„ვერ გრძნობს ქართველი, რომ ყოველი წუთი მისი ცხოვრებისა ნამდვილია და ყოველ წუთზე ეკისრება პასუხისმგებლობა“

„ვერ გრძნობს ქართველი, რომ ყოველი წუთი მისი ცხოვრებისა ნამდვილია და ყოველ წუთზე ეკისრება პასუხისმგებლობა“

დღეს ქართულ სახელმწიფოს უამრავი პრობლემა აქვს - სპეციალისტები უმეტეს მათგანს საზოგადოებისა და შესაბამისად, პოლიტიკური წრეების უმწიფრობით ხსნიან, მაგრამ რა არის ყველა უბედურების სათავე, ამაზე იშვიათად ვსაუბრობთ.

იანვარში გამოცდაზე გასული 6 477 პედაგოგიდან მინიმალური კომპეტენცია 83%–მა ვერ დაადასტურა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პრობლემის სათავედ წინა ხელისუფლების არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა დაასახელა.

საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან თუ ეროვნულ უბედურებასთან, როგორია სახელმწიფოს პასუხიმგებლობის წილი და რა არის სიტუაციიდან გამოსავალი? - ამ და სხვა თემებზე კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი გვესაუბრება.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა უდიდესი ნაწილი არაკვალიფიციურია - ეს რა დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა?

- თუ ეს ტესტები კვალიფიციურად იყო შედგენილი, ეს ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს და კვალიფიკაციის ისეთი დეფიციტია სკოლაში, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ამოავსებს. ტესტები საგნის ცოდნასაც შეეხებოდა ცოდნის გადაცემის მეთოდოლოგიასაც და ამას თუ დავუმატებთ პედაგოგოურ უნარებს, რომლის ტესტირების მეთოდოლოგია, ვფიქრობ, ძნელი შესამუშავებელია, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ სკოლაში არსებული პრობლმების მასშტაბები....

დავიწყოთ იმით, რას ნიშნავს, იყო მასწავლებელი - ეს არის გარკვეული სოციალური პოზიცია, როდესაც შენ მზად ხარ და შეგიძლია, რომ სრული გულწრფელობით გადასცე სხვას ის, რაც შენს პირად გამოცდილებაში არა მხოლოდ, როგორც ცოდნა, დაგიგროვებია. ეს უმნიშვნელოვანესი რამაა - ეს არ არის მხოლოდ ის ცოდნა, რომელიც რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში მიიღე, რომლის დასტურია ორგვერდიანი ქაღალდი, რომელსაც დიპლომს ვეძახით.

ჩვენი პრობლემა ახლა არ დაწყებულა. დიდი ხანია, უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლი და მინდა ვთქვა, ურთულესია სტუდენტებთან ურთიერთობა იმ თვალსაზრისით, რომ უკანასკნელი, უკვე რამდენი წელია, ცდილობ, ისეთი ტონალობა შეარჩიო ლექციაზე, რომ როგორმე გასაგები გახადო სტუდენტისთვის ის, რასაც აძლევ; შეარჩიო ისეთი ლექსიკა, რომ ყველაზე პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებსაც კი გაუცოცხლო ის ნერვი, რომლის მეშვეობითაც თავადვე უნდა დაიწყოს საკუთარ განათლებაზე ზრუნვა.

განათლება ხომ მხოლოდ ცოდნა არ არის. მით უფრო, ეს არ არის მხოლოდ ფორმალიზებული ცოდნა, განათლება ეს არის სულის ვითარება, როდესაც რაღაც მხოლოდ ნასწავლი კი არა, განცდილი გაქვს, ცოცხლად გრძნობ და ცოცხლად გადასცემ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხარ გულწრფელი, რადგან ის, რაც არ განგიცდია, იმას ვერ ასწავლი. ბავშვს შინაგანი ინდიკატორი აქვს და ზუსტად იცის, რა დამოკიდებულება გაქვს იმ ტექსთან თუ თემასთან, რომელსაც მას გადასცემ.

ჩვენი განათლების სისტემის პრობლემა დღიდან ე.წ. ახალი რეფორმებისა სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში, არის ისევ და ისევ დიპლომზე ორიენტირებული საზოგადოება და არა ცოდნასა და განათლებაზე.

