საკუთარი პრეზიდენტობის მიწურულს ბარაკ ობამამ, როგორც ჩანს, მოიწადინა, დაამტკიცოს, რომ არც ისე სუსტი პრეზიდენტი იყო, როგორი ეპითეტებითაც მას ოპონენტები ამკობენ. ობამას კრიტიკოსებს არც დონალდ ტრამპი, მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩამორჩება. ტრამპს მიაჩნია, რომ ობამა პუტინთან შედარებით სუსტი პრეზიდენტია.
როგორი იყო ობამას დროინდელი ამერიკა და, წინამორბედებისგან განსხვავებით, რა იყო ობამას საბედისწერო შეცდომა, რის გამოც პუტინმა 2014 წლის დასაწყისში ჯერ ყირიმისთვის მოიცალა, შემდეგ კი ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად სირიაში სამხედრო ძალები გაგზავნა. ხომ არ ადასტურებს ეს ფაქტი იმას, რომ ამერიკის უკვე აღარ ეშინიათ?
ბარაკ ობამას კარიერის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
გამოცემა „ატლანტიკთან“ ინტერვიუში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2008 წელს პუტინი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვალწინ შევიდა, ანუ შეიჭრა. ხომ არ არის ეს იმის მცდელობა, რომ უკრაინასა და სირიაში განცდილი მარცხის გამო ობამამ თავი იმართლოს, რომ ამერიკის ნებისმიერი პრეზიდენტი უძლურია არაგონივრულად მოქმედი პუტინის წინაშე? ამდენად, მარტო გაწონასწორებულ ობამას კი არ შეუთამამდა პუტინი, არამედ-სიხისტითა და შემტევი ხასიათით ცნობილ ჯორჯ ბუშსაც?
- ამაში არის რაციონალური მარცვალი. სამწუხაროა, რომ ბარაკ ობამა თვითონ აფასებს თავისი პრეზიდენტობის შედეგებს. უკეთესი იქნებოდა, სხვას შეეფასებინა და ეთქვა, ძლიერი იყო ობამა თუ სუსტი. როგორც ჩანს, ობამა ცდილობს, თავი იმართლოს. მართალია, ბარაკ ობამას დროს არ მომხდარა პუტინის საქართველოში შემოჭრა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სწორედ ობამას დროს შეიჭრა და ყირიმი მიითვისა. ბარაკ ობამას გაუჭირდება, დაამტკიცოს, ბუშზე ძლიერი იყო თუ სუსტი. გარდა ამისა, ყოველთვის, როდესაც მათი წასვლის ჯერი დგება, ამერიკის ყველა პრეზიდენტი, ბარაკ ობამას წინანდელი თუ შემდგომი, ალბათ, ასეთ განცხადებებს გააკეთებს. ეს სტანდარტული განცხადებაა მიმავალი პრეზიდენტის და ამას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ენიჭება მნიშვნელობა.
რეალურად, რა განსხვავებაა ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშის ამერიკას შორის? ფაქტია, რომ 21-ე საუკუნის დამდეგიდან აშშ-ის პოზიციები შედარებით სუსტია. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ჯორჯ ბუშს, რომელმაც ილუზორული გეგმა დასახა - აღმოსავლეთის დემოკრატიზაცია და შესაბამისი ტერმინიც დაამკვიდრა „დიდი ახლო აღმოსავლეთი“.
- ჯორჯ ბუშის მთავარი დამსახურება რა იყო, ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ჯორჯ ბუშის დროს დაიწყო ეს საშინელი ტრაგედია ახლო აღმოსავლეთში. შედეგად, ახლო აღმოსავლეთის გაზაფხული, ფიგურალურად რომ ვთქვათ, უცბად შეცვალა ზამთრის ყინვებმა. ეს ჯორჯ ბუშის სინდისზეა. ჯორჯ ბუშის სინდისზეა ისიც, რაც დღეს ხდება - იგივე „ისლამური სახელმწიფო“, ლტოლვილების პრობლემები. ეს ყველაფერი ბარაკ ობამას დროს გაგრძელდა ისევე, როგორც ვიეტნამის ომზე პასუხს აგებდა პირველი სამი პრეზიდენტი, დაწყებული ეიზენჰაუერით, დამთავრებული ჯონსონით. მხოლოდ ნიქსონმა შეძლო ომის დამთავრება და ბოლო წერტილის დასმა. საკითხავია, ეს ყველაფერი ამერიკის მომდევნო პრეზიდენტის დროს დასრულდება, როგორც ეს ვიეტნამის ომის დროს დასრულდა, თუ მეხუთე-მეექვსე პრეზიდენტსაც მემკვიდრეობით შეხვდება ეს ტრაგედია? ასე რომ, უკანასკნელ პრეზიდენტებს შორის, შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი მაინც კლინტონი იყო.
