„ეს არჩევნები კომპრომატების არჩევნები იქნება - ნიადაგის მოსინჯვა უკვე მოხდა“

„ეს არჩევნები კომპრომატების არჩევნები იქნება - ნიადაგის მოსინჯვა უკვე მოხდა“

„არ არის გამორიცხული, რომ კადრების გავრცელება იმ ძალების მიერ მოხდა, რომლებსაც ხელს არ აძლევს ქვეყანაში სტაბილურობა“, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

გამოძიების დასრულებამდე რთულია დეტალებზე საუბარი, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში შედის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ეს არის პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული დანაშაული, თუ საქმე გვაქვს პირადი შურისძიებასთან?

ვახტანგ ძაბირაძე: მაინც მგონია, რომ პოლიტიკური მოტივია, ვიდრე პირადი შურისძიება. ამ შემთხვევაში შესაძლოა, პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ არც იყო მიმართული. კადრების გავრცელება იმიტომ მოხდა, რომ გაეგოთ საზოგადოებისა და მოსახლეობის რეაქცია. ან, შესაძლოა, ამის უკან სხვა მოტვიც იდგეს. ანუ, შესაძლოა, ვიღაცამ საკუთარი თავის დაცვის მიზნით მოახდინა ამ კადრების გავრცელება, რადგან იცის, რომ მასზე არის კომპრომატები.

შეიძლება ეს იყოს პიროვნებაც და პოლიტიკური ძალაც?

- რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს რა და როგორ ხდება. გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გავიდეს როგორც შემსრულებელზე, ისე დამკვეთზეც. საშინელებაა, მაპატიეთ და საერთოად არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. რაც უფრო მალე დაივიწყებს საზოგადება იმას, რაც მოხდა და გაგრძელდება გამოძიება, მით უკეთესია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის.

ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე პერიოდში, ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, რამდენად მართებს ხელისუფლებას ოპერატიულობა, რომ გაამკაცროს კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით?

- ამის მოლოდინი არსებობს. იმიტომ, რომ ეს არჩევნები კომპრომატების არჩევნები იქნება. ნიადაგის მოსინჯვა უკვე მოხდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, კადრების გავრცელება თავდაცვის მიზნით უფრო გაკეთდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კადრების გავრცელება იმ ძალების მიერ მოხდა, რომლებსაც ხელს არ აძლევს ქვეყანაში სტაბილურობა. როგორც უნდა იყოს, ამაზრზენი ფაქტია და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა მთლიანად დამოკიდებული რა და როგორ იქნება.

თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, კადრები თავდაცვის მიზნით გაავრცელა იმან, ვის წინააღმდეგ შესაძლოა იყოს კომპრომატები. ეს ვიღაცა შეიძლება იყოსნაციონალური მოძრაობა“? ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის დროს ხდებოდა ეს ორგანიზებული დანაშაული ქვეყანაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები...

- ჩემი ნაციონალებისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს მათ გააკეთეს. იცით, ამაზე ფიქრიც არ მინდა, საერთოდ არ მინდა პროგნოზები გავაკეთო. უბრალოდ, ვინც ეს გააკეთა ადამიანის ჩარჩოებში ვერ ეტევა. უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სამწუხარო პრაქტიკა გვაქვს, თუმცა, პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ამ კადრების გამავრცელებელი ადამიანების დასჯა, ყველა ეს საქმე გამოუძიებელია....

- ხელისუფლება, სწორედ იმის ხელისუფლებაა, რომ აი, ასეთი საქმეები გამოიძიოს. ქვეყანაში არსებულ პროცესებზე ყოველთვის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. თქვენ კითხვას ცოტა სხვა მიმართულებით მივყავარ, ამიტომ არ მინდა ამის გაგრძელება და დაკონკრეტება. შესაძლოა, ვერ ხერხდება გამოძიება, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული, რა მოხდა, რატომ ვერ მოხდა, რა გაკეთდა და რატომ ვერ გაკეთდა. სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულ სიტუაციას მივიღებთ წინასაარჩევნოდაც და მას შემდეგაც.

ეს ყველაფერი ასე მარტივარ არ ჩაივლის, შეიძლება პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან ოპერატიული. თუ ვერ იძიებს საქმეს, მაშინ უნდა უთხრას საზოგადოებას რა პრობლემებია. მგონია, რომ ძიების პროცესი უნდა იყოს ღია. იმაზე უარესი რაც მოხდა, უკვე ვერ მოხდება, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება.

ქვეყანა რამდენად დაზარალდა ამ კადრების გავრცელებით?

- საზოგადეობა დაზარალდა. ჩვენ დავზარალდით. ვის აწყობდა და ვის არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. ეს ის თემაა, რომელიც ისეთ ჭაობში შეგვიყვანს, რომლისგანაც გამოსავალი ფაქტობრივად, არ იქნება. ამიტომ მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქმის გამოძიება და დამნაშავის გამოვლენა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კადრების გავრცელების მიზანია მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. საზოგადოება არის დაცული იმისგან, რომ ხვალ ან ზეგ, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიხილავთ ასეთ კადრებს?

- საზოგადოება დაზღვეული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დასჯა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი. მეორე – ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და იმოქმედოს, შეუძლებელი შეძლოს, რადგან ეს ფაქტი მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისკენ არის მიმართული. ვიცით, რომ არსებობს 28 000 ფაილი, შესაბამისად ყველა ადამიანი, ეს იქნება პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე თუ მეტნაკლებად ცნობილი სახე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის მასზე კომპრომატები თუ არა.

იმისათვის, რომ ამ საშინელი დანაშაულისგან დაზღვეულნი ვიყოთ, არსებობს 2 მექანიზმი, ერთი - გამოძიება დროულად დამთავრდეს და დამნაშავე დაისაჯოს, და მეორე - შევქმნათ ძალიან ნეგატიური აგრესიული საზოგადოებრივი აზრი, თუნდაც უცნობი ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი მეთოდებით ცდილობს საზოგადოების დაშანტაჟებას და ნაკლებად ცნობისმოყვარე ვიყოთ ასეთი ფირების გავრცელების და ნახვისას. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. იმდენად დიდ პრობლემად მიმაჩნია ამის გაგრძელება, რომ რეპრესიულ ზომებსაც კი მივმართავდი და ალბათ, აუცილებელიცაა, რომ ამ უბედურებას დაესვას წერტილი.

ხელისუფლება ახლა იწყებს მჯელობას კანონმდებლობის გამკაცრებაზე. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული არ არის, დღეს ამაზე მსჯელობა?

- ალბათ, დაგვიანებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ გავაკეთოთ. ახლა მაინც უნდა მოხდეს ასეთი დანაშაულის გამოძიება და ყველაფრისთის თავისი ადგილის მიჩენა. ზოგადად, ეს არა მარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა. ალბათ, მაინც, საჭიროა საზოგადოებრივი ინიციატივები. ეს სამუშაო თემაა, საზოგადოებაში აქტიურად უნდა დაიწყოს გზების ძიება, რომ ასეთი პრობლები თავიდან ავიცილოთ. მხოლოდ რეაქცია, თუნდაც ისეთი, რაც ამ კონკრეტულ ფაქტს მოჰყვა, არ მგონია საკმარისი იყოს.