„როგორც კი შხამის მიღებას თავს დაანებებ და აგრძნობინებ იმ მეშხამეებს „რუსთავი 2“-ის თამადობით, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს ყველაფერი, მაშინ შეწყდება მოწამვლის პროცესი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რეჟისორი გოგა ხანიდრავა, რომლის განცხადებით, პირადი ცხოვრების კადრებს ის პოლიტიკური ჯგუფი ავრცელებს, რომელთა მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია.
for.ge გოგა ხაინდრავას ესაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება პირადი ცხოვრების ინტერნეტ-სივრცეში ატვირთვა. ვის ინტერესში შედის ამ კადრების გავრცელება?
გოგა ხაინდრავა: პოლიტიკური სოდომი და გომორაა საქართველოში. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ მაშინ, როცა ქართული საზოგადოება და პირველ რიგში, ტელევიზია და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეეგუა „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ყველამ მშვენივრად იცის ვისი წამოწყებულია ეს ფარული ჩანაწერები და ვისი განხორციელებულია.
როგორ ფიქრობთ იმ 25 000 ფაილის მხოლოდ ერთი პირი არსებობს? ორიც არსებობს, სამიც და ოთხი პირიც. მე როგორც ოპერატორი დუბლს ვიღებ იმისთვის, რომ თუ ეს გაფუჭდა, დარჩეს ასლი. ეს არის დაუწერელი კანონი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ვიგინდარა ნაციონალები ქვეყნიდან რომ წავიდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვეს კადრები? აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ამ კადრების ჩანაწერები არსებობდა და ყველას კარგად გვახსოვს მეგის ქარდავამ გამოაცხადა, თუ იქნება ჩვენი დევნა, ჩვენ დავიწყებთ ამ კადრების გამოქვეყნებასო.
ქარდავას ულტიმატუმი იმაში მდგომარეობდა, რომ ბაჩო ახალაიასთვის უნდა მოეხსნათ ყველა ბრალდება...
- რა თქმა უნდა, და ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველაზე სამარცხვინო არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი ოჯახის წევრების უბედურებას პოლიტიკურად იყენებენ. ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ეს არის უბედურება. არავინ არ ფიქრობს ამ ადამიანებზე. განსაკუთრებული პოლიტიკური სიმპათია იმ ადამიანის მიმართ არ მაქვს, ვისი კადრებიც გავრცელდა, მაგრამ მის წინააღმდეგ განხორციელდა პოლიტიკური და არაადამიანური ვანდალიზმი.
ამ ადმიანის უკან ოჯახი დგას, შვილები და საზოგადოებრივი აზრი, ეს არავის არ აინტერესებს. ქართული საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს და შეხედოს რას წარმოადგენს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში - ეს სამარცხვინო წუმპე, რომელიც ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ თავისი ანგაჟირებული ინტერესები განახორციელოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
- ყველას ვგულისხმობ. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გუნდი არ არის. ეს არის სექტა. სიბინძურის, გარყვნილების და ყველანაირი ძალადობის ჯგუფი. ეს ჯგუფი წამლავს საქართველოს თავისი რუპორით, რომელსაც დღეს „რუსთავი-2“ წარმოადგენს. საკმარისია, ერთი სიტყვა თქვა და იწყება შენი წყევლა, გინება, ლანძღვა და ცილისწამება. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დაიწყო ყველა მხრიდან და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სხვათა შორის, ისინი, ვინც ყველაზე პატიოსნად ემსახურებიან საზოგადეობას, არ ჩანან, ვინაიდან თავიანთ საქმეს აკთებენ. ჩანან ისინი, რომლებიც ემსახურებიან ფულს.
როგორ ფიქრობთ, სადამდე მივა ეს პროცესები? ფაქტია, რომ მორალურად ეს ყველაფერი მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე...
- ალბათ, ჩვენ მოგვწონს ეს და იმიტომაც არიან გათავხედებულები. საზოგადოება წინ რომ აღუდგეს და ბოიკოტი გამოუცხადოს მსგავს ქმედებებს და თქვას, რომ არავითარ შემთხვევაში, ვინც ამ ხერხებით ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭას, საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ სხვანაირად იქნება საქმე. სამწუხაროდ, ასეთი რეაქცია ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, ამით სარგებლობენ და გვამყოფენებ ამ სიბილწეში და სიბინძურეში.
რამდენად სწორია ამ პროცესების ივანიშვილთან დაკავშირება, მაშინ როდესაც აღმოჩნდა, რომ ამის უკან ყოფილი მაღალჩინოსნები იდგნენ?
- ეს იმდენად სერიოზულია, რამდენადაც სერიოზული მოვლენაა გვარამია, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ახალაია. სამარცხვინოა რაც ხდება, მაგრამ მაინტერესებს, რა შუაშია აქ ივანიშვილი? ამის წინაპირობა ხომ ყველასთვის ნათელია?! ყველამ ვიცით რა გამოვიარეთ, ვინ რა ვიკადრეთ და ვინ არა, ვინ რაში მივიღეთ მონაწილება და ვინ არა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ყველაზე მეტად იმის მრცხვენია, რომ აბსოლუტურად უცხვირპირო ადამიანი რაღაცას იტყვის და მერე პრესა ამის გარშემო კითხვებს სვამს. უსინდისო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცილისწამებით არის დაკავებული, ის, რომ რაღაცას იტყვის, ეს რატომ უნდა იყო საინტერესო?!