მამა ბუში წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ მას ჭკუა ეყო, არ შეჭრილიყო ერაყში და არაბული „გაზაფხული“ არ დაეწყო. თუმცა, რა ქნა მამა ბუშმა? გამოყარა ერაყელები ქუვეითიდან და საზღვარზე შეჩერდა. მაშინ იყო ცდუნება და სამხედროები მოითხოვდნენ მამა ბუშისგან, შესულიყო ერაყში, სადამ ჰუსეინი დაეპატიმრებინა, გაესამართლებინა, მაგრამ მან დაუჯერა მეცნიერებს, აღმოსავლეთმცოდნეებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ახლო აღმოსავლეთში უარესი დატრიალდებოდა. შვილმა ბუშმა კი არ დაუჯერა არავის. ასევე, ობამამაც დიდი არაფერი გააკეთა ამისათვის, ან ვერ გააკეთა. მამა ბუში შეიძლება შედარებით ჩაითვალოს კიდეც ძლიერად, რადგან მაინც, ასე თუ ისე, რეიგანის გვერდით იყო წლების განმავლობაში, შემდეგ კლინტონსაც არა უშავდა და ბოლოს უკვე მოხდა საშინელებები, რაც დღეს გვაქვს ახლო აღმოსავლეთში, თავისი ლტოლვილებით, სირიაში ომით და პუტინისთვის შესაშური საჩუქრით. არავინ იცის, დღეს როგორი იქნებოდა პუტინის მდგომარეობა, რომ არ ყოფილიყო სირია, მაგრამ დღეს პუტინი წარმატებით ცდილობს, სირიის კრიზისი გამოიყენოს მის წინააღმდეგ სანქციების გასაუქმებლად, ამიტომაც შეუსია პუტინმა ლტოლვილები ევროპას.
თქვენ ახსენეთ ბუშის მიერ დაწყებული „არაბული გაზაფხული“, რომელსაც მაშინვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა მწვანე შუქი აუნთო ჯორჯ ბუშს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ომი წამოეწყო ავღანეთში, ჯარები შეეყვანა ერაყში დიქტატორ სადამ ჰუსეინის განიარაღება-დამხობის მოტივით. შესაძლოა, ამ ყოველივეზე ბარაკ ობამას მოუწია პასუხისგება, მაგრამ რა იყო თავად ბარაკ ობამას არაგონივრული ნაბიჯი? - ნარინჯისფერი რევოლუციის კრახი? ამერიკის დაკარგული გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში? შეცდომა იყო გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან?
- ამერიკის ბოლოდროინდელი პრეზიდენტების შეცდომა იყო არამეცნიერული, არადიპლომატიური ანალიზი და მხოლოდ ორი სვლის გათვლა. არადა, ამხელა გიგანტს - ამერიკის პრეზიდენტს ევალება, დიპლომატიაში ურთიერთსვლა მაინც გათვალოს. მათ უნდა სცოდნოდათ ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ ყოფილ ლოთს, ალკოჰოლიკს, როგორიც ბუში იყო, საიდან უნდა ჰქონოდა ან განათლება, ან მეცნიერული ცოდნა? მან არაფერი იცოდა და წამოიწყო ავანტიურა. მაგას ეგონა, თუ ვთქვათ, ერაყში სადამ ჰუსეინი არ იქნებოდა, უკვე დემოკრატია დამყარდებოდა. ამიტომ მოიგონა და მოატყუა მთელი ამერიკა, რომ თურმე სადამს ჰქონდა ქიმიური იარაღი, მაგრამ დღემდე არათუ ქიმიურ იარაღს, ამ იარაღის კვალსაც ვერავინ მიაკვლია. შემდეგ იყო ლიბია, კადაფი და მოხდა ისე, რომ შუა საუკუნეების ჯუნგლებიდან და გამოქვაბულებიდან გამოსული ველურების, ბარბაროსების ხელში ჩავარდა ქვეყანა. ეგვიპტე შედარებით ნაკლები დანაკარგით გადარჩა, რადგან უკვე თვითონ ამერიკელები მოვიდნენ გონს, თავში ხელი იცეს, ეს რა ვქენით, ახლო აღმოსავლეთის უდიდესი, 80-მილიონიანი ქვეყანა ლიბიის და ერაყის გზით მიდის და იშლებაო. აქ გადამწყვეტი როლი ისრაელმა შეასრულა, რომელმაც კატეგორიულად დაუსვა ვაშინგტონს საკითხი, შეეწყვიტა ეგვიპტის საქმეებში ჩარევა, რადგან არ შეიძლებოდა ეგვიპტეში ისლამისტების მოსვლა, ეს ხომ ისრაელს უქმნიდა საფრთხეს. სამწუხარო ის არის, რომ რაც დრო გადის, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი პოლიტიკოსები ქრებიან და „კარლიკები“, ლილიპუტები მოდიან. მათ ფონზე უკვე პუტინი ჰერკულესად ჩანს. ეს ყველგან ასეა.