ამ, დიპლომზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარი ღირებულება რა არის?

- ურთულესია ამაზე პასუხი - ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს დგას ღირებულებათა გადაფასების ეპოქა. ღირებულება ისეთი რამაა, რაც გიღირს, სულში გაგიტარებია, ფასი გადაგიხდია, (ეს ფასი მაინც და მაინც მატერიალურს რომ არ უკავშირდება ვფიქრობ, გასაგებია). ღირებულება ისეთი რამაა, რომელიც მერე ღირსებაში გადადის. სიტყვებს - ღირსება და ღირებულება - ერთი ძირი აქვს. ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. ღირსების დეფიციტი იწვევს ღირებულებათა რყევას, ღირებულება ვერ გაჩნდება, თუ რაღაც ისტორია სულმა არ გადაიტანა და გამოატარა. ვგულისხმობ, კონკრეტულ ერთ ადამიანსაც და პარალელურად - სოციალურ სივრცესაც. ორივემ უნდა გადაიტანოს - აუცილებელი არ არის, ეს მოხდეს სინქრონულად.

ინდივიდების მიერ დაგროვილი ცოდნა თუ გამოცდილება რეზონირებს და საზოგადოებას ასტრუქტურირებს. ის, რაც კონკრეტული ადამიანისთვის არის ღირებული, ინდივიდებს შემოაქვთ საზოგადოებაში. ეს ხდება სოციალური შფოთის და ღირებულებათა გადაფასების საფუძველი. ჩემს თაობაში ასეთი შფოთი შემოიტანა მერაბ მამარდაშვილმა - ეს იყო ის ენერგია, რომელიც მან დააგროვა და შემდეგ საჭიროდ ჩათვალა, ჩემისთანებისათვის გაეზიარებინა.

შესაძლოა, ზედმეტად მაღალი რეგისტრი ავიღე, მაგრამ თუ მე, ზოგადად, არ მიღირს განათლება, თუ მე განათლებაში ფასი არ გადამიხდია და არა ფული მხოლოდ, თუ ეს განათლება არ მაძლევს ჩემი პიროვნული ექსისტენტური ღერძის შენარჩუნების შანსს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფსევდოსაქმიანობა.

ჩემი თაობის ადამიანებში ძალიან მოდური იყო იურისტისა და ექიმის დიპლომი და სხვათა შორის, ისინი დებდნენ ძალზე დიდ ძალისხმევას, რომ იურისტები და ექიმები გამხდარიყვნენ, იმიტომ, რომ შემდეგ ეს მათ არა მხოლოდ სოციალურ პოზიციას, არამედ ფინანსურ შემოსავალსაც მისცემდა. მათ ეს უღირდათ - თუმცა ამას განათლებასთან არ ვაიგივებ.

განათლების საჭიროების თემა ჩვენში დღესაც არ არის მომწიფებული და ითვლება, რომ მე თუ ესა თუ ის დიპლომი მაქვს, ვარ განათლებული.

გამოდის, რომ სურათი კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - საზოგადოებამ არ იცის რისთვის არის საჭირო განათლება...

- განათლება - როგორც უპირობო ღირებულება - საზოგადოებას არ დასდგომია ასეთი მოთხოვნა. ეს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ინდივიდუალური სულის მოთხოვნაა. წარმოიდგინეთ, სად უნდა წავიდეს ამდენი მენეჯერი, როდესაც ეკონომიკა პრაქტიკულად არ გვაქვს, არაფერს არ ვაწარმოებ - რა უნდა ვმართოთ? სად უნდა წავიდეს ამდენი იურისტი? - ვსაუბრობ იმ სოციალურ პრიორიტეტებზე, რაც დღეს აქვს საზოგადოებას.

