რა კავშირი აქვს ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დათა ახალაიას?

რა კავშირი აქვს ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დათა ახალაიას?

ვინ ატვირთვა ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების კადრები, გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია. საქართველომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების წყაროს დადგენის მიზნით, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მიმართა. ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ დახმარებისთვის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას მიმართა, თუმცა რომელ ქვეყანაზეა საუბარი, თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს.

გელა ღურწკაია, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, ინგა ჩატოიანი, ირაკლი ფხალაძე და ზურაბ ჯამალაშვილი - ეს ის ადამიანთა ჩამონათვალია, რომლეთა წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ხუთივე მათგანი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით არიან დაკავებულნი. როგორც პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, პროკურატურამ დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომელიც ვიდეო ჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ჩანაწერის „ქრონიკა პლუსის“ დირექტორ ელისო კილაძეზე გასაღება. თავის მხრივ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელამც გამოძიების ინფორმაციით ეს მასალები ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ადვოკატმა ეს მასალები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს.

მთავარმა პროკურატურამ დააკავა ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე. დაკავებულებს ბრალი ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე. ადვოკატ ფხაკაძის სახლიდან ამოღებულია პირადი კომპიუტერი და მობილური ტელეფონები.

დაკავებული ჯამალაშვილი 2004 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომელი იყო. შსს-დან კი თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ჯამალაშვილიც და ფხაკაძეც წარსულში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის წევრები იყვნენ და იმ პერიოდიდან ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

რაც შეეხება ჯამალაშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილს პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეოჩანაწერები მეხსიერების ბარათზე ჰქონდა და სხვა პირებს გადასცა, თუმცა გამოძიებისთვის ჯერჯერობით მათი ვინაობა უცნობია. პროკურატურამ ჯამალაშვილი უკვე დაკითხა და სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წაუყენა. თუმცა, ადვოკატის გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და არ იცის, რისთვის არის დაკავებული.

ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული.

„ორივე პირი ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის ფარული ჩანაწერების მიტანისთვისაა დაკავებული. პირადად შევხვდი ჯამალაშვილს, ის ბრალს არ აღაირებს. ამ ეტაპზე, პროკურატურის მტკიცებულებები არ ვიცი. მხოლოდ ბრალი გადმომეცა. ედავებიან, რომ მას ჰქონდა „ფლეშკაზე“ ვიდეოები, რომელიც სხვას გადასცა.

ადრე ჰქონდა მის შვილს ბრალი წარდგენილი, შესაძლებელია, რომ მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა, ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ ჰქონდა წვდომა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. როგორც გახსოვთ ე.წ. ვირუსის შექმნაზე იყო დაკავებული“, - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

დაკავებული ირაკლი ფხალაძის ადვოკატი, ნანა ფილაური არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფარულ ჩანაწერებთან შეხება ჰქონოდა.

„ირაკლი ფხალაძე ადვოკატია და არ არის გამორიცხული, ადვოკატს პირადი ცხოვრების მასალა საქმიანობიდან გამომდინარე ჰქონოდა. ადვოკატები, საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ ინფორმაციას ფლობენ და არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ნანა ფილაურმა.

მეუღლის უდანაშულობაში დარწმუნებულია თეა ჯამალაშვილი და ამბობს, რომ მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. მისი თქმით, დაკავება ქუჩაში მოხდა, პარალელურად კი, სამართალდამცველები მათ სახლში ჩხრეკაზე შევიდნენ.

„მე ადვოკატი ვარ და სახლიდან ჩემი პირადი ნივთები წაიღეს - სამუშაო დისკები, კომპიუტერი, მობილური, რომელსაც კავშირი არ აქვს ჩემს მეუღლესთან. დაკავება ქუჩაში მოხდა, მანამდე მთავარ სამმართველოსთან ვიმყოფებოდით, სადაც შევამჩნიე, რომ ორი ადამიანი გვითვალთვალებდა. თვალთვალი მიმდინარეობდა სახლთანაც. ბოლო სამი დღე ჩემი მეუღლე სახლში არ ყოფილა“, - ამბობს თეა ჯამალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული. შვილთან გამოძიებას არავითარი პრეტენზიები არ აქვს. ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს.

„მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს.

რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოებს, საქმის გამოძიება FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ვიდეოები ატვირთული, ყველა შემთხვევაში, FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან youtube არის აშშ-ში და GOOGLE-ს მფლობელობაშია. რაც შეეხება სერვერებს, მე როგორც ვიცი, ყველა ქვეყანაში უდგას, თუმცა არა - საქართველოში. არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეოები“, - აღნიშნა ვასილ ჯამალაშვილმა.

ჯამალაშვილი, რომელიც 13 წლიდან ფლობს კომპიუტერს, 15 წლის ასაკში კუდ-მა გადაიბირა და 18 წლის ასაკში უკვე, კუდ-ის მეოთხე სამმართველოს უფროსის, ლევან ქარდავას მოადგილე გახდა. ჯამალაშვილმა შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ მომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო და ვიდეო თვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც პროკურატურამ უკვე დაკითხა (ნინო ჯღარკავა და მაკა რაზმაძე იყვნენ იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუგზავნეს), აცხადებს, რომ დაკავებული შვილს არ ადებს ხელს, თორემ კარგად იცის, რომ მისი ატვირთულია აღნიშნული მასალები. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ ფაქტის უკან ლევან ქარდავას და დათა ახალაიას ინტერესები დგას.

„უშუალოდ ეს ბიჭი ტვირთავდა ვიდეოს, მაგრამ მამა, რომელიც კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია, თავის თავზე იღებს დანაშაულს და შვილს ხელს არ ადებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს საქმე უკავშირდება ლევან ქარდავას და დათა ახალაიას. ალბათ, ამ თემას შემდეგ მოჰყვება გამოძიება. არჩევნები ახლოვდება და მათი ინტერესიც ნათელია. გვახსოვს მეგის ქარდავას მუქარა, რომ თუ, ბაჩო ახალაიას ბრალს არ მოუხსნიდნენ, გაავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა მეგის ქარდავას ამ კადრებთან წვდომა.

როგორც ჩანს, ბაჩოს გადარჩენის მომენტია, რომ მათ ამ არჩევნებზე რაღაცა ქულები ჩაიწერონ, მაგრამ შეცდომა მოუვიდათ, 14 მარტს, დილით გავრცელებულ ვიდეო-კადრებში მითითებულია გადაღების წელი და თარიღი - 2012 წლის მაისი. რომ არა ეს თარიღი, იტყოდნენ, რომ ეს ხელისუფლება 2013 წლის შედეგ იღებს კადრებს და უთვალთვალებს ხალხს.

ჩემს პირად გვერდზე იმ მოტივით აიტვირთა ეს ვიდეო, რომ აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილზე, თამაზ თამაზაშვილზე და ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულიყო.

რაც შეეხება მაკა რაზმაძეს, კარგად მახსოვს, როდესაც ეს პატარა ბიჭი დაიჭირეს, მაშინ მაკა ამბობდა, რომ დედამისი ჩემი ნაცნობიაო. მათთვის მაკა ნაცნობი სახე იყო, თან - ჟურნალისტი, მე კი ღარიბაშვილის წარმომადგენელი, მაგრამ არ გამოუვიდათ ჩანაფიქრი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო ჯღარკავა.