ვიყოთ გულწრფელები, შევარდნაძე შევადაროთ მის მემკვიდრეებს, შევარდნაძე ბისმარკი იყო მათთან შედარებით. თუმცა შევარდნაძეს დიდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. როგორ შეიძლება, შევარდნაძე შევადაროთ მის მემკვიდრეებს, ან „ქართულ ოცნებას“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“. ის კაცი მაინც ახერხებდა, რომ მოსკოვში ჩადიოდა, პუტინის სადღეგრძელოს სვამდა, აქ ჩამოდიოდა და ნატოს კარზე დაკაკუნებას აპირებდა. ეს არის დიპლომატია.
პირველ მსოფლიო ომამდე აშშ მაინც ერთგული იყო ჯორჯ ვაშინგტონის ანდერძის, რომლის თანახმადაც, აშშ-ს თავი უნდა შეეკავებინა ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირისგან და არასაჭირო ომებში ჩართვაზე უარი ეთქვა. ამ შემთხვევაში, არც ჯორჯ ბუშმა დაიცვა ეს წესი და არც ობამამ?
- ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ ამერიკელებს ჰყავდათ მშვენიერი პრეზიდენტი - ჯონ კუინსი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ამერიკის საქმე არ არის ოკეანის გაღმა ურჩხულების ძებნა და მათთან ომი. ამ იზოლაციონიზმს ბოლო მოუღო რუზველტმა, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ჩართო ამერიკა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საშინლად გაძლიერდა იზოლაციონიზმი, კონგრესმა მიიღო ოთხი კანონი იზოლაციონიზმზე, რომლის გაუქმებაც რუზველტს მოუხდა ომის დროს და შემდეგ უკვე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ჯორჯ ბუშის ავანტიურიზმი დაიწყო ახლო აღმოსავლეთში. კი, სადამ ჰუსეინი თავის ცოლებსაც ხოცავდა და სხვებსაც, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ 15-ჯერ მეტი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა ერაყში, ვიდრე სადამ ჰუსეინმა მთელი თავისი 13-წლიანი მმართველობის დროს გაჟლიტა.
ასევე, კადაფის დროს ლიბიაში იყო „კომუნიზმი“, უფასო სასწავლებლები, უფასო მედიკამენტები, უფასო დასვენება-მკურნალობა. მართალია, კადაფი დიქტატორი იყო, ტერორიზმსაც აფინანსებდა, მაგრამ მათთან ბრძოლის შემდეგ ათჯერ უარესი მივიღეთ. პრაქტიკულად, დღეს ლიბია, როგორც სახელმწიფო, აღარც არსებობს. ცენტრალური ხელისუფლება აღარ არსებობს არც ერაყში, არც ლიბიაში. სულ უფრო ნათლად ჩანს, რომ დღითი დღე მსოფლიო მიდის დიდი ომისკენ. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვინატროთ, ბირთვული ომი არ იყოს. თორემ, ადრე თუ გვიან, დიდი ომი მაინც იქნება, რადგან ყველა მიმართულებით კონფრონტაცია ომამდე მიიყვანს მსოფლიოს.
ვიმეორებ, ეს, პირველ რიგში, ბუშის დანაშაულია და ობამას არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. თუ ჯორჯ ბუშმა საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანა ყურადღება, ობამამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საშინაო პოლიტიკაზე და ობამა მაინც შევა ამერიკის ისტორიაში, როგორც სოციალურ პოლიტიკაზე, საყოველთაო დაზღვევაზე მზრუნველი.