არ მინდა, ვისაუბრო იმაზე, რომ პედაგოგს ხელფასი არ აქვს და ცუდად მომზადებულია, ეს ყველაფერი ასეა - მასწავლებელი საზოგადოების წინაშე იმდენად მართალია, რამდენადაც მან სოციალური პოზიცია დაკარგა. რა თქმა უნდა, არ ჰყოფნის ის ხელფასი, რომელსაც უხდიან, ის კი იმდენ ნერვებს და ენერგიას გასცემს, რაც ადეკვატურია მის სოციალურ მდგომარეობასთან - ამას ყველა ამბობს. მე სხვა რამ მინდა ვთქვა - განათლება მიღირს კი? როგორც სტატისტიკურ ადამიანს, რა მინდა? - მხოლოდ ის, რომ კარგად მოვეწყო რომელიმე სამსახურში, თუ მინდა, რომ სრულიად ცნობიერად საკუთარი თავი შევცვალო და შევთავაზო საზოგადოებას ისე, რომ სოციალურმა სივრცემ დამინახოს როგორც მისთვის უცხო, ახალი, რომელსაც გაჰყვება? - განათლებას ეს შეუძლია.

მსგავსი პრობლემა არსებობდა და სწორედ ამისთვის გახდა საჭირო რეფორმები განათლების სისტემაში. ამის მიუხედავად, მივიღეთ ის, რაც გვაქვს. როგორ მოხდა ასე? რამ გამოიწვია?

- პარალიზებულმა სახელმწიფოებრივმა და სოციალურმა ნებამ. ჩვენ, სულ ცოტა, ორი საუკუნეა, თუ მეტი არა, ასეთი რეალობა გვქონდა. ჩვენს ნაცვლად ფიქრობდნენ, გადაწყვეტილებას იღებდნენ და ა.შ. ჩვენ მოგვანიჭეს შემსრულებლის ფუნქცია - სამსახურს მე მოგიძებნი, 100 მანეთი გექნება, უმაღლესდამთავრებული გერქმევა და ა.შ. დიდი დრო დაგვჭირდება, რომ პარალიზებული ნება, სამყაროსადმი ექსისტენტური მგრძნობელობა გავაცოცხლოთ.

დღეს თითზე ჩამოსათვლელია იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომელსაც ენდობა ბავშვი. ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ მასწავლებელთა უმეტესობის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის ბავშვისთვის გაკვეთილი ჩაატაროს - არ ჰყოფნის ის, რასაც ბავშვები გრძნობენ. მასწავლებელი არ არის მოტივირებული არაფრით, მით უფრო, შინაგანი სურვილით, რომ გულწრფელი იყოს ბავშვთან.

ვინ უნდა აძლევდეს ამ მოტივაციას?

- ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუშლით განვითარებაში, ერთმანეთს ვექაჩებით ქვემოთ, მაგრამ ამას დრამატულად არ ვამბობ - ეს რეალობაა - ერთმანეთს კი არ შევეხიდებით-ხოლმე. ძალიან კარგად ვიცი, რას მოელის ჩემგან სტუდენტი, ის არ მოელის რომ მხოლოდ რაღაც ტექსტი წავაკითხო თავიდან ბოლომდე და შემდეგ ჩავიბარო. ის მოელის მეტს - იმ საყრდენი წერტილების გაცოცხლებას, რომლის მეშვეობითაც შემდეგ თვითონ, დამოუკიდებლად დაიწყებს სიარულს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება შიგნიდან თვითონვე ანგრევს ყველა ინსტიტუტს - ღირებულებითი გადაფასების ეპოქა დგას, მაგრამ ეს ვერ გაგვიგია. გასაგებია, რომ საქართველოს დიპლომი არ მუშაობს, ამის მიუხედავად გადათვალეთ, რამდენი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს? ოღონდ, როდესაც CV-ს ნახულობენ, ისევ „ლონდონში ვსწავლობდის“ თემა უფრო მუშაობს, რა კლასის უმაღლესი სასწავლებელიც არ უნდა ჰქონდეს დამთავრებული უცხოეთში, სულ ერთია, უპირატესობას მას ანიჭებენ.

მაშინ დგება საკითხი - აბა რა გინდა და რა არის მიზანი, როდესაც ფულს ვხარჯავ, სახელმწიფო ხარ თუ დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, თუ დიპლომის აღებისთვის ფულის გადამხდელი სტატისტიკური ადამიანი?!

ამდენი კერძო უნივერსიტეტი გავაკეთეთ, შემდეგ, იმისთვის, რომ რაღაც სტანდარტი ყოფილიყო, ამდენი ავტორიზაციები და აკრედიტაციები შემოვიღეთ. ვინც უმაღლეს საწავლებელს აკეთებს, იცის, რომ სხვა უნივერსიტეტიდან უნდა მოიწვიოს პროფესორი და თითქმის, ყველგან, ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს - ხუთ უმაღლეს სასწავლებელში დარბის და არსად პროდუქტიული არ არის. ეს მხოლოდ სახელმწიფო მენეჯმენტის თემა კი არ არის, ჩვენი, ყველას გასაჭირია.

