„მოვარხერხებთ, რომ გაფრინაშვილი არ მოვიდეს უნივერსიტეტში კანცლერად“

„მოვარხერხებთ, რომ გაფრინაშვილი არ მოვიდეს უნივერსიტეტში კანცლერად“

თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოხსნის თუ არა გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურას. თსუ-ს პროფესორის, გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სენატმა დაამტკიცა გაფრინდაშვილის კანდიდატურა, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება.

რა კავშირი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან და ვინ არის გიორგი გაფრინდაშვილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თსუ-ს პროფესორს, გიორგი ოთხმეზურს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის მოწოდების მიუხედავად, გიორგი გაფრინდაშვილი არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას. რატომ არის სტუდენტებისთვის პრინციპულად მიუღებელი გაფრინდაშვილის კანდიდატურა?

გიორგი ოთხმეზური: იმიტომ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სტუდენტური თვითმმართველობის ზონდერ ჯგუფის წევრი. გაფრინდაშვილი იყო საერთო საუნივერსიტეტო თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელიც არა თუ თანაუგრძნობდა, არამედ ყველანირად მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ თვითმმართველობას. ახლა კანცლერად მოჰყავთ ეს პიროვნება. ჩემი თვალით ვნახე კადრები, როდესაც მასთან მიდიან დასისხლიანებული სტუდენტები და ეუბნებიან, თქვენი თვითმმართველობის წარმომადგენლები გვცემენო და ამაზე პასუხობს, რომ აქ არავინ არ გაულახავთო.

ეს იყო გულგრილობა მისი მხრიდან?

- არა, ეს იყო ზონდერების მხარდაჭერა. როგორ შეიძლება ადამიანმა აღშფოთება არ გამოთქვა ასეთ ფაქტზე, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს დახვდნენ და სცემეს. ამ ფაქტის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი, ავალიანი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს. აი, ასეთი ბიოგრაფიის ადამიანია გიორგი გაფრინდაშვილი. ეს ძალიან დიდი შავი ლაქაა გაფრინაშვილის ცხოვრებაში. მე თუ მკითხავთ, არ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა ადამიანის დანიშვნა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

თავისი ბიუჯეტით უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი დაწესებულებაა, საჭიროა ურთიერთობა პროფესურასთან და სტუდენტებთან. ადამიანს მინიმუმ, 10 წლის მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ თანამდებობაზე აირჩიონ. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.

არ ვიცოდი გაფრინდაშვილის კანცლერის თანაშემწედ დაჯილდოვების შესახებ და ახლა კანცლერად უნდა მოვიდეს. ამ დროს, ლექტორი მისი კანცლერობის წინააღმდეგია, უნდა გაიხლიჩოს უნივერსიტეტი?! ეს როგორ შეიძლება?! ალბათ, გაფრინდაშვილის დამსახურებაა, რომ ისინი, ვინც ურტყამდნენ და ასისხლიანებდნენ სტუდენტებს, მათი ნაწილი ფიზკულტურის ფაკულტეტეზე არიან დასაქმებულნი.

პროფესორებისა და მათ შორის სენატის 11 წევრი მხარს უჭერს გაფრინდაშვილის კანდიდატურას. პროფესორი ნატალია ხარაძე ამბობს, რომ გიორგის წარსული მძიმე ფაქტებით არ არის დატვირთული. როგორ ფიქრობთ, რა ან ვინ დგას ამის უკან?

- ე.ი. ის ქალბატონი არ არის საქმის კურსში, თორემ ნამდვილად არის გაფრინდაშვილი დაკავშირებული რეჟიმთან. სამწუხაროდ, არ მესმის რატომ უჭერენ მხარს გაფრინდაშვილს. უნივერსიტეტის სენატში არის 15 ახალგაზრდა, აქიდან 11 მხარს გაფრინდაშვილს უჭერს, ნამდვილად არ მესმის იმ ახალგაზრდების. რა უნდათ? უნდათ, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცის დიქტატით იცხოვრონ, რომ თუ საწინააღმდეგო აზრის მქონე სტუდენტებს მუშტები ურტყან ცხვირ-პირში? ამის დანერგვა და დაკანონება უნდათ დღესაც უნივერსიტეტში? არ გამოვა.