ობამა ამბობს, რომ პუტინის მიერ ყირიმის მიტაცება და სირიაში ბაშარ ასადის დახმარება სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი გლობალურ მოთამაშედ თვალის ერთი დახამხამებით გადაიქცევა. ობამა თვლის, რომ პუტინი სულელი არ არის და აცნობიერებს იმას, რომ რუსეთმა მსოფლიოში თავისი პოზიციები დათმო, პუტინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ის ბოლო დროს არც ერთ საერთაშორისო სამიტზე არ გამოჩენილა და „ნამდვილი ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ სასურველ შედეგს ძალის გამოყენების გარეშე მიაღწიო“. თუმცა ეს ობამას მხრიდან თავის დამშვიდება ხომ არ არის? ომაბამ თავისი პასიური მდგომარეობით ხომ არ აქცია რუსეთი გლობალურ მოთამაშედ?
- რასაკვირველია, შეცდომა იყო ეს გადატვირთვა. სხვათა შორის, გადატვირთვა ობამას ინიციატივა არ ყოფილა, ეს ჰილარი კლინტონის ინიციატივა იყო. ეს კატასტროფული შეცდომა იყო, ამით ჰილარი გაძლიერდა და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის პოზიციების შემცირება მოხდა, რადგან დიკ ჩეინი უფრო ქორი იყო და არა - მტრედი. დიკ ჩეინი რუსეთთან მიმართებით გაცილებით მკაცრ პოლიტიკას ითხოვდა.
ბარაკ ობამას ფრაზა, რომ აშშ არ არის მზად უკრაინის გამო ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს (რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ არც საქართველოს და არც უკრაინის გამო არავინ აპირებდა ფართომასშტაბიან ომში ჩართვას), რამდენად მომგებიანია ამერიკისთვის?
- ამას თქმის გარეშეც ყველა ხედავს. მალე დაიწყება პუტინთან მოლაპარაკება მიგრანტების შემცირებასთან დაკავშირებით და ეს პუტინის დიპლომატიის გამარჯვებაა, რომელიც დღემდე მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს სირიაში, ალეპოს მისადგომებთან. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე 3-4 ათასი ახალი მიგრანტი, გადაამრავლეთ ეს და რას მიიღებთ. აგერ კიდევ ფინეთი, რომელიც მზად არ არის ამისთვის, ვერც საზღვარს იცავს, ვერც ლტოლვილებს აბინავებს და უკვე მივიდნენ იმ აზრამდე, რომ საჭიროა პუტინთან მოლაპარაკება, მაგრამ პუტინი ლამაზი თვალებისთვის არავის დაეთანხმება. პუტინი, პირველ რიგში, სანქციების გაუქმებას მოითხოვს. როგორც კი სანქციები გაუქმდება, პუტინი მერე თავისებურად „მიხედავს“ უკრაინას. ასე რომ, პუტინის შეკავების სცენარი არ არსებობს დასავლეთში.
თავის დროზე მაშინდელი შეკავების დოქტრინით სტალინის შეკავება მოახდინა ტრუმენმა და შემდეგ - ეიზენჰაუერმა. ასეთი დოქტრინა დღეს დასავლეთს არ აქვს პუტინთან მიმართებით, რადგან თვით დასავლეთშიც არავინ არ არის ტრუმენის დონის. არადა, 1946 წელს სტალინს აზრადაც არ ჰქონდა ჩრდილოეთ ირანიდან ჯარის გაყვანა, იქ 18 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და უკვე გადაწყვეტილი იყო, მათი საბჭოთა აზერბაიჯანთან მიერთება. ჩრდილოეთ ირანში უკვე შექმნილი იყო აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკა, მაგრამ, ელემენტარულად, ტრუმენმა პირდაპირ განაცხადა, ბირთვულ ომს დავიწყებო, სტალინმაც კეთილი ინება და გამოიყვანა იქიდან ჯარები. ასევე მოხდა საბერძნეთშიც. საბერძნეთში სამოქალაქო ომი იყო, პრაქტიკულად, საბერძნეთი გაწითლებული იყო, იუგოსლავიიდან შედიოდა იარაღი, დახმარება, მაგრამ იმავე შეკავების დოქტრინით ომში გამარჯვებულ, მსოფლიოში უძლიერესი არმიის მქონე სტალინს მოუგრიხეს კისერი და გააჩერეს. ესენი კი პუტინს ვერაფერს უხერხებენ.
ფიქრობთ, რომ პუტინს აწყობდა სუსტი ობამა, მეტ-ნაკლებად გაუწონასწორებელი ჯორჯ ბუში და ახლა შეიძლება აწყობდეს ტრამპი ან ამერიკის რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატი? ისევე, როგორც ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პუტინისთვის საჩუქარი იყო.