რაშია გამოსავალი?

- მივხვდეთ, განათლება რა არის. რა თქმა უნდა, არფერი მაქვს საწინააღმდეგო საქართველოს თავდაცვის სისტემის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემი ქვეყნისთვის უფრო სიმბოლური ხასიათის მქონეა, რადგან დიდი სამხედრო რესურსის მქონე სახელმწიფოს მხრიდან პირველივე შემოტევის შემთხვევაში ვნახეთ, რაც მოხდა. ისიც ვიცი, რომ ვერც ვერასდროს მოვერევი, თუ ერთი ისეთი იარაღი არ შევქმენი, რომ აბსოლუტური დაცვის სისტემაში მოვიქციე თავი და შეტევაც შევძელი, მაგრამ მასში ფულს ხომ ვხარჯავთ?!

როდესაც ვიცით, რომ განათლება არის სწორედ ის, რამაც შეიძლება, ხვალინდელი დღე შექმნას, თუნდაც თავდაცვის მიმართულებით, რას ვაკეთებთ?!

დავანგრიეთ ფიზიკოსების სკოლა, იმ ფიზიკოსების, რომლებიც დღეს მსოფლიოს წარმატებულ ფიზიკოსთა ათეულებში შედიან - პრაქტიკულად, ამ მეცნიერების ყველაზე მაღალ წრეებში სააზროვნო სტანდარტების ნიშნულს იძლევიან. ანუ ჩვენი ინტელექტუალური პოტენცია მძიმე რომ არ არის, აქედანაც ჩანს.

თემა სწორედ ის გახლავთ, რომ ინტელექტუალური პოტენცია, რომელიც ინდივიდებმა საკუთარი ძალისხმევით და იმ ფიზიკისა და მათემატიკის სკოლის დახმარებით გააცოცხლეს, რომელიც არსებობდა, საქართველოს აღარ დასჭირდა. ანუ განათლება რაში მჭირდება, ეს არ ვიცი. როგორ შეიძლება მშობელი ამდენ ფულს ხარჯავდეს დიპლომში, რომელიც მის შვილს არაფერში არგია?!

ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ არის, ვინ უნდა შექმნას ან როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში განათლების მოთხოვნა?

- ინდივიდებმა. წარმოუდგენლად ბევრი მიფიქრია ამაზე, იმასაც კი ვფიქრობ, კარგი ხომ არ იქნებოდა ალტერნატიული განათლების „არაფორმალური“ ცენტრის შექმნა, რომელსაც დავაწერედი, ვთქვათ ასე: - „არ გავცემ დიპლომს“ - როგორც ათენში პლატონის აკადემიის შესასვლელ კარს ეწერა, „გეომეტრია ვინც არ იცით, არ შემოხვიდეთ“. ვგულისხმობ იმას, რომ თუ რაღაც ალტერნატივა არ შეიქმნა, ეს სისტემა საკუთარ თავს შეჭამს.

მესმის, რომ ჩნდება კითხვა, რა უნდა ქნას სახელმწიფომ? - სახელმწიფომ ნგრევის გარეშე, პარალელურ რეჟიმში უნდა შექმნას ახალი. არაერთხელ გამოვცადეთ - როგორ დავანგრიეთ და მერე ვეღარ ავაშენეთ. მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ, ბავშვებს ევროპაში ვუშვებდეთ, იმ მგრძნობელობებს ვუღვივებდეთ, რომელიც მათ ღირებულებით ღერძს გაუჩენს - ეს არის განათლების მიზანი და არა ის, რომ მხოლოდ კარგი პროფერსიონალი დადგეს - ბევრს გამოუყენებია საკუთარი პროფესიონალიზმი რაღაცის დასანგრევად.

არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, მაგრამ ზნეობრივი რევოლუცია, ზნეობრივი გადაფასებებია საჭირო. ქართველების პრობლემა ის არის, რომ რეალობის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, ვთამაშობთ არსებობას. ვერ გრძნობს ქართველი, რომ ყოველი წუთი მისი ცხოვრებისა ნამდვილია და მას ყოველ წუთს ყველაფერზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

რამდენადაც ცნობილია, სახელმწიფოს მხრიდან ახალ პროექტებზეა საუბარი, რომელმაც სწორედ ეს პრობლემა უნდა გადაჭრას, ვგულისხმობ სკოლებში ახალი საგნის შეტანას „მე და საზოგადოება“. იქნება ეს პროექტი იმ პრობლემების საპირწონე რაც დღეს არსებობს?

- ესეც ფსევდოპრობლემურია. თუ არ მივხვდით, ძირში რა გვიჭირს და საიდან მოდის ეს გაჭირვება, კიდევ ათას რამეს მივედ-მოვედებით. კი ბატონო, შევიტანოთ „მე და საზოგადოება“ და ეს საგანი რომ გვექნება, ჩვენი სასკოლო განათლების სივრცე ერთი ხელის მოსმით გაჯანსაღდება? ამით ნამდვილ მოქალაქეებს უეჭველად გავზრდით? ან 2000-ზე მეტ სკოლში ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი? გვყავს 2000-ზე მეტი სამოქალაქო შეგნების მქონე და 100 ლარიან ხელფასზე წამსვლელი მასწავლებელი? დავუშვათ, ასეთი, ყველაზე მაღალი სამოქალაქო შეგნების რამდენიმე მოხალისე ადამიანი მაინც გამოიძებნა, მერე რა ხდება? შეიცვლება ამით კლიმატი?

სწორედ ამას ვამბობ, რომ ფსევდოპრობლემებით ვცხოვრობთ, რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ის გვგონია, რომ ვიღაცას უნდა დავემსგავსოთ, ვიღაც ამერიკელს, ვიღაც ევროპელს თუ ვიღაცას, რუსს უნდა რომ ჰგავდეს. მაგრამ ჩვენს საკულტო ტექსტში, რომელსაც ყველა ვაღიარებთ, გვიწერია, „მსგავსი ღვთისაო“. მსგავსება კი ქმნადობის სურვილი და უნარია.

ის, რომ განათლება ამ მდგომარეობაშია პოლიტიკის დამსახურებაა? თუ ეს პოლიტიკა არ არის, იგივე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ექსცესებში ყოველთვის რატომ იკითხება პოლიტიკის კვალი?

- ვფიქრობ, ესეც უნივერსიტეტისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის სრულიად უცხო რამ არის. როგორ გესახებათ, ნებისმიერი უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა ის არის, ვის დანიშნავენ კანცლერად? როგორც სტუდენტები ამბობენ, საეჭვო ბიოგრაფიის მქონე, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს? ან გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, რომლის მთავარი პრობლემაც ეს არის? სახელდებაც კი მიჭირს იმისა, რაც ხდება.

უნივერსიტეტი არის სტუდენტი და პროფესორი - მეტი არაფერი. ყველა და ყველაფერი დანარჩენი მათი ურთიერთობის მსახურია. მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით მომუშავე უმაღლეს სასწავლებელში შესაძლოა, მდარე ბიოგრაფიის მქონე კანცლერის მოსვლა? (კონკრეტულ პერსონებს არ ვეხები, არც კი ვიცნობ) საგანმანათლებლო სისტემისადმი და ინსტიტუციისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ.

გვინდა, ისეთი უნივერსიტეტი თუ ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც შესაძლოა, პოლიტიკური ინტრიგების ინსტრუმენტი გახდეს, თუნდაც, ერთი სტუდენტი? სადაც პოლიტიკურ პროცესებთან გადახლართვა ხდება მთელი საუნივერსიტეტო ცხოვრების, სადაც პოლიტიკური პროცესები უფრო ძალმოსილია საგანმანათლებლო კედლებს შიგნით, ვიდრე სასწავლო? სხვა თემაა, როდესაც სტუდენტი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში სასიცოცხლო სივრცეს უფრთხილდება და პოზიციაც აქვს ალალი, გულწრფელი, მადლიანი.... ის, რაც დღეს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, მხოლოდ მისი პრობლება არ არის. ჩვენ ფსევდოპრობლემებით ვცხოვრობთ აბა, სხვა რა დავარქვა?

თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ 200-წლიანი მძიმე გამოცდილების შემდეგ, 25-წლიან ისტორიაში ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდაც შევცვალეთ ერთიანი ნებით და, ვფიქრობ, სწორედ ახლა დგება ღირებულებათა გაცოცხლების პროცესი, უბრალოდ, მეშინია, დაღლილები და ნებადაცლილები ისევ სხვაგან არ წავიდეთ...

სხვაგან სად?

- ახალი იმპერიის ტყვეობაში, რომელიც ისევ თავის კულტურულ პარადიგმას შემოგთავაზებს: - შენ არავინ არ იქნები, თუ გაჭამა - კარგია, თუ მოგაპარინა - კიდევ უფრო მადლობელი დარჩები, თუ ეთნიკური ნება გაგინეიტრალა, პრობლემაც აღარ რჩება, რადგან ღირსების თემაც აღარ გაქვს...

თუმცა დეკლარირებულია რომ მივდივართ ევროპისკენ და ისეთი კანონების მიღებაზეც კი არის საუბარი, რომელიც თითქოს „ხაზს გაუსვამს“ ჩვენს ევროპელობას, ვგულისხმობ ერთსქესიანთა ქორწინებას, რომელმაც საზოგადოებაში დასავლეთისადმი უკურეაქცია გამოიწვია... სპეციალურად იმისთვის ხომ არ წამოტივტივდა ეს თემა, რომ დასავლეთისკენ სვლის საკითხი თვითონ საზოგადოებამ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ?

- პარიზში, ქალაქში, რომელიც ლიბერალიზმის ცენტრად ითვლება 1 მილიონი ადამიანი გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ისიც გავითვალისწინოთ, მათ რამდენი უთანაგრძნობდა... ეს ნიშნავს, რომ ევროპა ცალსახად ამ სუბკულტურის მხარდამჭერი არ არის.

ეს საკითხი არ მიკვირს არც ევროპაში და არც საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენში, მე-19 საუკუნეში კინტოებსაც მიაწერდნენ ასეთ სუბკულტურასთან იდენტობას - დაგვინგრიეს ეთნიკური ცნობიერება კინტოებმა? - კულტურას ეს ვერ ანგრევს. კულტურას პარალიზებული შემოქმედებითი ნება ანგრევს შიგნიდან.

პრობლემა ის არის, რომ ეს თემა აღმოჩნდა წყალგამყოფი - კონკტეტული პოლიტიკური იდეოლოგიისთვისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ფორმულაა, რომ ევროპა არის ეს, ჩვენ კი - კარგები ვართ.

რა ახსნა ჭირდება, რომ ევროპა ეს არ არის და თუ საკითხი ასე დგას, რომ პრობლემა მხოლოდ ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანია, არსებობს სტატისტიკა, პროსტიტუციით რა რაოდენობაა პროცენტულად დაკავებული რუსეთში, და მათ შორის ჰომოსექსუალობითაც და მინდა, გითხრათ, რომ სრულიად კატასტროფული სიტუაციაა.

ისევ იქამდე მივდივართ, რომ ფსევდოპრობლემებით ვარსებობთ. რეალურად საქართველოში ჯერ არ მინახავს რომელიმე სუბკულტურის წინააღმდეგ მასობრივი აგრესია. რელიგიური ომები არ ყოფილა პოლიორელიგიურ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც თავის დროზე, რელიგიურმა ომებმა მსოფლიო ააფეთქა - ჩვენთან ესეც კი არ ყოფილა!

სხვათა შორის, არც ერთ ევროპულ ქვეყანას ჩვენთვის არ მოუთხოვია, მაინც და მაინც ეს კანონი მიიღეთო - არავინ მოითხოვს შენგან, თუ ფესვებად სექსუალური ორიენტაცია გეგულება, ფესვებს უღალატო.

ამბობენ, ხალხი არ ტყუვდებაო, გამოდის, ჩვენი საზოგადოების მოტყუება შესაძლებელი ყოფილა?

- კი, თუ თვითონ მოიტყუა და მოატყუებინა თავი.

ჩვენთან რა შემთხვევაა?

- ორივე. ატყუებენ კიდეც და თავსაც იტყუებს... კიდევ ვიმეორებ, დავსვათ კითხვა - ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის? - თუ მე არ ვაქცევ პრობლემად, როგორ გახდება?

