„საბჭოთა კავშირის პერიოდი დავასრულეთ და „ოდეერის“ ინსტიტუტის საქმიანობაც უნდა დასრულდეს“

„საბჭოთა კავშირის პერიოდი დავასრულეთ და „ოდეერის“ ინსტიტუტის საქმიანობაც უნდა დასრულდეს“

მმართველი გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს გმობს და მიიჩნევს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ე.წ. ოდეერებისგან უნდა გაიწმინდოს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი, კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას ურჩევს.

გაფრინდაშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებს.

სანამ, გაფრინდაშვილი საკუთარ პოზიციას გაასაჯაროვებს, მანამდე, მთავრობის ხელმძღვანელი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს „დაძაბულს“ უწოდებს და არჩევნების გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობაზე აქცენტირებს.

პრემიერის თქმით, გიორგი გაფრინდაშვილმა არსებული სიტუაცია უნდა გაითვალისწინოს და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან უნდა მოხსნა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ“, - აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პარლამენტშიც სტუდენტების უფლებების დაცვაზე მიანიშნებენ და ფიქრობენ, რომ „ოდეერების“ განლაგება სხვადასხვა დაწესებულებებში არ უნდა ხდებოდეს.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე საკითხზე საუბისას ყურადღებას სიტყვა -„ოდეერზე“ ამახვილებს და სტუდენტებსა და მედიას ურჩევს, „ოდეერების“ ჟარგონს ნუ გამოიყენებენ.

„ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, რომ ამ ჟარგონს ნუ იყენებენ. ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც „მოქმედი რეზერვის ოფიცერი“, - განუმარტა for.ge-ს კიღურაძემ.

კანონმდებელი სტუდენტების პროტესტის მიზეზსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი თანამშრომელი ჩანერგილი არ უნდა ჰყავდეს.

„უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ასეთი რამე არ არის. თუკი ეს ასეა, მაშინ ირკვევა, რომ ვიღაცამ კანონი დაარღვია. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. ამ პროცესს პარლამენტისგან არავითარი ჩარევა არ სჭირდება, რადგან ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებულია“, - დასძინა კიღურაძემ.

for.ge-სთან საუბარში ზაქარია ქუცნაშვილი კი იმ პოზიციას უჭერს მხარს, რომ ე.წ. ოდეერი არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა იყოს. მისი თქმით, თუკი ასეთი ვინმე არსებობს, მან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა დატოვოს.

„ჩვენ საბჭოური წარსული უნდა დავძლიოთ და თავისუფალი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სადაც როგორც რექტორს, ასევე სტუდენტს მივენდობით. თუკი ნებისმიერ სასწავლებელში ასეთი რაღაც არის შენარჩუნებული, ყველამ სასწავლებელი უნდა დატოვოს, რადგან ეს დაწესებულებები ასეთი კონტროლის ქვეშ არ უნდა იყოს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ პათოსს, for.ge-სთან საუბარში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ქვეყანას ყველა სფეროში, ეს იქნება სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი თუ უნივერსიტეტი, რაღაც ელემენტარული საკითხების გადაწყვეტაზე ამხელა დავიდარაბა და ომის გადატანა უწევს და ყველაფერი მითქმა-მოთქმის საგანი ხდება.

„მე თვითონ უნივერსიტეტელი ვარ და ძალიან გული მწყდება იმაზე, რაც უნივერსიტეტში ხდება. „ოდეერების“ განლაგება სხვადასხვა დაწესებულებებში არ უნდა ხდებოდეს. უნივერსიტეტი ერთ-ერთი წმინდა ადგილი და თავისუფლების კერაა, სადაც „ოდეერებს“ არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. საბჭოთა კავშირის პერიოდი დავასრულეთ და ამ ინსტიტუტის საქმიანობაც უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტი დამოუკიდებელი დაწესებულებაა სადაც გარედან ჩარევა საჭირო არ არის“,- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ. მათი ცნობით, გაფრინდაშვილი უშიშროებიდან იმართება და ის თსუ-ში „ოდეერად“ არის მივლინებული.