სახელმწიფო პოლიტიკა იყო ასეთი და აქეზებდნენ ამ ახალგაზრდებს. არავის დასჯას არ ვითხოვ, მაგრამ ასეთი პიროვნება უნივერსიტეტში არ უნდა მოვიდეს. წავიდეს, სადღაც სხვაგან იმუშაოს. დაამტკიცოს, რომ ეს მისი ახალგაზრდობის შეცდომაა და, რომ სახელმწიფო რეპრესიული მანქანის გამო ჩაერთო ამ ზონდერ ჯგუფებში. ჯერ ეს დაამტკიცოს და მერე იყაროს ბატონო კენჭი კანცლერის თანამდებობაზე.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამბობს, რომ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას. როგორ ფიქრობთ, ვისი მხარდაჭერით შეიძლება მოქმედებდეს გაფრინდაშვილი?

- ვისი და „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენილი კადრების, ვინც არიან პროკურატურაში, სასამართლოში, უშიშროებაში და თითქმის ყველგან. ყველა ეს პრობლემები, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ამ ჯგუფიდან მოდის. მათი მიზანია დაიქცეს ეს ქვეყანა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. თუ გიორგი გაფრინდაშვილმა არ გაიტანა თავისი კანდიდატურა, მისი კანდიდატურის გაშავების სხვა გზებიც არსებობს და იმედია, ეს გზები იქნება გამოყენებული. მოვარხერხებთ, რომ გაფრინაშვილი არ მოვიდეს უნივერსიტეტში ასეთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ბატონო გიორგი, რა პროცედურები არსეობს იმისათვის, რომ გაფრინდაშვილის კანდიდატურა არ იქნას განხილული კანცლერის თანამდებობაზე?

- ეს არჩევნები არალეგიტიმურია. მას შემდეგ, რაც საუნივერსიტეტო საბჭოს სხდომაზე გავიდა ერთი კანდიდატურა და მერე მოხსნა თავისი კანდიდატურა, ვსაუბრობ სოსო არჩევაძეზე (ჩემთვის ესეც გაუგებარია რატომ განაცხადა უარი, ძალიან უსუსური მოტივი იყო დასახელებული), მას მერე უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები და არა დარჩენილი ადამიანებიდან ახალი კანდიდატის გამოვლენა, რაც არასწორია. თუ გაფრინდაშვილმა თვითონ არ თქვა უარი, არის მეორე გზა - სენატმა არ დაამტკიცოს. მაგრამ, თუ სენატმა დაამტკიცა, ამის მერე არის კიდევ ერთი გზა - მაშინვე დაიწყოს იმპიჩმენტი. მერწმუნეთ, რომ სენატის შემადგენლობის ერთი მესამედი ნამდვილად მოგროვდება, რომ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ დაწყებული იქნას იმპიჩმენტი.

უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე გავლენა აქვსოდეერის“ ინსტიტუტს? როგორც სტუდენტები აცხადებენ, სწორედოდეერის“ დაკვეთით მოქმედებს გაფრინდაშვილი, რასაც იზიარებს ლადო პაპავა...

- უნდა დასრულდეს ეს ვითარება. არავითარი „ოდეერი“ არ არის საჭირო უნივერსიტეტში. ხელისუფლებას გამოცხდებული აქვს იმ ორგანიზაციის სია, სადაც „ოდეერის“ არსებობა არის საჭირო, იმ ჩამონათვალში უნივერსიტეტი არ არის. ვერ გავიგე, ჩუმად უნდათ მათი წარმომადგენელი ჰყავდეთ უნივერსიტეტში? ბატონი ლადო პაპავას ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც გაიგო ამ „ოდეერის“ არსებობა და გაჩუმდა. მაშინ კატეგორიულად უნდა დაეყენებინა საკითხი „ოდეერის“ უნივერსიტეტიდან გაშვების თაობაზე. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღეს ამ შედეგებს ვიმკით.

თქვენ საუბრობთნაციონალური მოძრაობისინტერესებზე, მაგრამ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მიმართ მათ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ?

- გაიხსენეთ მიხეილ საააკაშვილის სიტყვები, როდესაც ესაუბრება ნიკა გვარამიას, ბავშვიანი ქალი მოკალით, რომ უფრო დიდი აჟიოტაჟი იყოს გამოწვეულიო. აი, ეს ინტერესი აქვთ ზუსტად - აირიოს ვითარება და როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც გამორიცხულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები დროულად იყოს მოგვარებული.

რადგან პროცესში ჩაერთო პრემიერ-მინისტრი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს დონეზე გადაწყდება ეს პრობლემა და შექმნილი ვითარება არ მივა სტუდენტების დაპირისპირებამდე. ძალიან დროული და საჭიროც იყო პრემიერის განცხადება. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გაფრინდაშვილი გონს მოეგება და უარს იტყვის, თუ, რა თქმა უნდა, ზეწოლა არ არის მასზე.