საგანმანათლებო სისტემა ნებისმიერი ქვეყნის ფუნდამენტია და განათლება ღერძული ღირებულება. რამ შექმნა ბერძნული და შემდეგ ევროპული კულტურა? საბერძნეთი შექმნა იმ ფილოსოფიურმა სკოლებმა, რომელიც გაცოცხლდა საოცარი ბერძნული მითოლოგიის შემედეგ. უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა თალესს ადამიანებისთვის, რომ თავისი მითოლოგია მიეტოვებინათ და მეცნიერებას გაჰყოლოდნენ. არადა, ასე მოხდა.

დღემდე არა თუ ევროპა, მთელი მსოფლიო საბერძნეთში დაბადებული ფილოსოფიისაა და მეცნიერების „ტყვეობაშია“, ბერძნულ პარადიგმაში არსებობს, რადგან სწორედ საბერძნეთიდან მოდის განათლების კულტურა.

რა უნდა ვუქნათ მასწავლებლების იმ 83%-ს?

- ვერაფერს ვერ ვუზამთ. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს კვლიფიციური კადრის მომზადება, თუ ქართული სახელმწიფოს მომავალზე ვფიქრობთ. ისე კი, მართლა მიჭირს იმის დაჯერება, რომ მასწავლებელთა 83%-ს კვალიფიკაციის დეფიციტი აქვს.

ანუ კითხვები ჩნდება?

- სრულიად დაუჯერებელია, არ მჯერა ისეთი მასწავლებლები გვყავს, რომ პირველკლასელს ვერ ასწავლოს. თუ ეს რეალობაა - არც ისე ლოგიკურია, რომ 20-წლიანი რეფორმების შედეგად ასეთი პედაგოგები მივიღეთ და მით უფრო, 9-წლიანმა აგრესიულმა რეფორმებმა საგანმანათლებლო სისტემაში ეს შედეგი მოგვცა.... თუ ბოლო 3 წელიწადში პედაგოგებს ყველაფერი დაავიწყდათ?

შეიძლება რომ ამ სურათის დადებაც რაღაც პოლიტიკის ნაწილი იყოს?

- რამდენადაც მეტს მივაწერთ პოლიტიკას, იმდენად გავითავისუფლებთ თავს პერასონალური პასუხისმგებლობისგან და არ მინდა, რომ ასე მოხდეს. რასაც პოლიტიკისკენ წავიყვანთ, წავა პოლიტიკისკენ და ნეტავ, მართლა ისეთი პოლიტიკოსები გვყავდნენ, რომ ამ ყველაფერის დალაგება შეეძლოთ, მით უფრო, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროში....

როდესაც ასეთი პრობლემების წინაშე ვართ, შესაძლებელია რეალურად დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოების შექმნა რომელიც თვითონ წავა ევროპისაკენ და არ დაელოდება პოლიტიკოსები საით გააქანებენ?

- შესაძლებელია - წელიწადში სულ მცირე 1000 მოსწავლეს, 500 სტუდენტს, 100 მაგისტრანტს, 20 დოქტორანტს გავუშვებდი, დავაფინანსებდი ევროპის მაღალი სტანდარტების მქონე სასწავლებლებში განათლების მისაღებად...

ანუ ჩვენ უნდა ჩავიდეთ ევროპაში ევროპა ჩვენთან არ მოვა?

- მათ აწყობილი აქვთ თავისი სივრცე. მე მინდა ევროპაში, მე გადავიხადე ძალიან ძვირი საფასური, დაწყებული აფხაზეთის ომიდან. სისხლიანი საფასური გადავიხადე, რომ რუსეთს გავცილებოდი და ევროპულ ოჯახში მოვხვედრილიყავი. ამიტომაც მიღირს ის. ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაცია ბევრ რამეში დაგვეხმარება.

ალბათ, ვერ გეტყვით, რომ ევროპა საზოგადოების განვითარების უმაღლესი ნიშნული და ზღვარია, მაგრამ ეს ის საზოგადოებაა, რომელიც საკუთარი ნებით ცდილობს საკუთარი სასიცოცხლო სივრცის და მათ რიცხვში სახელმწიფოს შენებას და გარედან არავის არ ელოდება, რომ აუწყობს ქვეყანას.