უსინდისო ადამიანში ვის გულსხმობთ?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირველ რიგში, კონჩიტა რომ ჰყავთ „რუსთავი 2“-ში - გვარამია. მისი განცხადების ტირაჟირება შეიძლება? რასაც უნდა იმას ლაპარაკობს, საზღვარი არ აქვს. ისინი დიდი ხანია გასული არიან მომსახურეობის ზონიდან, აღარც სინდისი აქვთ და აღარც ნამუსი, მაგრამ ეს რატომ არის პრესისთვის საინტერესო, არ მესმის. ადამიანს როდესაც ცილს სწამებენ, რატომ იმეორებენ ამას ჟურნალისტები? ხომ მშვენივრად იციან, რომ ცილისწამებაა, მაგრამ მაინც იმეორებენ. მთავარია სკანდალი და ყურადღების მიქცევა და რა ხერხით მიიქცევ ყურადღებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს პროკურატურა საქმის ბოლომე გამოძიებას, როგორ ხდება ეს ჩანაწერები ინტერნეტ სივრცეში და ვისი დაკვეთით?
- ის, რომ ეს ჩანაწერები მათ გააკეთეს, ეს გამოძიებულია და ყველასთვის ცნობილია. საიდან ხვდება ინტერნეტ სივრცეში ეს მასალები, ეს როგორ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, როდესაც შემიძლია ტაილანდიდან დავდო რომელიმე საიტზე ეს მასალები და მერე მოხდეს ამის გავრცელება. რა არის აქ გამოსაძიებელი? არ იციან ვინ გააკეთა? ამის მოთხოვნაც ფარისევლობაა.
ამ ჩანაწერების ობიექტებმა არ იციან როდის და რა პირობებში მოხდა ეს ჩაწერა, რომელი წელია და სად არის გაკეთებული? გამაგებინეთ, რა უნდა გამოიძიოს ახლა პროკურატურამ? ქართულმა საზოგადოებამ არ იცის ვის ხელშია ეს მასალები? ვის ხელში იყო სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი კადრები? თქვენ გგონიათ, რომ მეორე და მესამე პირი არ არსებობს? რა თქმა უნდა, არსებობს და ისევ მათ ხელშია, ვინც გააკეთა.
და ვინ ავრცელებს ამ კადრებს, ისევ ის ადამიანები, რომლებმაც გადიღეს ეს კადრები?
- ამ კადრებს ავრცელებენ ისინი, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში დაუმთავრებელი ბალამუტი იყოს. რაც მთავარია, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც „რუსთავი 2“-ში გარბიან კომენტარის გასაკეთებლად. მათ არ ესმით, რომ თუ ვინმე არის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ეს ე.წ. ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნება“. ყველასთვის ხომ ნათელია რატომ ხდება.
„ქართულ ოცნებას“ რომ ვერ მოუგებენ, ძალიან კარგად იციან და ამ მეთოდით სპობენ იმ ადამაინებს, რომლებსაც შეუძლიათ შედეგის ჩვენება არჩევნებზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები უნდა მოუგოს „თავისუფალ დემოკრატებს“, ბურჯანაძეს, კუკავას და სხვებს. სწორედ ამიტომ არის მათ წინააღმდეგ ეს ყველაფერი მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ხომ უმარტივესი სატყუარაა, რომელსაც ყლაპავენ ე.წ. პოლიტიკური ლიდერები. ყველამ კარგად იცის ეს კადრები ვის ხელშია და ვის სჭირდება დღეს არეულობა ქვეყანაში.
თქვენ ამბობთ, რომ ამის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საპირისპიროს აცხადებს გია ბარამიძე. მისი თქმით, თუკი ვინმემ ასეთი ჩანაწერი მათი ხელისუფლების დროს ჩაიწერა, პირველ რიგში, სწორედ ნაციონალების მტრები არიანო...
- შენ თვითონ აკეთებდი, შენ, კაცო! შენ თვითონ მონაწილეობდი!.. ბარამიძე მონაწილეობდა ამაში და მერე სააკაშვილთან იჯდნენ და უყურებდნენ ამ კადრებს. მე ჩავწერე ის 25 ათასი ფაილი? გესმით რა ქსელი იყო, რა ტექნიკა და შტატი სჭირდება ამას? ეს რომ ნაციონალების სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილიყო, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
პირველ რიგში, იმათ უნდა მოვკითხოთ, რომლებიც ყვიროდნენ გაანადგურეთ ეს კადრებიო. ამის განადგურება შეუძლებელია, ვერ გაანადაგურებ. ამას საზოგადოება უნდა აღუდეს წინ თავისი მორალით და სინდისით და არა გამოძიებით. როდესაც ღებულობ და ყლაპავ შხამს, იქნები მოწამლული, როგორც კი შხამის მიღებას თავს დაანებებ და აგრძნობინებ იმ მეშხამეებს „რუსთავი 2“-ის თამადობით, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს ყველაფერი, მაშინ შეწყდება მოწამვლის პროცესი.
ცუდია, რომ ასეთ დღეში ვართ, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს ავადმყოფობა ასე გამოაშკარავდა. მე ვიძახდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სარკომა და ეს სარკომა მთელი თავის შიგთავსით გამომჟღავნდა ქართული საზოგადოების წინაშე. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვეულებრივ ადამიანებზე, როგორ მივიღებთ და რა პასუხს გავცემთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის საცეცებს და იმ ადამიანებს, ვინც მათ დუდუკზე უკრავენ და მღერიან.