„ბევრი ადამიანი, რომელიც ამ საშინელი დანაშაულით იყო დაკავებული, დღესაც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს“

„ბევრი ადამიანი, რომელიც ამ საშინელი დანაშაულით იყო დაკავებული, დღესაც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს“

ფარული ჩანაწერების ირგვლივ პროცესები სახიფათოდ სერიოზულ ფაზაში შევიდა. ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი გზავნილით მიმართავს და 31 მარტამდე პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას აანონსებს.

„წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა ელოდეთ შემდეგ სერიებს. თუ არ წახვალთ, სხვებსაც გამოვამზეურებთ! ხალხმა უნდა იცოდეს, ვის უხდის ხელფასს! ვინც წავა მათი კადრები არ დაიდება. კადრების არ გავრცელების სანაცვლოდ, უამრავ ანტისახელმწიფოებრივ წინადადებაზე დაითანხმეს მთავრობის წევრები, მათ შორის გაუპატიურების საქმეების გამოუძიებლობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მასალების განადგურება ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. აი, ვის პირად სიამოვნებას ეწირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა!!!“, - წერს ვიდეოს ავტორი youtube-ზე.

აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელებიდან მალევე, youtube-ზე მომხმარებლების ნაწილს წვდომა აეკრძალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების ინტერნეტსივრცეში უკანონოდ ატვირთვა. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირადი ცხოვრების შემცვლელი 26 ათასი ჩანაწერი იქნა აღმოჩენილი. აქედან ცალკე იქნა გამოყოფილი პირადი ცხოვრების ამსახველი 144 ფაილი და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავრობამ და კომისიის უმრავლესობამ გადაწყვიტა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაენადგურებინათ.

აღსანიშნავია, რომ 26 000 მასალაში არ შედის სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც 404 მცირე დისკისგან შედგება, ის ცალკე საქმედ არის გამოყოფილი და მიმდინარეობს გამოძიება. ჩანაწერები 181 საათსა და 30 წუთს მოიცავს და ძირითადად 2007-2012 წლის ივლისის პერიოდშია ჩაწერილი.

იმის მიუხადავად, რომ კადრები განადგურდა, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ერთი და იგივე მასალის მინიმუმ ხუთი ვერსია არსებობს.

„ე.წ „კასრების საქმეზე“ მხოლოდ საქმის უშუალო შემსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, ზედა ეშელონებში კი არავინ დაუსჯიათ. ამ საქმის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი და იგივე მასალის, მინიმუმ, ხუთი ვერსია არსებობდა. ივარაუდებოდა, რომ ეს საქმე უნდა ასულიყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობამდე“, - აცხადებს მაია მწარიაშვილი.

ყოფილი მთავარი პროკურორის გია მეფარიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი ხდება პირადი ცხოვრების ინფორმაცია, ეს უკვე შემაშფოთებელია. მისივე თქმით, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს წინაშე დაისვას კითხვა - რატომ ვერ უზრუნველყო აქამდე გამოქვეყნებული მასალების გამოძიება? ყოფილი პროკურორი თვლის, რომ ამის მიზეზია - დაბალი პროფესიონალიზმი და ტექნიკური აღჭურვილობის სიმცირე.

„სამწუხაროდ, ეს პრობლემა ძალიან მწვავედ შემოვიდა ქართულ დღის წესრიგში. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ჩვენ ასეთი კატეგორიის დანაშაულის გახსნის გამოცდილება არასაოდეს გვქონია. ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ობიექტებზეა საუბარი, ჩვენულებრივი მოყვარული ასეთ ინფორმაციას ვერ მოიპოვებს, რადგან ეს ჩანაწერები გაკეთებულია სახელმწიფო სტუქტურების მიერ. ისეთი მაღალი ხარისხით არის ჩაწერილი, რომ ამას სჭირდება სპეციალური ტექნიკა, რაც ძალიან ძვირია და ეს არ შეიძლება რიგით ადამიანს ჰქონდეს.

მეტიც, მას სჭირდება სპეციალისტი და შესაბამისი დანაყოფები. 5-10 წლის წინ, რომ სპეციალურმა სახელმწიფო დანაყოფებმა ჩაიდინეს ეს უმძიმესი დანაშაული, ეს საქმე უნდა გახსნან და დაარქვან თავისი სახელი. რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში გამოძიებამ? - არაფერი. რამდენი გამოძიებაა დაწყებული და არც ერთი ბოლომდე მიყვანილი არ არის. თუკი, არ იქნება გამოძიებული და განაჩენი არ იქნება მკაცრი, ასეთ შემთხვევაში, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ გუნდზე, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. კალაძე იმედოვნებს, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები და კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები.

„ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები“, - აცხადებს კახი კალაძე.

უმრავლესობა ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იმის პოლიტიკურ ინტერესებშია, ვისი პოლიტიკური მრწამსიც იყო ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა. თუმცა, უმრავლესობა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

სანამ უმრავლესობა გამოძიების შედეგების მოლოდინშია, ანალიტიკოსები ამ პროცესის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ - „რუსული სპეცსამსახურების ხელწერა და ყოფილი ხელისუფლება, რომლის მთავარ ინტერესშია ქვეყანაში დესტაბილიზაცია“.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ერთადერთი შიდა ძალა, რომელსაც აწყობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება და მისგან გამოწვეული შედეგები საზოგადოებაში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება გარე ძალას, ეს არის რუსეთი.

„ერთადერთი ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციით არის დაინტერესებული, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ხელშია ყველა ინსტრუმენტი, ეს ჩანაწერები როგორც აწარმოეს, ისე შეინახეს, რომ მერე რეალიზაცია გაუწიონ. პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ხელს შეუშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ვინ შეიძლება ამ ყველაფერით იყოს დაინტერესებული? - რა თქმა უნდა, - რუსეთი.

ფაქტია, რომ პროცესი ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. ამ ყველაფრის მართვა ბევრად უფრო შორიდან მოდის და ბევრად უფრო საშიშია. ერთადერთი ვინც ამ პროცესით შეიძლება იყოს დაინტერებეული, ეს არის რუსული სპეცსამსახურები და მე არანაირად არ გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში რუსულ სპეცსამსახურებთან „ნაციონალურ მოძრაობის“ კავშირს. ეს ძალიან თეორიული ვერსიაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

ექსპერტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების კულისებში მყოფი რაღაცა ჯგუფი ამ ფორმით წყვეტდეს ვითარებას წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა, ასევე არ გამორიცხავს, ამის უკან იდგეს ყოფილი სახელისუფლებო ჯგუფები, რომლებიც ამ ფორმით ცდილობენ შურისძიებას.

„ვერსიები ბევრია, მაგრამ ხელისუფლების პრობლემა და პასუხისმგებლობა იმაზეა, რომ ამ სისტემურ დანაშაულს არ გასცა შესაბამისი პასუხი. მეტსაც გეტყვით, ბევრი ადამიანი, რომელიც ამ საშინელი დანაშაულით იყო დაკავებული, დღესაც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს. ძალიან მძიმე სურათი იკვრება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა, როდესაც დამკვეთი შეიძლება ბევრი მხარე იყოს.

გარკვეული ანალიზის საფუძველზე მაქვს ჩემი ვერსიები, უნდა ამოვიდეთ იქიდან - ვის აწყობდა და ვინ სარგებლობს ამით. ამ ვერსიით გამოვრიცხავდი ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ის ზიანდება ამ პროცესით. ჩემი აზრით, ამ დანაშაულის სამიზნე არის პრემიერ-მინისტრი, რომ მისი სისუსტის გამოჩენა მოხდეს საზოგადოებრისთვის, რომ ის არ ფლობს სიტუაციას. ადამიანები, რომელებიც აპროტესტებს ამ ყველაფერს, მშვენივრად ესმით, რომ ეს ყველაფერი სათავეს მათი მმართველობიდან იღებს. შესაბამისად, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ, გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

მმართველი გუნდი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და გავრცელების წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრებასა და ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობას გეგმავს. თუმცა, იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ პრობლემის არსი არ არის მხოლოდ კანონში და მხოლოდ კანონში ცვლილება არ უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის რაიმე მიზნის მიღწევას.

„არაერთი ფარული ჩანაწერი იქნა გამოქვეყნებული, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განცხადება, რომ აღიძრა საქმე, დაიწყო გამოძიება და მეტი არაფერი. გვახსოვს ცნობილი ფარული ჩანაწერები ოდესის გუბერნატორის მონაწილეობით, იმის მერე რაიმე პროგრესი გვაქვს? ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა - ფარული ჩანაწერით მანიპულირება უკავშირდება თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს? სანამ ეფექტური გამოძიება არ იქნება და შედეგები არ დაიდება, ამ შემთხვევაში, მხოლოდ კანონში პრობლემის ამოხსნის გასაღების ძებნა არ იქნება სწორი და ეფექტური, რადგან პრობლემა უფრო მასშტაბურია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.