„სერიოზულად ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმეები“

„სერიოზულად ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმეები“

ვლადიმერ პუტინი სერიოზულად აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმეები... ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის „Россия 24“-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარის საომარი განწყობისა და საუდის არაბეთთან მისი დამღუპველი ალიანსის გათვალისწინებით, სირიაში გრძელვადიანი ზავი საეჭვოა.

„იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ შეწყვეტს სირიის „ალ-ქაიდას“ შტოს მხარდაჭერას, სერიოზულად ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმეები. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ცდილობდა კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) ქრისტიანებისათვის დაბრუნებას, თუმცა ბედმა უმტყუნა“, –განაცხადა პუტინმა.

როგორც ჩანს, სტალინის შემდეგ პუტინს ახალი ფავორიტი გამოუჩნდა - ბოლშევიკების მიერ ტრაგიკულად დახვრეტილი რომანოვების ოჯახის მეთაურის, იმპერატორ ნიკოლოზ რომანოვის სახით.

რას ნიშნავს პუტინის განცხადება კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) ქრისტიანებისათვის დაბრუნების თაობაზე, როგორ აღიქვამენ ამას მუსლიმანები და ხომ არ მოისხა პუტინმა 21-ე საუკუნის ჯვაროსნის მანტია?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ეჭვობს, ასეთი ფეთქებადი განცხადება გაეკეთებინოს პუტინს, რადგან მაშინ საინტერესოა, პუტინი რა პასუხს გასცემს საკუთარ მუსლიმანებს, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ?! თუკი პუტინმა მუსლიმანი ტერორისტების განადგურება იგულისხმა, მაშინ მას, ისტორიის მეტ-ნაკლებად მცოდნეს, ის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ნიკოლოზ მეორე ტერორისტებს არ ებრძოდა. მეტიც, ნიკოლოზ მეორეს არ დაუწყია ეგ საქმე და იგი ნიკოლოზამდე ბევრად ადრე, ეკატერინემ დაიწყო.

„დღეს მსოფლიოში მილიარდნახევრამდე მუსლიმანი ცხოვრობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თურქეთი დღეს არ არის ისე ხელწამოსაკრავი. ევროპას ჟანგბადივით სჭირდება თურქეთი. ამიტომ ისე გამოდის, რომ პუტინი ერთი ხელით მუსლიმანებს ებრძვის, მეორე ხელით კი ყველაფერს აკეთებს, რათა თურქეთი ევროპისთვის „საჭირო“ გახდეს, პუტინი და ასადი ერთდროულად აგრძელებენ მუსლიმანების გენოციდს, რათა რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი შეუსიონ ევროპას. დღეს ხომ რუსეთის სტრატეგიაა ევროკავშირის დაშლა. როგორც 10-15-20-30 წლის წინ საბჭოთა კავშირი აფინანსებდა ულტრამემარცხენე ძალებს ევროპაში, ახლა პუტინი აფინანსებს ულტრამემარჯვენე ძალებს - მარი ლე პენს და სხვებს, რომლებიც გამოდიან ევროკავშირის დაშლის მოთხოვნით. ამჟამად პუტინი აფინანსებს ინგლისში იმ ძალებს, რომლებიც ზაფხულის რეფერენდუმზე მოითხოვენ ინგლისის გასვლას ევროკავშირიდან, ეს კი ევროკავშირის დაშლას ნიშნავს.

უფრო მეტიც, პუტინმა ახლა გახსნა ახალი ფრონტი. კერძოდ, ევროპაში მუსლიმანები ჩრდილოეთიდან, არხანგელსკიდან შედიან, რაც თითქოს წარმოუდგენელია. ეს ხომ საბერძნეთი და ბულგარეთი არ არის?! მუსლიმანები ჩადიან ჩრდილოეთ არხანგელსკში და იქიდან გადადიან ფინეთში. მთელ 2015 წელს რუსეთის ტერიტორიის გავლით, ფინეთში ჩავიდა მხოლოდ 500 ლტოლვილი მუსლიმანი, წელს კი, მხოლოდ იანვარში, 800 მუსლიმანი ჩავიდა. ასე რომ, პუტინის სტრატეგიაა, მეტი ლტოლვილი შეუსიოს ევროპას“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, განმარტა, რომ მუსლიმანების გაძლიერება ევროპაში სულაც არ იყო ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმე. ნიკოლოზის დროს არც ტერმინი „ტერორიზმი“ არსებობდა. თავის დროზე ფრანც ფერდინანდი რომ მოკლა გავრილა პრინცმა, ცხადია, გავრილა ტერორისტი იყო, მაგრამ მასობრივი ტერორიზმი მაშინ არ ყოფილა. ამ ადამიანებს მაშინ მკვლელებს, შეთქმულებს ეძახდნენ. ნიკოლოზ მეორეს კი მხოლოდ სრუტეების დაბრუნება უნდოდა, რადგან სლავიანოფილები იყვნენ კონსტანტინოპოლში, ხოლო „მესამე რომი“ იყო მოსკოვი.

ეს არ არის პუტინის სტილი. კი, თურქეთისა და პუტინის შერიგება ძალზე პრობლემატური გახდა, მაგრამ ნატოს გარდა თურქეთმა იშოვა ისეთი მოკავშირე, როგორიცაა ევროპა. აგერ, 5 მილიარდ ევროს აძლევენ თურქეთს, ოღონდ ლტოლვილები არ შეუშვას ევროპაში. თუ აქამდე ვიცოდით, რომ მუსლიმანი ლტოვილები თურქეთიდან საბერძნეთში გადადიოდნენ, მერე ევროპაში ხვდებოდნენ და მიდიოდა ხალხთა დიდი გადასახლება, პუტინმა მათ მეორე არხი გაუხსნა ჩრდილოეთ რუსეთიდან. მე არ ვიცი, ეს ლტოლვილები როგორ და საიდან ჩადიან მურმანსკში. ამ დროს პუტინი მუსლიმანებს ებრძვის?! ეს გაუგებარია.“

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი პუტინმა ნიკოლოზ მეორის მიერ დაწყებული საქმეების გაგრძელება მოინდომა, რომელიც თურმე პირველი მსოფლიო ომის დროს კონსტანტინოპოლის ქრისტიანებისათვის დაბრუნებას ცდილობდა, მაშინ ასეთი განცხადება უფრო პიარზეა აგებული. რეალურად კი, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დღეს რუსეთი არც იმაზე ძლიერია, ვიდრე ნიკოლოზის დროს იყო და არც იმაზე გავლენიანი, ომის შემდგომ სტალინის დროს რომ გვახსოვს. დღეს რუსეთს ასეთი ძალა არ გააჩნია.

„თანაც, დღეს რუსეთს მარტო სირიასთან კი არ აქვს კონფლიქტი, არამედ - მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. სამწუხაროდ, რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ მის ირგვლივ ბევრია დაინტერესებული რუსეთის დასუსტებით. აქ არ ვგულისხმობ საქართველოს და ჩვენს ინტერესებს. ასე რომ, რუსეთისთვის იმის გაკეთება, რასაც მოკავშირეებთან ერთად აპირებდა ნიკოლოზ მეორე და, ასევე, მოკავშირეებთან ერთად ახორციელებდა სტალინი, დღეს შეუძლებელია. პირიქით, რუსეთს მოუწევს მარტომ გააკეთოს ყველაფერი, ყოველგვარი მოკავშირეების გარეშე. ამიტომ პუტინის განცხადება მორიგი დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთს შეუძლია, თურქეთის კონფლიქტი იარაღის გზით გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.