პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ყველა მხარეს, მათ შორის ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში. გიორგი კვირიკაშვილმა დავალება მისცა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.
„დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით, დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის განათლების სისტემას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, შსს-მ მიიღო დავალება, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ორ ნაწილად არიან დაყოფილი. სტუდენტების ერთი ნაწილი რექტორს მხრადაჭერას უცხადებს და მოუწოდებს, არ გადადგეს თანამდებობიდან, ხოლო თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას გადაყენების მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. შიმშილობის დაწყებას ისინი აკადემიური საბჭოს კაბინეტში აპირებენ.
თსუ-ს სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რომ თვითმმართველობას საყრდენი აღარ ჰყავს და დასაკარგიც აღარაფერი აქვს. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია სიტუაციის ესკალაცია, რომ სტუდენტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სასწავლო პროცესი ჩაიშალოს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ უნივერსიტეტში დათარეშობდა გაურკვეველი დაჯგუფება, რომელთაც ნიღბები ეკეთათ. არაერთხელ მივმართე სამართალდამცველებს, რომ დროულად დაინტერესდნენ ვინ არიან ეს ადამიანები. ჩვენ მათგან განსხვავებით, არც ნიღბები გვიკეთია და არც სახეს ვმალავთ. ჩვენი პროტესტი სამართლიანია და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, თვითმმართველობის რეფორმაც აუცილებლად შედგება.
ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ დგას ვლადიმერ პაპავას გადაყენების მოთხოვნა. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მისი უნივერსიტეტში ყოფნა არის აუცილებელი. შექმნილი ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის. ოცი ბანდიტი შეჭრილია და ოკუპირებული აქვთ რექტორის კაბინეტი. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ აღადგინონ უნივერსიტეტში წესრიგი, სანამ რაიმე უბედურება არ დატრიალდა და მოაშორონ უნივერსიტეტს ნიღბიანი ბანდიტები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ მეტრეველმა.
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები ლადო პაპავას მიმართავენ, რომ რექტორის თანამდებობა არ დატოვოს, სტუდენტებს კი მეტი სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ლადო პაპავას გადადგომა უნივერსიტეტში დღეს შექმნილ სიტუაციას ვერ განმუხტავს. პროფესორი გიორგი ოთხმეზური for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული.
„ორ თვეში არის თვითმმართველობის არჩევნები, ახლა თავის გადარჩენა უნდათ, რომ განიმტკიცონ თავიანთი პოზიციები. არავითარ შემთხვევაში რექტორი არ უნდა გადადგეს. აკადემიური საბჭოს ხუთმა წევრა მოაწერა ხელი პაპავას გადადგომას. ეს ის ხუთი ადამიანია, რომლებიც ნაცმოძრაობამ მოიყვანა და დასვა პროფესორებად უნივრესიტეტში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პროცესი ოდესის გუბერნატორის და მასთან მიბმული პარტიის მხრიდან იმართება, რომელთა მიზანი ქვეყანაში სრული არეულობის შექმნაა და რისთვისაც არაფერს ერიდებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ოთხმეზურმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა. თვითმმართველობის წევრები დილიდან უნივერსიტეტში შესვლას ვერ ახერხებდნენ, თუმცა მოგვიანებით შესვლაც მოახერხეს და ლადო პაპავას კაბინეტშიც შეიჭრნენ. დღის ბოლოს თსუ-ს რექტორი თვითმმართველობის წევრებს შეხვდა და განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ლადო პაპავას განცხადებით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ თსუ-ში არეულობა, რომ შემდეგ არეულობა მთელ ქვეყანას გადაედოს
„ყველას, მათ შორის ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც სხვაგან მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში, მოვუწოდებ, დატოვონ ტერიტორია. არ ვაპირებ გადადგომას. ავუხსენი მათ, რა სიტუაციაც არის. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რა ფორმაც აირჩიეს - რჩებიან აკადემიური საბჭოს ოთახში. მე მათ პირობა მივეცი, რომ მათზე რაიმე ზეწოლა, ზეგავლენა დაცვის სამსახურის ან პოლიციის მხრიდან არ განხორციელდება. მათ არავინ არ დაარბევს“,- აღნიშნა ლადო პაპავამ.
რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს თსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორებმაც. როგორც მოშიმშილე პროფესორები აცხადებენ, ისინი შიმშილობას მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და თვითმმართველობის წევრები არ დატოვებენ რექტორის კაბინეტს. მოშიმშილე პროფესორებს შორის არის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი მანანა ხარხელი, რომელმაც პროფესორისთვის შეუფერებელი ტონით მოგვიშორა თავიდან: „for.ge-ს არ მივცემ ინტერვიუს!“, - გვითხრა მანანა ხარხელმა და ტელეფონი გაგვითიშა.