და ტრადიციებს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე იაპონელები ან იტალიელები. ამიტომ ჩვენ ცოტა უფრო სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს - დასაგმობი უნდა დავგმოთ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ ჰუმანიზმის ფუძემდებლური პრინციპიდან. ჩვენთვის მთავარი და უფრო ღირებულია ადამიანი, რომელიც განადგურებულია, რომელზეც ხორციელდება ტერორი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომელიც შესანიშნავი ოჯახის შვილი და პროფესიონალია. ამიტომ მის პირად სივრცეში შეჭრა ზედმეტი სისატიკე და ულმობლობა მგონია და აქ კლიშეების მოშველიება სწორი არ იქნება, რომ დასავლეთში რახან ასეა, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.
ბუნებრივია, ქვეყნის პირველ პირებს მოეთხოვებათ მეტი სტანდარტი, მაგრამ ჩვენ არ ვართ მხოლოდ დასავლური დემოკრატიის მოწაფეები, ჩვენ ჩვენი ტრადიციების, კულტურის, ჰუმანიზმის გათვალისწინებით უფრო სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ მსგავს მოვლენებს. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მოჰყვა საზოგადოების ასეთი მწვავე რეაქცია ამ კადრების გავრცელებას. ეს არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების და ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი ქართული საზოგადოების ტრაგედიაა. თუ ასე არ არის, ჩვენ არც მართლმადიდებლურ ქრისტიანული და არც ცივილიზებული ქვეყანა არ ვყოფილვართ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ამ ყველაფრის დაკავშირებას, ის გახლავთ ფაქტობრივი მმართველი ჩვენი ქვეყნის. როდესაც მან პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წასვლა გადაწყვიტა, მე, როგორც მოქალაქემ, დავგმე მისი ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ ის მაინც დარჩებოდა ფაქტობრივ მმართველად და ეს ბევრი თვალსაზრისით პრობლემებს შეუქმნიდა ქვეყანას, მმართველ პოლიტიკურ ძალას. შეიძლება, უსუფაშვილიც პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა, კვირიკაშვილიც კარგი პრემიერ-მინისტრია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არა მხოლოდ სტრატეგიული განვითარების კურსს, არამედ გადაწყვეტილებების ხასიათს და შინაარსს მოცემულ შემთხვევაში ივანიშვილი განსაზღვრავს და მის მიმართ არსებული გაღიზიანება ჩემთვის გასაგებია. ის ხომ ფაქტობრივი მმართველი და იმ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელია, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ბუნებრივია, ყველაფერს, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მის სახელს უკავშირებენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის არანაირად არ დგას ამ ჩანაწერების გამოქვეყნების უკან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეტისმეტად წამგებიანი და უგუნური ნაბიჯი იქნებოდა დესტაბილიზაციის შემცველი ამ ჩანაწერების გამოქვეყნება. რომელ მმართველ ძალას უნდა უნდოდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ სიტუაციის წაბიძგება, მით უმეტეს, საარჩევნო წელიწადში? მით უმეტეს, იმ დროს, როცა პარალელურად თსუ-ში ჭიქა წყალში ქარიშხალი აგორდა. ისეთი პრაგმატული ადამიანი, როგორიც ივანიშვილია, ამის უკან არ იდგებოდა.
ბოლო დროს ერთმანეთში აირია შეფასებები. ერთნი მიიჩნევენ, რომ ამ კადრების გასაჯაროებით კლავენ ქალებს და ფემიციდმა ახალი სახე მიიღო. ზოგიერთები გოეთეს აფორიზმებს იშველიებენ და თავს იწყნარებენ მისი ნათქვამით, „ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ შესაფერის გარემოში მეც არ ჩავიდინო“. სხვები უფრო არგუმენტირებულად მსჯელობენ, რომ იუსტიციის მინისტრმა მომხდარში საკუთრი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე (კონკრეტულ სააგენტოზე) გადაბრალება სცადა. მართლაც, ფარული ჩანაწერების საქმეებიც გამოუძიებელია, ისევე, როგორც მოსამართლეთა ქმედებები, საჯარო რეესტრის გაყალბებული დოკუმენტები, რაზეც იუსტიციის სამინისტრო თვალს ხუჭავს და დანაშაულის ნიშნებს ვერ ამჩნევს. ყველა საქმეში საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვა ასე რთულია?
- ეს ძალიან მძიმე ფაქტია განსაკუთრებით დამოუკიდებლობის გზაზე ახლახანს დამდგარი ქვეყნისთვის. თითოეული ასეთი ფაქტი არის სტრესი საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის. ჩვენ არ ვართ მრავალ ათეულწლიანი დემოკრატიის ქვეყანა და ასეთი რყევები ხილულ და უხილავ ტექტონურ პროცესებს იწვევს საზოგადოებაში. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანია ამაზე პასუხისმგებელი და მინისტრიც პასუხისმგებელია, მაგრამ, ამავე დროს, ვერავის მოვთხოვთ კოსმონავტობას. ქალბატონი თეა, ჩემი აზრით, ნორმალური მინისტრია, მაგრამ მას არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც არ შეუძლია. ფაქტობრივად, 25-წლიან ნაომარ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქ თეა წულუკიანი კი არა, რომელიმე სულმნათი წინაპარი რომ წამოაყენონ და დანიშნონ იუსტიციის მინისტრად, რეფორმებს სამ-ოთხ წელიწადში ვერ განახორციელებს.