- რასაკვირველია, პუტინს აწყობს ტრამპი, თუნდაც ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, რადგან ტრამპი ძირითადად ჩაფლული იქნება საშინაო პოლიტიკაში. თუ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება 2%-ით მაინც შეასრულა - მექსიკასთან კედლის აშენება და მექსიკელების არშემოშვება, ტრამპი ისეთ ჭაობში ჩაეფლობა... ამას წინათ ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ რა მოხდება, თუკი გაიმარჯვებს ჰილარი კლინტონი - ეს იქნება ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი. თუ გაიმარჯვებს ბერნი სანდერსი, ეს იქნება პირველი ებრაელი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. თუ გაიმარჯვებს ტედ კრუზი, ეს იქნება პირველი ლათინოსი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ხოლო, თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ეს იქნება უკანასკნელი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, რადგან ტრამპი დაშლის ამერიკას და ამერიკას ბოლო მოეღება ტრამპის დროს. ეს ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ სიმართლეც ურევია.
მაშინ რუსეთის შემაკავებელი საპირწონე აღარც იარსებებს?
- დიახ და რუსეთს აწყობს დონალდ ტრამპი ისევე, როგორც რუსეთს აწყობს ინგლისის გასვლა ევროკავშირიდან, რადგან დაიშლება ევროკავშირი. შესაბამისად, რუსეთს აწყობს 28 პატარა ცალკე აღებულ ქვეყანას ერთი-ერთზე ელაპარაკოს, ვიდრე ერთ ძლიერ გაერთიანებას. აქეთ მიჰყავს საქმე ობამასაც, მერკელსაც, რომელიც ხან ასეა, ხან-ისე, თვითონ ვერ გაერკვა თავის უბედურებაში. ახლა ამბობენ, როგორ შეიძლება ევროპელებმა ლტოლვილებს ჩავუკეტოთ საზღვარი, ყველანი უნდა მივიღოთ, დავაბინავოთო. არადა, ახლაა საჭირო რკინის ფარდა. ახლა მოვიდნენ აზრზე და ტუსკი ახლა აცხადებს, ეკონომიკური მიგრანტები ნუ წამოვლენ აქეთკენ, ვინც კარგი ცხოვრებისთვის მოდისო. განა ყველა სიკვდილის შიშის გამო გამორბის ევროპაში? უმრავლესობა გამორბის კარგი ცხოვრებისთვის. ევროპაში მაგათ ყვავილებით ხვდებიან, ახვედრებენ ბინას, პენსიას, დახმარებას, სამსახურს, ენის კურსებს, ვიღას უნდა დარჩენა გადახრუკულ ახლო აღმოსაველთში?
თუკი ამერიკის საგარეო პოლიტიკა მაინც კრახს განიცდის, ხომ არ ჯობდა, ობამას დედამიწის სხვადასხვა წერტილში კი არ გამოეყენებინა ამერიკის ჯარი და ფინანსები, არამედ ისევ თავისი ქვეყნისთვის მიეხედა?
- ეს გაბნევა არ ამართლებს, რადგან ერთი სტრატეგია არ არსებობს. იმავე ტრუმენის - ეიზენჰაუერის დროს დაიწყო ბაზების აშენება მთელ მსოფლიოში. ერთიანი ეფექტური ქსელი იყო შექმნილი და ერთი სტრატეგია ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირი საითკენაც წაიწევდა (ეს იქნებოდა ჩინეთის მიმართულებით, ინდოეთის ოკეანისკენ, თბილი ზღვებისკენ თუ ევროპისკენ), იქ აღდგომოდნენ. იქ უშენებდნენ ბარიერებს და არაფერს არ არჩენდნენ. დღეს ერთიანი სტრატეგია არ არის, მთელი ევროპა გადასულია იმაზე, ლგბტ-ს რა შეღავათები მისცენ, ერთსქესიან ოჯახებს კიდევ რა პირობები გაუუმჯობესონ. ჩვენთანაც ასეა, ქვეყანაში შიმშილი, უმუშევრობაა და ამ დროს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც არ არის, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და დასახავს პროექტებს. რატომღაც ყველა სწავლობს სექსუალური უმცირესობის პრობლემას, გრანტებს ამაში იძლევიან. ევროპა და ამერიკა არავის გრანტს არ მისცემს, უმუშევრობა როგორმე დაძლიეო. დასავლეთში გვეუბნებიან, ეს თქვენი მთავრობის საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმეო.